საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა ხდება

   საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, 2011 წლიდან, სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცე – პრეზიდენტი ტობიას ვოსი იმყოფებოდნენ, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან. 2013 წლის ნოემბერში სამინისტრომ მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბოლოო პასუხი 2018 წელს ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, ა.წ. 27 თებერვალს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საპატიო სტუმარი ქვეყნის ხელშეკრულებაზე ორმხრივი ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება. სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ლიტერატურის თარგმანების 14 გამოცემა გამოვიდა. ითარგმნა 20-მდე ქართველი ავტორი. გასულ წლებთან შედარებით (2011-2012), დაფინანსებული თარგმანების რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს საქართველო პირველად  მონაწილეობდა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რაც  ბრიტანულ ბაზარზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
2014 წელს დაგეგმილია 30-მდე ქართული ლიტერატურული ნაწარმოების უცხო ენებზე თარგმნა და საზღვარგარეთ გამოცემა (მათ შორის კლასიკოსი ქართველი ავტორები). სამინისტროში შემოსული განაცხადების რაოდენობა, 2011-2012 წლებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ მეტია, რაც სამინისტროს მხრიდან თარგმანების დაფინანსების სწორ, თანამიმდევრულ და ჯანსაღ პოლიტიკაზე მიუთითებს. 2014 წლის განმავლობაში, ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება. იანვრიდან სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც უკვე შეუთანხმა როგორც ქართული საგამომცემლო და სალიტერატურო წრეების წარმომადგენლებს, ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას. პროექტი გულისხმობს „ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის ცენტრის/ფონდის/სსიპ-ის“ დაარსებას. ცენტრი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნას, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები