ნინო სულხანიშვილი: ვერეს ხეობაში დარგული 4 700 ძირი კვიპაროსიდან მხოლოდ 307 გახმა (ვიდეო)

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე დარგული 4 700 ძირიკვიპაროსიდან მხოლოდ 307 გახმა, ხოლო საბოლოო სურათი ოქტომბრის დასასრულს და ნოემბრის დასაწყისში გამოიკვეთება.
როგორც „სითი კვირას“ ნინო სულხანიშვილმა განუმარტა, როდესაც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ლაგოდეხის სანერგედან ჩამოტანილი 4 700 ძირი ხე-მცენარე დარგეს, თავიდანვე იყვნენ მზად იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებულ პირობებთან შეგუება მცენარეებს, მათი ზომიდან გამომდინარე, გაუჭირდებოდათ და მათი ნაწილიგახმებოდა.
მისივე თქმთ, კვიპაროსებს ერთი წლის განმავლობაში გარემოსთან შეგუებისა და ადაპტაციის პერიოდი ექნებათ.
„4 700 მცენარიდან დღეს ამოღებულია მხოლოდ 307. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც 7-8 % არის გამხმარი. დღეს გვაქვს სურათი, რომ 92-93%-მა გაიხარა, საბოლოო სურათი გვექნება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ეს არის აგროვადა. ამის შემდეგ გამხმარ მცენარეებს ჩავანაცვლებთ და გვექნება 100%-იანი გახარება, რის გარანტიაც არის სწორედ ხელშეკრულება. კონტრაქტორ კომპანიას ევალება ყველა გამხმარი მცენარე დამატებითი ანაზღაურების გარეშე ჩაანაცვლოს. თავიდან ამას ჰქონდა ძალიან ცუდი რეზონანსი. დღეს თუ ვინმე გაივლის ვერეს ხეობაში, ნახავს, რომ იქ 90% არის მწვანე და ის მცენარეები, რომლებიც იბრძოდნენ მართლაც სიცოცხლისთვის, ბევრმა მათგანმა გადალახა ეს პროცესი,“-აცხადებს სულხანიშვილი.
იგი, ასევე, გამოეხმაურა კვიპაროსების მიჯრით დარგვასთან დაკავშირებულ კრიტიკას და განმარტა, რომ კვიპაროსები დარგვის სტანდარტი დაცულია, ხოლო ტერიტორიაზე კვიპაროსების დარგვის იდეა ვერეს ხეობის კონცეფციის შესაბამისობაში მოყვანამ განაპირობა.
მისივე ინფორმაციით, კონცეფციის შესაბამისად, ვერეს ხეობა უნდა იყოს მთლიანად რეკრეაციული ზონა, სადაც არის შეუსაბამო მაღალი ინტენსივობის ავტომაგისტრალი, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაკეთდეს მწვანე ბარიერი, ანუ ავტომაგისტრალის გასწვრივ მიჯრით დაირგოს მცენარეები.
“ეს იქნება, ასევე, ხმის ჩამხშობი. რადგან ხეობაში ზოოპარკია განთავსებული, რომელიც ჯერჯერობით ვერ გადადის თბილისის ზღვაზე. ცხოველების ვოლიერები მაგისტრალთან ახლოს გადაიტანეს და მათაც ესაჭიროებათ ეს ბარიერი, განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ინტენსიურია შუქის მოძრაობა და რა თქმა უნდა, ამ კედელს მტვრის დამჭერის ფუნქციაც ექნება”, – აცხადებს ნინო სულხანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები