“The Washington Times”: საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია

0

გავლენიანი ამერიკული გამოცემა “The Washington Times” აქვეყნებს Heritage Foundation -ის „ელისონის“ ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორის, ლუკ ქოფეის წერილს სათაურით „საქართველოს მიერ გაცემული პირობა და ამერიკის მიერ ნაკისრი ვალდებულება“.
პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი ცდილობს, გათავისუფლდეს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან, საქართველოზე გამავალი მილსადენების მნიშვნელობა კიდევ უფრო მატულობს.
ლუკ ქოფეი ასევე წერს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს.
“საქართველოს რესპუბლიკა დასავლეთისადმი ერთგული ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. ქვეყანაში დიდი სტუმრიანობაა ამ კვირას. წარჩინებულ პირებს შორის არიან: ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი და ალიანსის ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ელჩობა.
რუსეთიდან მომდინარე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ, ირანში ახლად გამყარებული პოზიციისა და ისლამური ტერორის საშიშროებების კვალობაზე, საქართველოს სტუმრებს ბევრი საკითხი ექნებათ განსახილველი.
საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა მრავალი სამხედრო და ეკონომიკური მიზეზების გამო. ამ ფაქტორებში მოიაზრება ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი რამდენიმე მილსადენიც, რომლებიც ევროპის ბაზრებს ნავთობსა და ბუნებრივ აირს აწვდის. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი ცდილობს გათავისუფლდეს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან, საქართველოზე გამავალი მილსადენების მნიშვნელობა კიდევ უფრო მატულობს.
წინა მთავრობის ძალისხმევაზე ბევრი სხვა მიღწევის დამატებით, ქვეყანა მტკიცედ დგას არჩეულ კურსზე და ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეისადმი, “ქართული ოცნების” კოალიციის მმართველობის პირობებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობენ. ქვეყანამ დემოკრატიული მიღწევები შეინარჩუნა და ახლა ამერიკის ინტერესებშია მდგომარეობა არსებულ რეჟიმში იქონიოს.
რუსეთი ვერ ხარობს ამით. პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველო მართებულად განეკუთვნება მოსკოვის გავლენის სფეროს და განუზომლად დიდ ძალისხმევას იყენებს მის „მოსაქცევად“.
2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალა საქართველოს ტეროტორიაზე შემოიჭრა და დედაქალაქში შესვლას სულ რამდენიმე კილომეტრი დააკლდა. მას კვლავ ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები (ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი), რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ექვსპუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არღვევს.
რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საშიშროების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება დასავლური ორიენტაციისადმი. რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას შეერთებული შტატებისათვის?
საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია. ერთობლივი ოპერაციებისთვის ქართველი სამხედროები ყველაზე საჭირო დროს იგზავნება საერთაშორისო მისიებში. თუნდაც რუსეთიდან სამხედრო დაპირისპირების დროს გარნიზონის სიდიდით საქართველო მეორე ადგილზე იყო ერაყში განთავსებული კოალიციის წევრებს შორის და რაოდენობით მხოლოდ აშშ-ის კონტინგენტს ჩამორჩებოდა. ავღანეთის საშიშ ზონად მოაზრებულ სამხრეთ ნაწილში, ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდში, თითქმის 2000 ჯარისკაცი ჰყავდა საქართველოს განთავსებული. მოსახლეობის რიცხოვნობაზე საერთაშორისო მისიების სულადობრივი თანაფარდობით, კოალიციაში ყველაზე დიდი მონაწილეობა და ყველაზე მეტი მსხვერპლი საქართველოზე მოდის. ავღანეთში კვლავ ჰყავს 860 ჯარისკაცი, რომლებიც კოალიციის საომარი მოქმედებების შემდგომ სამშვიდობო ძალების სამხედრო სწავლებას ატარებენ.
მეზობლებთან შედარებისას საქართველო დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების იდეალად წარმოჩინდება. ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს.
„ჰერითიჯ“ ფონდისა და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ეკონომიკური თავისუფლების გლობალურ ინდექსში 2016 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა 184 ქვეყანას შორის. სულ რაღაც 20 წლის წინ 123-ე ადგილი ეკავა.
საქართველო ამჟამად ევროპის 26 სახელმწიფოს უსწრებს. მათ შორის არიან საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია. ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან კონტრასტი მკვეთრი და თვალისმომჭრელია, რადგან პუტინის რუსეთში დემოკრატიული იდეალები და თავისუფლება დათხოვნილია, კორუფცია ენდემურ ხასიათს ატარებს, ხოლო მომავალი მკრთალი და უფერულია.
საქართველოს დედაქალაქში მდინარისპირა პარკს რონალდ რეიგანის ქანდაკება ამშვენებს. თანამედროვე საქართველოში განხორციელებული რეფორმები დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული თავისუფლების რეიგანისეულ ხედვას ასახავს.
ეს ქანდაკება ქართველებს ახსენებს, რამხელა გზა განვლო ქვეყანამ 25 წლის წინ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. დასავლეთისთვის იგივე ძეგლი იმის შესახსენებლად გამოდგება, რომ ცივი ომი უბრალოდ კი არ დასრულდა,  მასზე გამარჯვება იქნა მოპოვებული.
1991 წლიდან საქართველომ ტკივილის ტალღები გამოიარა? რა თქმა უნდა. თუმცა დემოკრატიული სამყაროს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ის ყოველთვის იღვწის უკეთეს კავშირში გაერთიანებისთვის. თუ საქართველო მოსრიალდება და რუსეთის ორბიტაში აღმოჩნდება, ევროპის ერთა ოჯახში გაერთიანების ნაცვლად, დასავლეთი ამაში ვერავის ვეღარ დაადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველოსადმი 2008 წელს მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და საქართველოს არ გადაახვევინოს წევრობის გზიდან.
ეს პატარა ქვეყანა ვაშინგტონში პოლიტიკის განმსაზღვრელ რომელიმე პირს შეიძლება ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ თავისუფალი და ძლიერი საქართველო ამერიკის ინტერესებშია. თუ შეერთებული შტატები დათმობს ამ ქვეყანას, ის საკუთარ თავსაც ავნებს და მილიონობით თავისუფლების მოყვარე ევროპელსაც.

კომენტარები

კომენტარი