ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დასრულდა – რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ ნატოსგან

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი დასრულდა.

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC), რომელიც ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, საქართველოში მეოთხედ იმყოფებოდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს თბილისში ნატოს მხრიდან საქართველოს უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით,
ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის თავმჯდომარის ხელმღვანელობით, შეხვედრები გამართა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.14256394_514262762113245_1877691723_n

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.

საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა,რომ
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის.

მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს,
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს უსაფრთხოების თემაზე შავი ზღვის რეგიონში და ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების გზებზე.

ყოვლისმომცველი პაკეტი 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე შემუშავდა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რომელიც გასულ ივლისს გაიმართა.

“მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის არჩევანს – გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად, ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენ წინაშე, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატოს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს, განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური, რის დასტურადაც ნატო-საქართველოს ორი წარმატებული პროექტი – წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა დაასახელა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.

რაც შეეხება ყველაზე მთავარ კითხვას თუ  როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი ან მიიღოს მიწვევა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალური მდივანი ამბობს,რომ ალიანსი საქართველოს მიღწევებით კმაყოფილია, თუმცა წევრობასთან დაკავშირებით, კონკრეტული ვადების დასახელება არ შეუძლია.

„ზუსტ თარიღებს ვერ დაგისახელებთ, რადგანაც ეს დამოკიდებულია დამსახურებაზე, მიღწეულ შედეგებზე და პროგრესზე საქართველოში. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი ისევე, როგორც აქტიური რეფორმები, ინსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების ჩათვლით, ასევე პროგრესი პრესის თავისუფლების მხრივ და, რასაკვირველია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთა რეფორმა.
ეს კი მნიშვნელოვანია საქართველოს ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ნატოს წევრობისკენ, თუმცა ის თავისთავადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ პროცესის წყალობით საქართველოში იზრდება უსაფრთხოების ხარისხი, ქვეყანა ძლიერდება, მტკიცდება მისი დემოკრატია და იქმნება, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო ბაზა კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
ასე რომ, ჩემი აზრით, უნდა გვახსოვდეს, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი აახლოებს საქართველოს ნატოსთან, მაგრამ ისინი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოსგან დამოუკიდებლად“, -განაცხადა სტოლტენბერგმა პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს მხრიდან გაცემული დაპირებების შესრულების საკითხს ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი – „ ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს“ ,- ასე დაიწყო მან ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარი.

„შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში და ეს პირობა შესრულდა. ამას კი ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. ამით ჩვენ, ორივე მხარეს, საქართველოს და ნატოს, გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ სწორედ საარჩევნო კამპანიის პროცესში, ჩვენ, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები, კიდევ ერთხელ ვამცნობთ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენი სვლა ნატოსკენ არის წარმატებული და ყოველი დღე ჩვენ გვაახლოებს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას, როდესაც ქვეყანა იქნება საბოლოოდ და სამუდამოდ დაცული და ჩვენი უსაფრთხოება იქნება გარანტირებული. და ჩვენ, ამ შეხვედრაზე გვქონდა საშუალება, ჩვენი პოზიციები გამოგვეთქვა ამის თაობაზე. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო არის კმაყოფილი საქართველოში მიმდინარე რეფორმებით. ცხადია, მათაც გვითხრეს და ჩვენც ვიცით, რომ გვაქვს კიდევ მეტია გასაკეთებელი სასამართლოს მიმართულებით, სხვა მიმართულებებით, ამაზეც იყო საუბარი და საბოლო ჯამში, ეს იყო ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი შეხვედრა. კიდევ ვიმეორებ, თავად შეხვედრის დროს ჰქონდა განსაკუთრებული დატვირთვა და მე მოხარული ვარ, რომ ეს პირობა შესრულდა, ისევე, როგორც შესრულდება ბუქარესტის სამიტის დაპირება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა,რომ ის მაღალ შეფასებას აძლევს ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

„თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატოს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად, ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის თემაზე – შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან.
“ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.14249151_514262782113243_1282243991_n

იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ექპერტი ნიკა ჩიტაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ჩიტაძემ “კვირას“ განუცხადა, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით.

“ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა და მართლაც მნიშვნელოვანია ამ საბჭოს წევრების ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით და იმით, რომ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი,რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას,რომ ის ვერ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს თუ როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი, უნდა, რომ ნატოს გენერალური მდივანი არ წყვეტს ამ საკითხს. გადაწყვეტილებები ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ნატოს გენერალური მდივანი კონკრეტულ ვადებს ვერ დაასახელებდა, ამაში ექსტრაორდინალური არაფერი არ არის“, განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისვე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ის,რომ ნატო უფრო აქტიურად ჩაერთვება შავი ზღვის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერებაში.14218517_514262808779907_1058211921_n

„ვიზიტის ფარგლებში არაერთი განცხადება გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, ყველა ვთანხმდებით იმაზე,რომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს გავლენის გაფართოება დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. შემთხვევითი არ არის რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს შემდეგ შედგება თურქეთში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავის ნატოს სამიტზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები