პრემიერ-მინისტრი სუს-ს მადლობას უხდის – „ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ საქართველოსი ტერორისტული აქტის აღკვეთის თემის კომენტირებისას განუცხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური, გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას – ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები