ქართული პოლიტიკა ხელს ვერ უწყობს მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნას
თანამედროვე პოლიტიკურ ეპოქაში, ქვეყანა დგას მძლავრი სახელმწიფო სისტემის, ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და ახალი მმართველობითი ენერგიის საჭიროების წინაშე.
უზარმაზარი საზოგადოებების გარემოცვაში (როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, რუსეთი, თურქეთი), ქართული საზოგადოება მცირდება. ახალი და მძლავრი საზოგადოების ფორმირება მხოლოდ პოლიტიკური პიარის ნაწილია. მმართველობაში ჩართულობა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კი თეორიული კონსტრუქციაა. ქართული პოლიტიკა პრაქტიკულად ხელს ვერ უწყობს საზოგადოების ძლიერებას, აქტივობის ზრდას, შესაძლებლობებისა და პოტენციალის ათვისებას. ერი განიცდის მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნის საჭიროებას.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების სისტემის „ენტროპია“ ვერ ხორციელდება არსებული პოლიტიკური რესურსის ხარჯზე. მათი სოციალური და ეთიკური ღუზა ძველ პოლიტიკურ პლატფორმაზეა მორგებული. ამასთან, ქვეყანაში შეუძლებელია ძველი პოლიტიკური სისტემისადმი, საზოგადოების ნდობის რეგენერაცია.
კვლევები ადასტურებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებს, ახდენენ შიდა შოკებისა და პოლიტიკური რყევების ლოკალიზებას, ინარჩუნებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გამოირჩევა:
- ძლიერი და ეფექტიანად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტებით ;
- მეზობელ ქვეყნებთან „დიპლომატიური ურთიერთობით“;
- ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევითა და წვდომით; წესების, კანონებისა და სხვათა უფლებების დაცვით;
- დაბალი დონის კორუფციით;
- ჯანსაღი ბიზნეს გარემოთი და შიდა (სამამულო) ინვესტიციების მიმზიდველობით;
- მაღალი დონის ადამიანური კაპიტალით;
- სახელმწიფო მმართველობაში მეცნიერ-მკვლევართა რესურსით;
- საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის „ხმის” გათვალისწინების პროცესის დამკვიდრებით;
ქვეყანაში ერთგვარ პრაქტიკად იქცა საზოგადობისათვის საკითხის წარდგენა და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებისაგან იდეების, რეკომენდაციებისა თუ შეფასების მოთხოვნა (სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისმიერ). ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ როდესაც საზოგადოებას წარედგინება კონკრეტული საკითხი, ცვლილების პროცესი თუ ფორმირებული პროგრამა, ძირითად შემთხვევაში, არ არის კონკრეტულად გაწერილი, არგუმენტებით დასაბუთებული, მეცნიერულად გაანალიზებული და შეფასებული. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობის შედეგი დაბალია. წესით, ნებისმიერმა ორგანომ/ჯგუფმა, კომპლექსური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უნდა წარადგინოს საკითხი, წინასწარ შეაფასოს და გაზომოს მოსალოდნელი შედეგი (რაოდენობრივ თუ ხარისხობრივ მაჩვენებლებში), მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთოს მის მიერ წარმოდგენილი მოცემულობა, ხოლო შემდეგ მოითხოვოს საზოგადოების შეფასება.
ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება, ბიზნესი და პოლიტიკა:
- ერთ ხმაში საუბრობს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემებსა და გამოწვევებზე (წესით ხელისუფლება უნდა საუბრობდეს პრობლემების გადაჭრის ეფექტიან მექანიზმებსა და პრობლემების შემცირების გეგმებზე);
- ერთ ხმაში განიხილავს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს (აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ერთმნიშვნელოვანია, ხოლო პოლიტიკურ სივრცეში, აღნიშნული მოცემულობით სპეკულაციები მხოლოდ „წყალს ამღვრევს“);
- ერთ ხმაში განიხილავენ მეცნიერ-ტექნიკური პროგრესის უპირატესობასა და მეცნიერების განსაკუთრებულ როლს (ამასთან მთავრობამ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების რესურსის ათვისების ნაცვლად, თვითონ დაიწყეს მეცნიერ-მკვლევარებად გადაქცევა);
- ერთ ხმაში ისწრაფვიანქვეყანაში ევროპული ტიპის ეკონომიკის შექმნისაკენ (რეალურად ევროპული ტიპის ეკონომიკის შექმნის მექანიზმები კვლავ მოძველებული, ხოლო გეგმები არადამაჯერებელია);
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსეობს ერთიანი თანხმობა: საპარლამენტო არჩევნებში არსებულ ძველ პოლიტიკაზე, სახელმწიფო მართვის სადავეების ფლობაზე, ხელისუფლების მიერ საკადრო პოლიტიკის წარმოებაზე, მმართველობითი გადაწყვეტილებების შედეგებზე, ქვეყნის განვითარების სტრატეგიების ეფექტიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტი იწონებს ძველ პოლიტიკას, ეთანხმება ვადაგასულ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, აგიტაცია-პროპაგანდით ცდილობს რესურსამოწურული პოლიტიკის პოზიციონირებას, იგნორირებას უკეთებს საზოგადოებისა და ბიზნესის სურვილებს (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების პოლიტიზაციასა და მართვაში ჩართულობას), საზოგადოებრივ აზრს ყურადღებას აქცევს რეზონანსულობის მიხედვით.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემების ცოდნის, გამოწვევების შეფასების, საფრთხეების ანალიზის, კვლევისა და ძიების პრობლემები. ფაქტობრივად, ქვეყანაში იგეგმება საკითხება, ხორციელდება პროგრამები, იწერება სტრატეგიები რომლის შესახებ კომპლექსური კვლევა არ ტარდება. შესაბამისასდ, სრული სურათი ნათელი არაა არც მთავრობისათვის და არც საზოგადოებისათვის (მაგალითად, ინტერნეტბიზნესი, ინტერნეტბაზარი, ინტერნეტეკონომიკა).
ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში ერთგვარ დამკვიდრებულ ნორმად იქცა უცხოელების მიერ სტრატეგიული საკითხების აქცეპტირება/მოგვარება, პრობლემის გადაჭრა უცხოური რესურსით, კანონის შექმნა რომელიმე უცხოური ქვეყნის მაგალითზე, საარჩევნო კამპანიის წარმართვა უცხოელი პოლიტიკოსების მხარდამჭერი ფრაზებით, პოლიტიკური ძალაუფლების ფორმირება საგარეო კავშირებით. ერთადერთი არჩევნების მოგების პრობლემა ვერ გადაიჭრა უცხოური რესურსით, რადგან საბოლოო სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის.
ფაქტობრივად, ქვეყანაში მუდმივად საუბარია გამოწვევებსა და საფრთხეებზე, სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავებაზე, განვითარებასა და წინსვლაზე. პრაქტიკულად კი მსჯელობის დიდი ნაწილი ზოგადი, ბუნდოვანი, უცხოელების ხელით საკეთებელი და გრძელვადიანი პერსპექტივისაა.
ჯამში, ზემოაღნიშნული გამოწვევების მიზეზები მდგომარეობს არსებულ საკადრო რესურსში, მათ სტრატეგიულ უნარ-ჩვევებში, მეცნიერული კვლევის მეთოდების ცოდნაში, შეუსრულებელი სამუშაოების სამართლებრივ პასუხისმგებლობის სიმკაცრეში, ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მიდგომებში.
სტატიის დასასრულს ვადასტურებთ, რომ რეკომენდაცია მხოლოდ ერთია: ადამიანური რესურსი წყვეტს ყველაფერს. ადამიანური რესურსი, რომელთაც შეუძლიათ:
- სტრატეგიული აზროვნება და სახელმწიფოებრივი აქტივობა;
- სახელმწიფო რესურსებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანი გამოყენება;
- გლობალური პოლიტიკური აქტივობა და გლობალური სახიფათო აისბერგების თავიდან აცილება;
- საზოგადოების კოორდინაცია, დაგეგმვა და ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება;
- კვლევით არგუმენტირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
- პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა და რევოლუციური რეფორმების თამამად გატარება.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე