როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად
სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
სალუქვაძე გამოთქვამს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ.
სალუქვაძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებულ ძალებს უნდა მიექცეს შესაბამისი ყურადღება, გაძლიერდეს სპეცსამსახურების საქმიანობა, განსაკუთრებით კი, გარე ფაქტორების მიმართულებით.
„ბევრი მოსაზრებაა პუტინ-ერდოღანის მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. ზოგი საუბრობს, რომ მოილაპარაკებენ და ჩვენ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.
არ ვიცი, რას გულისხმობთ მოლაპარაკებებში, მაგრამ არც საქართველო, არც ყარსის ხელშეკრულება, არც ყირიმი ოფიციალურად უმაღლეს დონეზე განხილული არ იქნება. შესაძლოა – გაკვრით, არაფორმალური საუბრებისას. არც ერთს და არც მეორეს საქართველოს თემაზე საუბარი არ სურთ.
განხილული იქნება სამი მთავარი საკითხი: ორმხრივი ურთიერთობები და ყარაბაღის საკითხი. ორმხრივი უერთიერთობები ისე მარტივად არ განვითარდება, როგორც ბევრი ხატავს. რუსეთი ბოდიშთან ერთად მატერიალურ კომპენსაციას ითხოვს.
განხილული იქნება ატომური სადგურის მშენებლობა, თურქეთის ნაკადის საკითხის განახლება, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. განხილული იქნება სავიზო რეჟიმის გაუქმება თურქეთის მოქალაქეებისთვის. „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთს სავიზო რეჟიმი დაუწესა. რუსეთის მოქალაქეებისთვის თურქეთში უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ყარაბაღის საკითხში საგრძნობ პროგრესს არ ველოდები. სირიის საკითხში შესაძლოა, ურთიერთქმედების კუთხით მეტ პროგრესს მიაღწიონ.
რა თქმა უნდა, განხილული იქნება რეგიონული პრობლემები, მათ შორის კავკასიის პრობლემატიკა.
საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთი არ თვლის, რომ ვინმეს უნდა მოელაპარაკოს.
რაც შეეხება თურქეთის საგარეო პრიორიტეტებს. ევროპასთან თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება. ნატოს წევრობას და აშშ-სთან თანამშრომლობას, ამ თემებს საფრთხე არ ემუქრება. გიულენი გააქცია აშშ-მ და პრობლემაც მოიშორა.
ჩვენ რა ვქნათ?
ჩვენ რუსეთის პროგრამაში გაისად ვიქნებით. ვ. პუტინის დღევანდელი ორი განკარგულება: 1. ყირიმის ოლქი გააუქმა და, როგორც რესპუბლიკა, სამხრეთ ფედერალურ ოლქში შეიყვანა. 2. კარასინს სამსახურის ვადა 1 წლით გაუგრძელა. გუშინ გამოვაქვეყნე შოიგუს გამოსვლა კოლეგიაზე, რომელშიც სამხრეთ სამხედრო ოლქის გაძლიერებაზე საუბრობს და ა. შ. უამრავი წვრილმანი ინდიკატორი არსებობს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის აქტიურობის ტენდენციები შენარჩუნდება.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ჯარს მივხედოთ, რომელიც 2008 წლის შემდეგ (მანამდელს აღარ ვეხები) არავის სჭირდება. გაჭრილად ხომ არ დავწერ ყველაფერს? დიპლომატიის მიმართულებით ვაკეთოთ, რასაც შევძლებთ, გავაძლიეროთ სპეცსამსახურების საქმიანობა, განსაკუთრებით გარე ფაქტორების მიმართულებით, პარალელურად კი შეიარაღებულ ძალებს მივაქციოთ ყურადღება, განა არჩევნების შემდეგ, არც ხვალიდან, დღეიდანვე, რადგან იმდენი პრობლემაა, რომ ყოველი სამუშაო საათი არის ძვირფასი“,- წერს ამირან სალუქვაძე.