მანანა კობახიძე ტერაქტზე: სააკაშვილს პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, მაგრამ შეიძლება მათ წარმოსახვაში ასეთი მზაკვრული გეგმაც დაიბადოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სუს-ის მიერ ტერაქტის მოწყობის მცდელობის აღკვეთის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო დამკვეთი და რა მიზნით ხდებოდა ასეთი მძიმე დანაშაულის ორგანიზება.
როგორც დეპუტატმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას აღნიშნა, რთული წარმოსადგენი არ არის, ამ ტერაქტს რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ძალას წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია აწყობს, ეს “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფებია.
„აქ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოზე ნაკლებად არის საუბარი. თუ ვინმე რამეს ვარაუდობდა, შეიძლება, იმ პოლიტიკურ ძალაზე ვიფიქროთ, რომელსაც უკრაინასთან და კონკრეტულად, მის ერთ-ერთ რეგიონთან აქვს კავშირი. თუ თვალს გადავავლებთ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით იმ სატელეფონო საუბრებს, რომლის ავთენტურობა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმაც დაადასტურეს, ვნახავთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს დესტაბილიზაციის ფონის შექმნის ინტერესი ჰქონდა. სამართლიანი არჩევნები მათ ინტერესში არ შედის და არეულობის შექმნა სურთ.
“ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, მაგრამ შესაძლებელია, მათ წარმოსახვაში ასეთი მზაკვრული გეგმაც დაიბადოს. ეს მხოლოდ ეჭვი და ვარაუდია, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია.გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.
დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი. აქედან ერთი ბრალდებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს, სხვები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. საქალაქო სასამართლომ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები