IRI: საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა, დასტურდება ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.
“წინასაარჩევნო კამპანიის გარემო განისაზღვრა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშვიდი და მიზანმიმართული, განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.
თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” შეიძლება, იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის.
სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს სახელმწიფო მოხელეების იძულებას (მასწავლებლების, საჯარო მოხელეების, და სხვა), მხარი დაუჭირონ პარტიას, დაესწრონ მის აქციებს ან ხმა მისცენ “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”; აღინიშნება იმ საჯარო მოხელეების დაშინება, რომლებიც აღიქმებიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად; ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის გამოყენება ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის შეზღუდვის მიზნით.
ამგვარი არაოფიციალური საჩივრები ყველაზე ხშირი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) წევრების მხრიდან. ფიქსირდებოდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შევიწროების ფაქტები, ოფისების წინააღმდეგ განხორცილებული ვანდალიზმის ფაქტები, ცეცხლის გაჩენა, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება და სხვა სადამსჯელო ზომები “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ან/და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული საჩივრები არ იქნა დამტკიცებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან შესაბამისი სასამართლოების მიერ და ისინი არ შეესატყვისება სხვა ოპოზიციური პარტიების ანგარიშების უმეტესობას. თუმცაღა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს კამპანიის მიზნებისათვის და ახდენს საჯარო მოხელეების მიმართ ზეწოლასა და დაშინებას. 25 აგვისტოს მდგომარეობით, 23 ოფიციალური საჩივარი იქნა შეტანილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელშიც საუბარია შემდეგზე: ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება მმართველი პარტიის მხრიდან; საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მმართველი პარტიის მხარდამჭერებით; უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა პარტიის აქტივობებში. – ეს ყველაფერი აკრძალულია საარჩევნო კანონმდებლობით. აღნიშნული პრაქტიკის ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი გახლდათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა – რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქე და ქალაქ ოდესის გუბერნატორია – ენმ-ს სარეკლამო ვიდეოებში.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა შეტანილი საჩივრები 5 საჩივარი წარდგენილ იქნა თბილისის სასამართლოში. ორი საჩივარი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ხოლო სამი – არასამთავრობო ორგანიზაციებმა. უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის (IACFF) დაიწყო შეხვედრები და დღემდე ჩაატარა ოთხი შეხვედრა.
კომისია შეიქმნა 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიებისა და სხვა მონაწილეების დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით, რათა მათ გამოეხატათ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები ამ საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო წარმომადგენლების თანდასწრებით.
ეს შეხვედრები ტარდება იუსტიციის სამინისტროში და ესწრებიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს (მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტტუქტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, და სხვა). სესიებს ასევე რეგულარულად ესწრებიან პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის IRI, NDI, “სამართლიანი არჩევნები”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა.
სესიებს თავმჯდომარეობს იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი და იუსტიციის სამინისტრო კვლავაც რჩება შეხვედრის ადგილად, სადაც პარტიებს შეუძლიათ მისვლა და წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ასევე შესაბამის საარჩევნო ქმედებაზე რეკომენდაციების გაცემა/მიღება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში მოიცავს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს 1 აგვისტოდან – 25 აგვისტომდე და წარადგენს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია გაზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. ანგარიშში შეტანილი დაკვირვების შედეგები შემუშავებულია და დადასტურებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლების მიერ და არ უნდა იქნეს სხვაგვარად ინტერპრეტირებული ხელისუფლების წარმომადგენლების, ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების ან აქტივისტების, და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სუბიექტის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები