„რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში”

საქართველოში რუსული იდეოლოგიის მოძლიერების თემა კვლავ აქტუალური გახდა. ქვეყანაში რუსული იდეოლოგიისა და რუსული „მეხუთე კოლონის“ მოძლიერებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია. აღნიშნულ თემებზე ჩატარდა არაერთი კვლევა ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. შევეხებით ზოგიერთ მათგანს.
რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში“, – ასე ჰქვია “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” მიერ მომზადებულ ანგარიშს.
პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა რუსეთის ხელთ არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სხვა სახის ბერკეტები, რითაც მას შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთისთვის „რბილი ძალა”, საჭირო იდეოლოგიური და პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად, ერთ-ერთი აქტიური იარაღია, რასაც კრემლი დაუფარავად და ძალზე ინტენსიურად იყენებს. რუსეთმა სახელმწიფო დონეზე მოახდინა “რბილი ძალის” ინდუსტრიალიზაცია, რითაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მისი გამოყენება სრულიად ფორმალიზებული გახდა.
რუსული “რბილი ძალის” პოლიტიკის ძირითადი წყარო სწორედ პროპაგანდისტული, აგრესიული, ანტიდასავლური საინფორმაციო კამპანიაა.
კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, რომ კრემლს საშუალება არ მიეცეს, ჩვენს ტერიტორიაზე ჰქონდეს ომის პროპაგანდის, ეროვნულ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების, ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოების საშუალება. ანგარიშის მიხედვით, კომპლექსურ რისკებს კომპლექსური პასუხები სჭირდება. იგულისხმება რუსულ “რბილ ძალაზე” ჩვენი რეაქცია, ანუ საქართველოში რუსულ პროპაგანდაზე, საქართველოში რუსულენოვან მედიაზე, ქართულ მედიაში რუსულ პროპაგანდაზე, რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ქართველ პარტნიორებზე, საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ანტიდასავლურ ნარატივებსა და პოლიტიკურ მითებზე, ასევე, საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში რუსული ინტერესების გატარების მცდელობებზე ჩვენი რეაქცია.
კვლევის მიხედვით, რუსული “რბილი ძალის” ფარგლებში საქართველოში აქტიურად საქმიანობენ: გორჩაკოვის ფონდი, “რუსული სამყარო”, “რუსული სამყარო საქართველოში”, “ლევ გუმილევის ცენტრი,” “როსსოტრუდნიჩესტვო” და “მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია”. ყველა ეს ორგანიზაცია ღიად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას.
ამ ორგანიზაციებისა და მათი ქართველი პარტნიორების საქმიანობა იმით გამოირჩევა, რომ მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ, ამ საკითხის გაუმჭვირვალობა კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს. ამიტომ ძნელი დასადგენია, სავარაუდოდ, რა თანხებს ხარჯავს რუსეთი საქართველოში “რბილი ძალის” პოლიტიკის გასატარებლად.
რუსული “რბილი ძალის” გავლენის ქვეშ მყოფი მედია საქართველოში აქტიურად ეწევა იმის პროპაგანდას, რომ ევროკავშირი ცუდია, რომ კონფლიქტების მოგვარება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებითაა შესაძლებელი.
ასე რომ, საქართველოში რუსული “რბილი ძალის” გააქტიურება საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს.
კვლევის ავტორთა აზრით, ყოვლად დაუშვებელია, ქვეყანაში არსებობდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების წყაროები და წევრთა სია პრაქტიკულად უცნობია.
ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ დოკუმენტზე: საერთაშორისო კვლევა “რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ”. აღნიშნული კვლევა ჯერ კიდევ 2009 წელს განხორციელდა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წამყვანი კვლევითი ცენტრების ექსპერტებმა – გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი (ლიტვა), თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია (მოლდოვა), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო). (კვლევა განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (ლატვია) ინიციატივით. საქართველოში კვლევა განხორციელდაგეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის” მიერ. კვლევა განხორციელდა ფონდღია საზოგადოებასაქართველოსდა ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ონდის NED) მხარდაჭერით).
პროექტის მიზანი იყო რუსული საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულებისა და ე.წ. რბილი ძალის – Soft Power -ის მოქმედების მექნიზმების შესწავლა.
კვლევის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კულტურა, განათლება, მეცნიერება, საზღვარგარეთ თანამემამულეთა ინტერესების დაცვა, საკონსულო ურთიერთობები და მედია წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებს.
ამ საშუალებებს ოფიციალური მოსკოვი მუდმივად იყენებს მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენის გასაძლიერებლად. “თანამემამულეთა ინტერესების დაცვა” სწორედ ის მოტივია, რითაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი შეირაღებული ძალები შემოიყვანა. რაც შეეხება “რბილი ძალის” რუსულ კონცეფციას, ის განსხვავდება Soft Power-ის ტრდიციული ინტერპრეტაციისაგან. ეს არის ის ინსტრუმენტი, რითაც კრემლი საკუთარი საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახდენს. დასავლური და რუსული “რბილი ძალის” (Soft Power) სხვაობა, უპირველეს ყოვლისა, არის ჭიდილი დასავლურ ღირებულებებსა და “ველიკორუსულ ფასეულობებს” შორის.
ე.წ. რბილი ძალის (Soft Power) იმპლემენტაცია ხდება ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით. რუსეთის ფედერაციის საელჩოები და ფონდი „რუსსკი მირ“ პირდაპირ იყენებენ რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს უცხო ქვეყნებში ასეთი პროექტების დასაფინანსებლად. მსგავსი ჰუმანიტარული აქტივობები სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება პრორუსული ორგანიზაციების მიერ და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების საინფორმაციო მხარდაჭერით.
რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და უცხო ქვეყნებში არსებული პრორუსული ორგანიზაციები გამოიყენება სეპარატისტული ტენდენციების მხარდასაჭერად (საქართველო, მოლდოვა), ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად (უკრაინა, ლატვია) და ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმპლიმენტაციის „მოკავშირეთა ჯგუფების“ ინტერესების მხარდაჭერას.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტების კვლევამ და მათი იმპლიმენტაციის კონკრეტული მაგალითების შესწავლამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რუსეთის ამბიციები ზესახელმწიფოებრიობაზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში რეგიონული ლიდერის სტატუსის მოპოვება რუსეთისათვის საკუთარი ამბიციების განხორციელების პირველი ნაბიჯია. ამ მიზანს ემსახურება როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტები, ასევე ის ინსტრუმენტები, რომლითაც მოსკოვი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებს „ახლო საზღვარგარეთზე“, როგორც საკუთარი ზეგავლენისა და განსაკუთრებული ინტერესების სფეროზე. თავის უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობებში რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებული ზეწოლის მექანიზმების ფართო სპექტრს – დაწყებული ეკონომიკური სანქციებით (უკრაინა), დამთავრებული სამხედრო ძალის გამოყენებით (საქართველო).
მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს   ე.წ. რბილი ძალას (Soft Power) ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმთან ერთად კომბინაციაში. Soft Power-ის მეშვეობით მოსკოვი ცდილობს, ხელი შეუწყოს პრორუსულად განწყობილ ჯგუფებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები. საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად კრემლს მომზადებული აქვს „მორალური და სამართლებრივი არგუმენტების“ მთელი ნუსხა, რომელსაც იგი ადგილებზე პრორუსული აქტივობების გასაძლიერებლად და მეზობელ ქვეყნებში სასურველი შიდა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად იყენებს.
ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ კვლევაზე – „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ (კვლევა მომზადებულია საზოგადოებრივი პროექტის damoukidebloba.com ფარგლებში 2015 წელს). კვლევის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგი სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითაც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს. კვლევის ავტორთა აზრით, გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემაში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრორუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს.
აღნიშნულ კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან. აღნიშნული ორგანიზაციებიდან არცერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები, თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს კვლევაში მითითებული ქართული ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი.
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ რუსულ ორგანიზაციებს, რომლებიც პრაქტიკულ გავლენას ახდენენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი “ევრაზიული კავშირისა” და რუსეთის აგრესიული, ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია „საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობას“ და მის პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში. კვლევის მიხედვით, საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. კვლევაში მიმოხილულია „ევრაზიის ინსტიტუტი“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები  („ევრაზიის ინსტიტუტი“ საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა). კვლევაში მითითებულია „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ქართული გამოცემები და ორგანიზაციები. თითოეულის ბანერი „ევრაზიის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე სწორედ „პარტნიორების“ განყოფილებაშია განთავსებული.
აღნიშნულ კვლევაში ყურადღება არის გამახვილებული რუსული ორგანიზაცია Rex-სა და მის პარტნიორებზე საქართველოში. Rex-ის რედაქტორია მოდესტ კოლეროვი, რომელიც პარალელურად 2002 წლიდან არის საინფორმაციო სააგენტოს  Regnum.ru-ს დამფუძნებელი და რედაქტორი. კოლეროვი ცნობილია, როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. კოლეროვი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონული და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა ფერადი რევოლუციების აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქციები 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით.
ქართული ორგანიზაციების ერთ-ერთი პარტნიორია რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრი“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს. „გუმილევის“ ცენტრის ხელმძღვანელი პაველ ზარიფუნილია, რომელიც რუსეთში „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ (რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრ დუგინია) სამდივნოს ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. კიდევ ერთი ორგანიზაციის შესახებ აღვნიშნავთ – „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“. მისი დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება 2010 წლის  ოქტომბერში, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მიიღეს, რის შემდეგაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარეგისტრირა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კრილოვია. მან დისერტაცია დაიცვა თემაზე: „აფხაზეთის რელიგია და ტრადიციები“. ორგანიზაციას წარმომადგენლები ჰყავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ქართული ორგანიზაციების მცირე ნაწილს  გასაჯაროებული აქვს დაფინანსების წყაროები, თუმცა კვლევის ავტორებს გააჩნიათ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების მიერ რუსული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ. მათი ინფორმაციით, 2015 წლის 5 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ კონფედენციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად, 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე, 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, სადღეისოდ საქართველოში აქტიურად მოქმედებს რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი მინიმუმ 8 საზოგადოებრივი და კვლევითი ორგანიზაცია, რამდენიმე გაზეთი და ინტერნეტპორტალი. მათი ფუნქციონირება დიდი ალბათობით უწყვეტი დაფინანსების ხარჯზე ხდება. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს დაფინანსება რუსეთიდან მოდის. თუმცა, კვლევის ავტორთა აზრით, ეს ორგანიზაციები დიდად არც მალავენ დაფინანსების წყაროებსა და პარტნიორებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია აქტიურ საინფორმაციო, სამეცნიერო კვლევით და საზოგადოებრივ აქტივობას ეწევიან, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია რუსეთის ანალოგიურ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტებს.
კვლევების მიხედვით ამ ეტაპზე რუსეთის ამოცანა-მინიმუმია, ქართულ საზოგადოებაში ისეთი საინფორმაციო და მენტალური მეინსტრიმის შექმნა, რომელიც რუსეთისაგან, შეძლებისდაგვარად, მოხსნიდა მტრის ხატის იმიჯს, სამაგიეროდ, გააძლიერებდა სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ. ამოცანა-მინიმუმში შედის საქართველოში პრორუსულად განწყობილი ჯგუფების ცნობადობის გაზრდა და პოზიციონირება. საზოგადოებისათვის ცნობილი პირების, ან მედიასაშუალებების. ზოგჯერ მიზანმიმართულად, ზოგჯერ ემოციურად გაკეთებული ანტიდასავლური პათოსით გამსჭვალული განცხადებები და პუბლიკაცია თავიანთ ნეგატიურ კვალს ტოვებენ საზოგადოების ცნობიერებაში მოახლოებული არჩევნების კვალობაზე საქართველოში პრორუსული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მთავარი სამიზნეა პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციები.

თამარ ასათიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები