დავით ნარმანია საკრებულოში მისასვლელად მზად არის
თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში მისასვლელად მზად არის, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონკრეტულ დღეს არ ასახელებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და, შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში შეხვედრა ამ კვირაში მოხდეს. ნარმანიას თქმით, საკრებულოში შეხვედრამდე შეხვდება ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს.
საკრებულოს 13-მა დეპუტატმა თბილისის მერს განცხადებით მიმართა და დავით ნარმანიას საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარდგენა მოითხოვა. საკითხი კი ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებს უკავშირდება.