მთის კურორტების განვითარების კომპანია: თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს

ეკონომიკის სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შპს უკვე არსებობს და დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა არ მოხდება.
„კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ამ მიზნით დამატებით რესურსს ხარჯავს და ახალ ბიუროკრატიულ ერთეულს ქმნის, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
გვსურს განვმარტოთ, რომ საუბარია შპს-ზე, რომელიც უკვე არსებობს და იქ მუშაობენ მენეჯერები. პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა კურორტ „თეთნულდის“ განვითარების პროცესში მულახის თემის უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება ბატონი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურის დასახელება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი ადგილობრივია და, როგორც მულახის თემის მცხოვრებლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო, თეთნულდის განვითარების პროცესში იღებს არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, არამედ გეგმავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული სპეციფიკა და უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არანაირი დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო „შპს” , რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო „შპს” , რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი ,კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვამნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან,”–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები