მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის – განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებას და ამასთან, მზად არის, შავი ზღვის წყალქვეშა პროექტით, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ საქართველოზე გადის – ამის დასტურია როგორც აზერბაიჯანის თურქეთსა და ევროკავშირთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული პროექტები, ისე ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც შავი ზღვის გავლით ევროპას უკავშირდება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსხვილი, რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელოვანი საკითხები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს – საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსებისა და სხვა განახლებადი წყაროების მაქსიმალურ ათვისებას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის.

ათენში სტავროს პაპასტავროუსთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც მინისტრი საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები