თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით თბილისის საკრებულოს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა, მოაწერეს.
როგორც ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, მემორანდუმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
„დღეს ჩვენ ვაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლის დაფასებას და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მეხსიერება არ დაიკარგოს და მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე – გაიღეს. თბილისის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც ჩვენი გმირების სახელის უკვდავყოფასა და ვეტერანების მხარდაჭერას ემსახურება.
მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი მუშაობა არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას დაუდებს სათავეს.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებულ პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს, რომელთა თავდადებამ საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა დაიცვა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
„თბილისის საკრებულოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ნაყოფიერი გამოცდილება აქვს. მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, მრავალმხრივია და ითვალისწინებს როგორც სახელდების, ასევე სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილებების მიღებას. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა ჩვენი მოვალეობა და პატივია და თბილისის საკრებულო ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად იმუშავებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე და საკრებულოს წევრები, ვეტერანი მეომრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და შესაბამის საკითხებზე კოორდინირებული თანამშრომლობა. მემორანდუმის მიხედვით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით თბილისის საკრებულო, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირი შეთანხმდნენ ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემისთვის წარმოდგენილი ინიციატივების განხილვისა და განხორციელების პროცესში თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის შექმნის და კავშირის საქმიანობის შესახებ ფილმი აჩვენეს.