ანდრია გოცირიძე: საქართველოში კიბერრეზერვის ესტონური მოდელი ქართული მოდიფიცირებით უნდა დაინერგოს

განვითარებული ტექნოლოგიების თანამედროვე მსოფლიოში, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, გაჩნდა უამრავი საფრთხე, რომელთანაც გამკლავება არც თუ ისე იოლია. კიბერდანაშაული მსოფლიოს თითოეული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემაზე იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ვარშავაში ნატოს სამიტზე, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კიბერსივრცე ოფიციალურად გაუთანაბრდა საბრძოლო მოქმედებათა არეალს და მიიღო სამხედრო მოქმედებების წარმოების სივრცის სტატუსი. სამიტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში განხორციელდება როგორც სამხედრო დაგეგმარება და მომზადება, ისე შესაბამისი ძალების და რესურსების გენერირება, რომელიც შეუძლებელს გახდის წევრ ქვეყნებზე და, მთლიანად, ორგანიზაციაზე მასშტაბური კიბერშეტევების განხორციელებას. როგორ აისახება ნატოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები საქართველოზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობის დეტალებზე „კიბერ კვირა“ თავდაცვის სამინისტროს არსებული კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს ანდრია გოცირიძეს ესაუბრა.   

„ვარშავის სამიტზე ნატოს ქვეყნების მიერ კიბერსივრცე აღიარებული იქნა საოპერაციო არეალად, რაც იმას გულისხმობს, რომ კიბერსივრცეში შეტევა, თავდასხმა აღიქმება ზუსტად ისეთივე თავდასხმად და საომარ აქტად, როგორც ეს არის ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრების დარღვევა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის კიბერშესაძლებლობების განვითარებას“, – აღნიშნა ანდრია გოცირიძემ. მისივე განცხადებით, ესტონეთი კიბერუსაფრთხოების დარგში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ესტონეთი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლიდერი ქვეყანა გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაეხმარება საქართველოს იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც, ზოგადად, ნატოსთან ინტეგრაციას და, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განვითარებას გულისხმობს“.

ამ მიმართულებით და მიზნის მისაღწევად საქართველოსა და ესტონეთის წარმომადგენლები პერიოდულად სამუშაო შეხვედრებს მართავენ. მორიგი შეხვედრა ესტონეთში  შედგა. გასულ კვირას კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა შეხვედრები ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან, თავდაცვის ლიგასა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ბიუროს დელეგაცია ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მიიღო. როგორც „კიბერ კვირას“ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა განუცხადა, „ერთობლივი მუშაობის შედეგად იგეგმება ესტონური კიბერჰიგიენის მოდელის დანერგვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რაც გულისხმობს თითოეული მომხმარებლის სწავლებას, უკეთ მომზადებას იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიბერინციდენტები, რომლებმაც, შესაძლოა, სამინისტროს სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს“.

13707722_1037825572933109_1151948211115196751_n„საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების კუთხით წლების მანძილზე გრძელდება, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა. მაშინაც კი ამ ყველაფრის აღდგენა ესტონელი ექსპერტების დახმარებით მოხდა და ამის შემდგომაც, ზოგადად, ესტონეთი არასდროს გასულა ამ დახმარების ფორმატიდან. ესტონელი ექსპერტების ვიზიტის ომის შემდგომ შემუსავებულ იქნა ე.წ. საგზაო რუქა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს და ზოგადად კიბერთავდაცვის განვითარებაშიც ესტონეთს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ცალკე გამოყოფის ღირსია ესტონური მხარის მიერ განხორციელებული მრავალი სპეციფიური ტრენინგი თუ სავარჯიშო უწყებათშორის დონეზე. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტით კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიმდინარე წლის მაისის თვეში, რაც გარკვეულწილად ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ამ სფეროში. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები ძალიან ბევრია. ერთი სასიხარულო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ესტონელების მიერ ორგანიზებული პრაქტიკული კიბერტრენინგები გაგრძელდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. აქ არაა საუბარი სემინარულ ტრენინგებზე – აქ საუბარია პრაქტიკულ მეცადინეობებზე, სავარჯიშოებზე. ასევე, მნიშვნელოვანია ესტონური კიბერრეზერვის მოდელი, რომელიც, ძირითადად, მოხალისეების მიერ ქვეყნის კიბერსივრცის დაცვას ეფუძნება“, – განაცხადა ანდრია გოცირიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალური კიბერშესაძლებლობების არსებობის მიზნით, საქართველოში სწორედ ესტონური მოდელი ქართული მოდიფიცირებით უნდა დაინერგოს.

