საპარლამენტო არჩევნებში „ცენტრისტები“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს  –  პასუხი რუსულ პროპაგანდას

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში    „ცენტრისტები“ მოექცა. ამის მიზეზი   ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თემურ ხაჩიშვილის პარტიის მიერ მომზადებული   სკანდალური   წინასაარჩევნო ვიდეორგოლი გახდა. ვიდეორგოლმა,  რომელშიც  პარტია  მოსახლეობას რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და რუსულ პენსიებს ჰპირდება, ერთსულოვანი კრიტიკა დაიმსახურა.

არასამთავრობოების, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ “ცენტრისტების“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლში   გამოკვეთილია ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები.14011954_505322303007291_1134464736_n
 
არასამთავრობო ორგანიზაციამ  “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით   საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი წინასაარჩევნო დაპირების გაცემა ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, თუმცა  თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც “სამართლიანმა არჩევნებმა“ სამართლებრივი დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევისთვის პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ დაჯარიმებას ითხოვს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტია „ცენტრისტების“  რეკლამა საეთერო ბადიდან ამოიღო.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. დამატებით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება,” – აცხადებდნენ  საზოგადოებრივ მაუწყებელში.

პოლიტიკური პარტიაცენტრისტებისთვისპოლიტიკური საქმიანობის  გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ.

“პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.14018044_505323156340539_164267217_n
ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები“, -განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ   საქართველოს მთავრობა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან.

„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, და აღვნიშნო:

1. დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა.

2. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება.

3. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“,- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ცენტრისტებისვიდეორგოლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს  „რესპუბლიკური პარტია“.

„მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის  ნორმას, ასევე „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს. მიგვაჩნია, რომ ამ პარტიის დაპირება არის კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში“, — აღნიშნულია „რესპუბლიკელების“ განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატების “ თავმჯდომარის მოადგილის, ნინო გოგუაძის თქმით, ისინი ყველა სარჩელს მხარს დაუჭერენ.

“ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიები უნდა გაუქმდეს. ამიტომ ჩვენ არ შევალთ შეჯიბრში სარჩელების მომზადების კუთხით, არამედ ყველა სარჩელს დავუჭერთ მხარს, უბრალოდ გავეცნობით მის შინაარსს,”-  აღნიშნა გოგუაძემ.     

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღონაციონალურმა მოძრაობამაც“.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.
“ნაციონალურმა მოძრაობამ “ არსებული ხელისუფლება და იმჟამინდელი პროკურორი არჩილ კბილაშვილი,  თავის დროზე ლადო ბედუკაძის გათავისუფლებისთვის  და  სახელმწიფო დაცვის დანიშვნისთვის გააკრიტიკა.

თავად ბედუკაძე უარყოფს ბრალდებას და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ  მათი ვიდეორგოლი ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს.

დღეს ცნობილი გახდა,რომ ლადო ბედუკაძეს  სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.  შესაბამისი ცნობა ბედუკაძემ პროკურატურისგან უკვე მიიღო. ციხის სკანდალური კადრების ავტორისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო საგამოძიებო უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება.
პარტია „ცენტრისტები“ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა დააფუძნა, თუმცა საჯარო რეესტრის მიერ 15 აგვისტოს  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,“ცენტრისტებს”, რომლებიც 2002 წელს არიან დაფუძნებული, 2006 წლის შემდეგ არ ჰყავთ ოფიციალურად დარეგისტრირებული წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი.

რეესტრი აცხადებს, რომ თემურ ხაჩიშვილმა რეესტრში წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იგი რიგგარეშე ყრილობამ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა, რეესტრის განმარტებით, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს. ამიტომ რეესტრმა არ დააკმაყოფილა ხაჩიშვილის მოთხოვნა.

სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია  დაედო საფუძვლად, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც  ცესკომ პარტიაცენტრისტებირეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამის განკარგულებას  ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს  მოაწერა ხელი. როგორც ჟვანიამ განაცხადა, ცესკოსთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ “ცენტრისტებს” არ ჰყავთ უფლებამოსილი პირი, პარტიის თავმჯდომარის სახით.
„დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ აქვს იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება აქვს ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“, – განაცხადა  თამარ ჟვანიამ.
ამასთან, თამარ ჟვანია გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს საჯარო რეესტრს, რადგან ეს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს.14030853_505323609673827_1374969657_n

თუმცასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსაღმასრულებელი მდივანი ეკა გიგაური პარტიაცენტრისტებისსაარჩევნო რეგისტრაციაში გატარების გამო პასუხისმგებლობას ცესკოს აკისრებს და აცხადებს,რომ ცესკოს ინფორმაცია  უნდა გადაემოწმებინა, ვიდრე პარტიას რეგისტრაციაში გაატარებდა.

ცესკოს აკრიტიკებს პოლიტიკური მოძრაობა სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველოს“  თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

“ცესკოს განცხადება ძალიან სუსტია, პირდაპირ ვთქვათ, რომ მათ ასე ვთქვათ არ ევალებოდათ გადამოწმება. 113-ე მუხლის მეათე პუნქტით მათ აქვთ ვალდებულება გადაამოწმონ წარმოდგენილი საბუთების და დოკუმენტაციის სისწორე და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საჭიროებს დეტალურ შესწავლას,”  – განაცხადა    ვაშაძემ.

მიუხედავად   ცესკოს გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც “ცენტრისტებს“  არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნება“ მაინც აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და “ცენტრისტებისთვის“ საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნას. 

დეპუტატ გია ვოლსკის  თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია გამოჩენილიყო ასპარეზზე უცნაური კონგლომერატი და გაეკეთებინა ასეთი განცხადებები, შეერყია სრულიად მედიასივრცე და გაელაშქრათ კონსტიტუციაზე.
„უამრავი განცხადებები, ბრალდებები, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები მოვისმინეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არღვევს ყოველგვარ კანონს და რეგლამენტს დარეგისტრირების და უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან. ასე პრიმიტიულად შეძლო თავისი დღის წესრიგი განეხორციელებინა ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში არ წარმოადგენს არაფერს. მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი, რომ მერე ადვილად დაენგრიათ და ამით უნდათ დივიდენდების მოპოვება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცესკოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ვლადიმერ ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.

ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს,რომ  ცესკომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. ბედუკაძე და ხაჩიშვილი გეგმავენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობით 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა რომელ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდებიან ისინი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები