თურქეთის სახმელეთო ოპერაცია სირიაში – რა ელის სირიას და ახლო აღმოსავლეთს?
ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:
“საარტილერო ცეცხლის შემდეგ, რომელიც სირიის ტერიტორიიდან გაიხსნა და თურქეთის დასახლებული პუნქტები დაიბომბა, 24 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა სახმელეთო ოპერაცია სახელწოდებით “ეფრატის ფარი” დაიწყო.
საინტერესოა, რომ ოპერაციის დაწყების შესახებ თურქეთმა რუსეთი საქმის კურსში ჩააყენა. ამ ფაქტის შეფასებას ჩვენ მოგვიანებით შევძლებთ, როცა გაირკვევა თურქეთის საბოლოო მიზნები, ანუ სანამდე წავა თურქეთი და შეექმნება თუ არა მისი არმიის მოქმედებებით საფრთხე სირიის რეჟიმს, კერძოდ ბაშარ ასადს.
როგორც ვიცით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს რეჟიმის შენარჩუნებას ბაშარ ასადის ხელმძღვანელობით, რადგან მისი წასვლით, შესაძლოა რუსეთმა სირია დაკარგოს. რამდენად მნიშვნელოვანია სირია რუსეთისთვის, ჩანს არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებებით, არამედ ჰუმანიტარული ოპერაციების მასშტაბებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ეს იმ პირობებში, როცა კრიზისის ფონზე საკუთარი მოსახლეობა ჰყავს მისახედი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სასწრაფო ვიზიტი თურქეთში, შესაძლოა ისეც შეფასდეს, რომ ამერიკისთვის თურქეთის ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მიღებულ რეალობაში თურქეთის მხარდაჭერა გამოხატა. ეს არ ნიშნავს, რომ ოპერაციის დაწყებას ანკარა არ შეათანხმებდა აშშ-თან და კოალიციის სხვა წევრებთან. ნიშანდობლივია, რომ, როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს აეროპორტში დაბალი რანგის თანამდებობის პირი დახვდა.
ეს მოულოდნელი ოპერაცია არ უნდა მივიჩნიოთ რეჯეპ თაიპ ერდოღანის სპონტანურ გადაწყვეტილებად. მას დასავლურ მედიაში პოლიტიკურ ცხოველს (Political animal) უწოდებენ. ის გამოირჩევა პოლიტიკური ალღოთი, მრავალსვლიანი პოლიტიკური თამაშით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. ამჟამინდელი სახმელეთო ოპერაციაც ერთი დიდი გეგმის, მრავალსვლიანი კომბინაციის ნაწილს ჰგავს.
მრავალსვლიანი თამაშისა და პოლიტიკური მოქნილობის ნაწილია ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო ბოდიშის მოხდა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა.
როგორც ჩვენთან, ასევე დასავლეთში ბევრმა ჯერ არ დაიჯერა ერდოღანის მიერ ბოდიშის მოხდა, შემდეგ კი ეს ფაქტი მის სისუსტედ აღიქვეს. თუმცა უამრავ ავტორიტეტულ გამოცემას თუ ექსპერტს სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდა. როცა საუბარი სახელმწიფო ინტერესებზეა, პირადი სიამაყე გვერდზე უნდა გადადო.
თუმცა, პილოტის დაპატიმრება, რომელმაც რუსული სუ-24 ჩამოაგდო, მგონი გადაჭარბებული ზომაა. როგორც ცხადდება, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება თვითნებურად, ანუ თურქეთის ხელისუფლების სანქციის გარეშე მოხდა. თუ თურქეთის პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების განცხადებებს გავიხსენებთ, არ ჩანდა, რომ რუსული ბომბდამშენის დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ.
სახმელეთო ოპერაციის მთავარ მიზეზად და მიზნად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. თუმცა, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ანკარისთვის მთავარი ამოცანა სირიაში ქურთების მიერ ავტონომიის მოპოვების აღკვეთაა. ქურთების მიერ ევფრატის გადმოლახვის შემდეგ თურქეთს სხვა გზა აღარ ჰქონდა.
სახმელეთო ოპერაცია საკმაოდ წარმატებულად წარიმართა. პირველი კვირის განმავლობაში თურქეთის არმიამ, სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 2500 კვადრატულ კილომეტრამდე დაიკავა, ფაქტობრივრად, დანაკარგების გარეშე. ახლახან კი თურქეთმა გააფართოვა ფრონტის საზღვრები და სირიის ტერიტორიაზე დამატებითი ძალები შეიყვანა. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს წინააღმდეგობასაც არავინ უწევს.
თურქეთის მიზანი გასაგებია: არ დაუშვას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული ავტონომიის შექმნა, რასაც ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ აღიქვამს, ასევე, სირიის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა.
როგორც ჩანს, აღნიშნული მიზნები მიღწევადია. ამერიკამ სირიელ ქურთებს ევფრატის მეორე ნაპირზე დახევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა.
საერთოდ, სირიის პროცესებში ყველაზე მეტად ქურთები ზარალდებიან. დღეს ზუსტად ქურთული საკითხია ახლო აღმოსავლეთის დამშვიდების გასაღები, რაც ალბათ შეუძლებელი იქნება. მათ პროცესში ჩართული ყველა მოთამაშე იყენებს, საბოლოო ჯამში, არც ერთი მათგანი არაა ქურთული სახელმწიფოებრიობის მომხრე.
თურქეთი კი კარგად იყენებს რუსეთთან ურთიერთობის დათბობას, როგორც ევროპასთან, ასევე აშშ-სთან. აშშ-სთან თურქეთს ორი მწვავე საკითხი აქვს: ქურთების მხარდაჭერა და გიულენის გადმოცემა. უკანსაკნელთან დაკავშირებით, ალბათ შეთანხმება ვერ მიიღწევა, ქურთულ საკითხში კი თურქეთმა, როგორც ჩანს, ყველას თანხმობა მიიღო.
თურქეთის სახმელეთო ოპერაციას არც ერთი სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია მწვავე რეაქცია. სირიის მთავრობაც კი მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლა, რომ ესაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნული თურქეთის პრეზიდენტის დიპლომატიური გამრჯვებაა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე იდგა – არშემდგარი პუტჩის შემდეგ არმიის დაშოშმინება. საბრძოლო მოქმედებები კი ყველაზე კარგი საშუალებაა. პუტჩის მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთის არმიაში 321 გენერლიდან 149 გათავისუფლებული იქნა. ასევე გათავისუფლებული და პასუხისგებაში იქნა მიცემული ათასობით ოფიცერი. სიტუაციის დამშვიდების გარდა, საბრძოლო მოქმედებები შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის შემოწმების ყველაზე კარგი საშუალებაა.
გავრცელებული ინფორმაციებით, თურქეთ-სირიის საზღვარი ისლამისტებისგან მთლიანად გაწმინდეს. ყველაფერი უხარვეზოდ და უმსხვერპლოდ მიმდინარეობს, რაც უფრო სწავლებებს ჰგავს, ვიდრე ომს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს წინააღმდეგობასაც არავინ უწევს. თურქეთის არმიის მხარეზე ე.წ. სირიის თავისუფალი არმია იბრძვის.
რა შეფასების გაკეთება შეიძლება არსებული ვითარებიდან გამომდინარე?
ისტორიას არ ჩავუღრმავდები. ყველასათვის ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების, კერძოდ, სირიის, ერაყის, ქუვეითის საზღვრები სულ რაღაც საუკუნის წინ „დაიხატა“ და სახელმწიფოებს შორის უამრავი წინააღმდეგობა, ურთიერთსაპირისპირო ინტერესი დარჩა.
ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების ქვაკუთხედად ქურთული საკითხი დარჩება, რომლის გადაწყვეტა წარმოუდგენელია. ქურთული მოსახლეობა მრავალრიცხოვნადაა წარმოდგენილი თურქეთში (თითქმის 25%), ირანში (8 მლნ-მდე), ერაყში.
ყველაზე ფართო უფლებებით ქურთული მოსახლეობა ერაყში სარგებლობს. ერაყული ქურთისტანი ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც აშშ-ში ცალკეულ შტატებს გააჩნიათ. ერაყელი ქურთების ასეთ ფართო ავტონომიას საფრთხედ აღიქვამს როგორც ირანი, ასევე თურქეთი. ამის მიუხედავად, მათი მიდგომა სირიის საკითხთან განსხვავებულია: ირანი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, თურქეთი კი ასადის დარჩენას მხოლოდ დროებით დაეთანხმა, ისიც რუსეთთან ურთიერთობის დათბობის შემდეგ.
ქურთული თვითგამორკვევის პროცესი არ შეჩერდება, შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში არც დუღილის ტემპერატურა დაიწევს. მიუხედავად ისეთი სახელმწიფოების მხარდაჭერისა, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ეგვიპტე, ერაყი, ლიბანი, სირიის კონფლიქტის მოკლე ვადებში დარეგულირების პერსპექტივა არ მოჩანს. დიდი ალბათობით, სირია იმ ფორმით, როგორც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო, ვეღარ შენარჩუნდება.
სხვათაშორის, სირიის ჩრდილოეთით აშშ-ის და მისი მოკავშირეების საკმაოდ დიდი კონტიგენტია წარმოდგენილი (4-5 ათას სამხედრო მოსამსახურემდე) და თუ მათ შემადგენლობას გადავხედავთ, ისინი ხანგრძლივი დისლოცირებისთვის ემზადებიან.
ბოლო დროს ისევ გააქტიურდა აშშ-რუსეთის დიალოგი სირიასთან დაკავშირებით, როგორც ქერი-ლავროვის, ასევე ობამა-პუტინის დონეზე. შედეგად გარკვეულ საკითხებში შეთანხმებებს მიაღწიეს. ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო სირიის ოპოზიციის დახარისხება და დაყოფა, ასევე საჰაერო იერიშების კოორდინაცია. სხვათაშორის, შემთხვევით თუ სპეციალურად, ჩინეთში G20-ის სამიტზე აშშ-ის და რფ-ის პრეზიდენტებს განსხვავებული დახვედრები მოუწყვეს. ასევე გამოითქმება მოსაზრებები, რომ სიმძიმის ცენტრი G7-დან G20-ისკენ ინაცვლებს.
მიუხედავად ირანის პროტესტისა რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით ჰამადანის საავიაციო ბაზის გამოყენების თაობაზე, რუსული ტუ-22 ტიპის ბომბდამშენები რჩებიან ირანში და აგრძელებენ საავიაციო იერიშებს. მკითხველს განვუმარტავ, რომ რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია ირანიდან მოქმედებები. წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთ კავკასიიდან მოქმედებებისას, ტუ-22, რომლის მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა 24 ტონამდეა, მხოლოდ 2-4 ტონა შეიარაღებით მიფრინავს. ამასთან ერთად საწვავის ეკონომია, ეკიპაჟების გადაღლილობის შემცირება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეაქციის დროის შემცირება გასანადგურებელი მიზნების აღმოჩენიდან იერიშის მიტანამდე.
მოკლედ, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება არ უწერია. როგორ აისახება ეს საქართველოზე? საქართველოსთვის ამ ეტაპზე მომგებიანია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დათბობა. უარესი სცენარი იქნება, თუ მათ შორის ისევ გამწვავდება ურთიერთობა, რადგან გაიზრდება იმის რისკი, რომ მათი დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიაში გადმოინაცვლებს.
რუსეთთან ურთიერთობის დათბობის, ხოლო აშშ-სთან პირიქით, გარკვეული დაძაბულობების გამო, განსაკუთრებით გიულენის საკითხთან დაკავშირებით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ან თურქეთის ნატოში წევრობას, ან აშშ-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. თურქეთი ევროკავშირის წევრობაზეც კი არ ამბობს უარს.
რაც ეხება თურქეთის სახმელეთო ოპერაციას სირიაში, საინტერესოა როგორ მოიქცევა თურქეთი, გააგრძელებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, თუ დაბანაკდება ჩრდილოეთში და დაკავებული იქნება სირია-თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მშვიდად, გართულებების გარეშე ჩავატაროთ არჩევნები, სერიოზულად მივხედოთ შეიარაღებული ძალების (გვაქვს პრობლემები, თან საკმაოდ, დროც ჯერ გვაქვს) და უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, გავაგრძელოთ ეკონომიკის განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და არსებული საგარეო კურსი.
საგარეო სივრცეში საჭიროა მეტი აქტიური დიპლომატია და მეტი მოქნილობა. მეტ მოქნილობას ესაჭიროება შიდა სტაბილურობა და პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საგარეო საფრთხეებზე. ამისათვის მთელი პოლიტიკური სპექტრი პერიოდულად ერთად უნდა იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, უნდა ახერხებდნენ შეთანხმებას, რაც ჯერჯერობით არ ხდება. იმედია არჩევნები და საპარლამენტო ცხოვრების განახლება, ამ პრობლემას გამოასწორებს.”