კიბერუსაფრთხოების დონის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ნატოს ისეთ პროგრამებში, რომლებშიც მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ასეთი პროგრამაა NATO Smart Defence Program ერთ ერთი მიმართულება. „საუბარია ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე, გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში. ჩვენ, ასევე, ვიღებთ მონაწილეობას ნატოს მიერ ორგანიზებულ კიბერსავარჯიშოებში. რადგან საქართველო ჯერ არ არის ნატოს წევრი, ვცდილობთ, პროგრამებში მონაწილეობა სხვადასხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად, მათ გუნდში მივიღოთ. შედეგად, უკვე გვაქვს დაშვება ნატოს ზოგიერთ კიბერსავარჯიშოზე – მაგალითად, მსოფლიო მასშტაბის ისეთ მნიშვნელოვან  კიბერსავარჯიშოზე, როგორიცაა Locked Shields-ი, რომელიც ესტონეთში იმართება, Cyber Coalition-ი, რომელშიც, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, ის მიზნად ისახავს მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ათეულობით (ზუსტად არ მახსოვს და არ მოგატყუოთ) სხვადასხვა მიმართულებით როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი  უჭირავს კიბერუსაფრთხოებას, კიბერშესაძლებლობების განვითარებას.

13775989_1037825416266458_5513901319632179811_n„კიბერუსაფრთხოების პაკეტში არის საკითხები, რომლებიც რამდენიმე ქვეპროგრამისგან შედგება. ამ ყველაფრის შესასრულებლად არსებობს ესტონეთთან ერთად გაწერილი სამოქმედო გეგმა. ცხადია, ეს, გარკვეულწილად, კიბერთავდაცვასთან არის შეხებაში. ძირითადი მიმართულება კიბერშესაძლებლობების განვითარება, იგივე კიბერრეზერვის ჩამოყალიბება, ასევე, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ინციდენტების უმეტესობა სწორედ არასწორი ქმედებებისგანაა გამომდინარე. თუ ჩვენ მოვახერხებთ ცნობიერების ამაღლებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და შეიარაღებულ ძალებში, ეს ერთი-ორად შეამცირებს კიბერინციდენტების რაოდენობას. ასევე, საუბარია ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე, ეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიბერკომპონენტის ინტეგრაციაზე, რაც წარმატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე წელია, რაც თავდაცვის სამინისტრო ყველა სწავლებაში ჩართულია კიბერკომპონენტი. ყოველწლიურ საშტაბო-სამეთაურო სწავლებებში, როგორიცაა „დიდგორი“, „ინფო“, კიბერუსაფრთხოების კომპონენტია წარმოდგენილი. ჩვენი სამხედრო დანაყოფები ამ კუთხითაც გადიან ტრენინგს“, – ამბობს ანდრია გოცირიძე.

ტრენინგების ჩატარებისა და ცნობიერების ამაღლების გარდა, კიბერსივრცეში, ასევე, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მისი ჰარმონიზაციაა მნიშვნელოვანი. „ესტონეთის კანონმდებლობა დღესდღეობით ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამ ქვეყნებში საერთო პრინციპებით, საერთო პოსტულატებით ხელმძღვანელობენ. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო, ცხადია, ცდილობს კანონმდებლობის ჰარმონიზებას თუნდაც იმ კუთხით, რომ კიბერსივრცე უკვე დამკვიდრებულია სახელმწიფო რეალობაში და, ამიტომ, საჭიროა მივიღოთ ზომები, რომ ეს ყველაფერი უკვე კანონმდებლობაში აისახოს, გადავიდეს ლეგალურ საწყისებზე და შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა“, – განმარტა ანდრია გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ კიბერსივრცის დაცულობას უზრუნველყოფს, ასევე, ტექნიკური აღჭურვილობის არსებობა. როგორც ანდრია გოცირიძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო სერიოზულად ეკიდება კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების საკითხს. შესაბამისად, დღესდღეობით თავდაცვის სამინისტროს ქსელში არის გარკვეული შესაძლებლობები, რათა ის, რაც 2008 წელს მოხდა, არ გამეორდეს.

„თუმცა, სრული დაცულობის მიღწევა, ამ თვალსაზრისით, ძალიან რთულია. სრულ დაცულობას ვერ უზრუნველყოფს ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, აშშ, გერმანია, იაპონია. ჩვენი კიბერსივრცე წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო დაცულია ძალიან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე სახეკმწიფო კიბერაქტორებს შორის. ამ თანამშრომლობაში  ჩართულები არიან: იუსტიციის სამინსიტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, კრიზისების საბჭო. არსებობს კიბერუსაფრთხოების სფეროში ძალიან წარმატებული ქვეყნები – აშშ, ესტონეთი და მათთან თანამშრომლობის პრივილეგია დღესდღეობით ისაა, რომ ჩვენ არ გვიწევს იგივე შეცდომების გამეორება, რაც მათ თავის დროზე დაუშვეს. ჩვენ გვაქვს წარმატებული მაგალითი – თუნდაც იგივე ესტონეთის სახით და ამ ქვეყნის მაგალითზე არ გვიწევს ველოსიპედის თავიდან გამოგონება“, – განუცხადა „კიბერ კვირას“ ანდრია გოცირიძემ.

ესაუბრა ანა კონოპლევა

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები