გიორგი ალიბეგაშვილი: გასული მთავრობის პირობებში, არც კი დაესიზმრებოდათ მათ, რომ მერის გვერდით დამსხდარიყვნენ

თანამდებობის პირი პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ერთ-ერთი გამოსდამცველის მისამართით დავით ნარმანიას ნათქვამი სიტყვების შეფასებისას განაცხადა.
ალიბეგაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის მერიაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გარემოსდამცველთა ქმედება პრვოკაციად შეაფასა.
„მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. ეს იყო პროვოკაცია. ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასეა გამოფხიზლებული და გააქტიურებული, მაგრამ ყველაფრის პოლიტიზება ხდება და ეს არის საწყენი“,- განაცხადა ალიბეგაშვილმა და ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში აღნიშნული ფრაზისთვის ნარმანიამ და როგორ მოიქცეოდა თავად, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი პროვოკაციას არ აჰყვებოდა.
„როგორც მერი ჩათვლის საჭიროდ, ისე უნდა მოქცეს. სიმართლე რომ გითხრათ, მე პროვოკაციას არ წამოვეგებოდი, აქედან გამომდინარე, ბოდიშიც მოსახდელი არ მექნებოდა. ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, რომ გასული მთავრობის პირობებში, არც კი დაესიზმრებოდათ მათ, რომ მერის გვერდით დამსხდარიყვნენ და განეხილათ ქალაქის საჭირბოროტო საკითხი“,- აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში, გუშინ, გამწვანების რეგულაციების საკითხზე შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა სიტყვებით – „მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, მაიმუნი ვირიშვილი ეს“.
ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს ყაზბეგის გამზირზე ხეების უკანონოდ მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება, რაზეც თბილისის მერმა უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები