მინდია გულუაზე თავდასხმის გამო, საქმე „მკვლელობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე, მინდია გულუაზე თავდასხმის გამო „მკვლელობის მცდელობის“ და „იარაღის უკანონო ტარების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გულუას თავდამსხმელმა ავტომატი ერთხელ ესროლა და შემდეგ ავტომობილით მიიმალა. ამჟამად თავდასხმის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თავდასხმის ადგილას „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი და მაყუჩი აღმოაჩინეს.
მინდია გულუა კრასნოდარში 1994 წლიდან ცხოვრობს, ბოლო ექვსი წელი იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს” პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გულუა მოკლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულუა თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.