კალაძე სუს-ს მადლობას უხდის – დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგინდება, თუ ვინ განახორციელა ეს დაკვეთა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სუს-ს ტერაქტის მზადების აღკვეთისთვის მადლობას უხდის.
კალაძის შეფასებით, სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
„მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს, მართლაც, მძიმე ფაქტი აღკვეთა. სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, თუ ვინ განახორციელა ეს დაკვეთა “, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები