საქართველოს კიბერუსაფრთხოება სახელმწიფო დონეზე – რა პოლიტიკას ახორციელებს და როგორ მუშაობს ამ მიმართულებით “მონაცემთა გაცვლის სააგენტო”

თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. კიბერსივრცე კი საინფორმაციო ველში ის სფეროა, რომელიც ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციების სხვა ქსელებში არსებული არხების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის თანხვედრის შედეგადაა შექმნილი. კიბერსივრცის დაცულობა დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე, ზოგადად, სახელმწიფოსთვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT. GOV. GE) ერთ-ერთი სამსახურია, რომელიც ამ კუთხით მომხმარებელთა დაცულობაზე ზრუნავს. კონკრეტულად, კიბერშეტევებისა და კიბერინციდენტების პრევენციას, ამ ინციდენტებზე რეაგირებას, მათ რეგისტრაციას, აღრიცხვასა და ანალიზს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახორციელებს.

„კიბერ კვირა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ პრიორიტეტებზე კიბერუსაფრთხოების სფეროში, CERT. GOV. GE-ს მიმდინარე პროექტებზე, სერვისებზე და სამომავლო გეგმებზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძეს, ამავე სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროს ნატა გოდერძიშვილსა და CERT. GOV. GE-ს მენეჯერ დავით ქვათაძეს ესაუბრა.   

fa092dd9adc39d75661e7bfeec275181„CERT. GOV. GE „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფია, რომელიც საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზეა შექმნილი. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კურირებს მის განვითარებასა და ფუნქციონირებას. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“  წარმოადგენს სახელმწიფო და ეროვნულ CERT-ს და ჩვენი ფუნქცია ვრცელდება საჯარო სექტორზე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებზე (ეს სუბიექტები მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული). ასევე, ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. ჩვენი ძირითადი უფლებამოსილებაა: სხვადასხვა კიბერინციდენტის იდენტიფიცირება, მათზე რეაგირება, ორგანიზაციებისთვის დახმარების აღმოჩენა. სააგენტო საკმაოდ ბევრი მიმართულებით მუშაობს. ჩვენ გვაქვს არაერთი პროექტი, რომელიც კიბერსივრცის დაცვაზეა ორიენტირებული. ასევე, ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით მომუშავე უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.

CERT. GOV. GE-ს სერვისები და პროექტები

CERT. GOV. GE-ს ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შეამოწმოს ინფორმაცია საკუთარი IP-მისამართის შესახებ, თუ რა რისკების წინაშე იდგა კონკრეტული კომპიუტერი. ამისთვის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს „მონაცემთა დაცვის სააგენტოს“ მიერ შექმნილი ინოვაციური სერვისებით – Check My IP, რომელიც CERT. GOV. GE-ს ვებგვერდზე თითოეული ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი და ცალკე მისამართზე არსებული პორტალით Checknet.ge.

13713531_1228414087182574_1926449979_n„ჩვენ ორგანიზაციაში გვყავს მოტივირებული და შემოქმედებითი ჯგუფი როგორც კომპიუტერული ინციდენტების მიმართულებით, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით. ჩვენმა ჯგუფმა თვითონ დაიწყო ახალი ე.წ. „თულსებისა“ და სერვისების განვითარება. მაგალითად, დაგროვილი IP-ს მისამართების ბაზაზე შეიქმნა ორი სპეციალური სერვისი. Check My IP, რომელიც ჩვენ ვებგვერდზეა განთავსებული და პორტალი Checknet.ge., რომელიც ცალკე ბრენდად გამოვყავით. ეს არის სპეციალურად შექმნილი პორტალი, სადაც შეგიძლიათ თქვენი IP მისამართის შესახებ ინფორმაცია შეამოწმოთ. ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაარკვიოთ, რომელიმე ვებგვერდზე ოდესმე თუ იყო დაფიქსირებული მავნე კოდის არსებობა, ე.წ. „დიფეის“ შეტევა ან „ფიშინგი“. ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ, არის თუ არა ვებგვერდი, რომელზეც შედიხართ, სანდო. ამასთან, მოქალაქეს შეუძლია ინფორმაცია მოგვაწოდოს მიმდინარე ინციდენტის შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ.

გარდა ამისა, სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფიპროგრამული უზრუნველყოფის კოდის შემოწმებას ახორციელებს. მაგალითად, როდესაც რომელიმე ორგანიზაცია დაწერს პროგრამას, სურვილის შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, იგი სააგენტოს  შესამოწმებლად მიაწოდოს და გაარკვიოს, რამდენად სწორად და სტანდარტების თუ წესების დაცვითაა დაწერილი, რომ მარტივად არ გატყდეს.

როგორც „კიბერ კვირასთან“ საუბრისას CERT. GOV. GE-ს მენეჯერმა დავით ქვათაძემ განგვიმარტა, სამსახური სენსორების ქსელს იყენებს, რაც, ასევე, კანონითაა განსაზღვრული.

13695814_1228414007182582_594046384_n„სენსორი სპეციალური აპარატულ-ტექნიკური მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას კონკრეტულ ქსელში მიმდინარე აქტივობების შესახებ. აქ არ არის საუბარი შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ ერთმა კომპიუტერმა რაღაც გადააგზავნა. რა გაიგზავნა, არ ვიცით. ჩვენ მიერ მიღებული სამართლებრივი აქტით დგინდება, თუ რა კონფიგურაციის უნდა იყოს ეს სენსორი, რომ ეს პროცესი ყველასთვის გამჭვირვალე იყოს და ნდობა არსებობდეს. ორგანიზაციას თუ ექნება სურვილი, ის ჩაერთვება ჩვენს ქსელში. მისი ტრაფიკის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვეწოდება, ამ ინფორმაციას ვამუშავებთ და თუ რაიმე რისკის შემცველი, საინტერესო ან საყურადღებო შევამჩნიეთ, მაშინვე ვატყობინებთ და ერთად ვიწყებთ ამ საკითხის შესწავლას და შემდგომ მუშაობას. მეორე ტიპის სენსორი უკვე თავად ორგანიზაციის შიგნით იდგმება. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვაქვს უფრო ღრმა ანალიზის საშუალება. ესეც, რა თქმა უნდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება“, – აღნიშნა დავით ქვათაძემ და დასძინა: „მოგეხსენებათ, ინტერნეტსივრცე გახსნილია და გეოგრაფიული ჩარჩოები არ არსებობს. საქართველოში თუ რაიმე ანომალიური აქტივობა ხდება, ხოლო შემდგომ ეს აქტივობა გრძელდება ქვეყნის გარეთ და დაფიქსირდა სენსორების მიერ, ამის შესახებ ინფორმაცია უწყვეტად მოგვეწოდება. დღეში, დაახლოებით, 20 000-25 000 დაინფიცირებული ქართული  IP-მისამართის შესახებ მოგვდის ცნობა. რეალურად, მოსული 20 000 შეტყობინებიდან, შესაძლოა, 19 000 წინა დღით მოსული მისამართი იყოს. ანუ ხშირად ხდება, რომ ეს 20 000 ტრიალებს და მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს.

დავით ქვათაძის ინფორმაციით, ამ ანგარიშებს ყოველდღიურად სააგენტოს ათამდე საერთაშორისო ორგანიზაცია უგზავნის. ეს არის ინფორმაცია გლობალური სენსორებიდან. საერთაშორისო უსაფრთხოების ორგანიზაციებს ასეთი სენსორები მთელს მსოფლიოში აქვთ დაყენებული.

„ყოველდღიურად მიღებულ ინფორმაციას ვტვირთავთ ბაზაში. ბოლო 4 წელიწადში ეს ბაზა შეივსო 20 მილიონი ჩანაწერით. აქედან 180 000 უნიკალური ჩანაწერია – ანუ უნიკალური IP მისამართი, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი რიცხვია ისეთი სიდიდის ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა”, – მიიჩნევს დავით ქვათაძე.

„თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი მოსახლეობის 40 პროცენტს აქვს კომპიუტერი, გამოდის, რომ ყველა IP მისამართი, რომელსაც ეს კომპიუტერები იყენებენ, რაღაც დოზით, სავარაუდოდ, დავირუსებულია – მათგან 50 პროცენტი კი ნამდვილად ვირუსის მსხვერპლია“, – აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ.

მომხმარებლებისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რომ Checknet.ge-ს საშუალებით, ასევე, შესაძლებელია ქართული ვებგვერდების ისტორიის შემოწმება. ისტორია მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: მომხდარა თუ არა ვებგვერდის რაიმე დაინფიცირება – ანუ, განთავსებული იყო თუ არა მასზე მავნე კოდი, ასევე, მიმდინარეობდა თუ არა ამ ვებგვერდის მეშვეობით ე.წ. „ფიშინგი“ ანუ „თევზაობა“ – პროცესი, როდესაც მომხმარებელი რომელიმე ვებგვერდის გამოგზავნილი ბმულებით შეცდომაში შეჰყავთ. თუ შეტყობინებაში პაროლის შეცვლის მოთხოვნაა, ეს „ფიშინგია“, თუ პროგრამის ინსტალაციის მოთხოვნა – ეს ვირუსია. „ფიშინგით“ შესაძლებელია პირადი ინფორმაციის გატაცება.

არსებობს, ასევე, ე.წ. „დიფეის“ შეტევის მსხვერპლი ვებგვერდები. კონკრეტული აქტივისტი ჰაკერების ჯგუფი, რომელიც, მაგალითად, არაბეთში და ლიბიაში მყოფი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, საკუთარ  ლოზუნგებს სამთავრობო და კომერციულ ვებგვერდებზე დროშებით და გამონათქვამებით ანთავსებენ. ინფორმაცია „დიფეის“ ვებგვერდების შესახებ, ასევე, Checknet.ge-ს საშუალებით შეგიძლიათ მოიპოვოთ.

„ეს არის ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი და იგი საკმაოდ უნიკალურია. მას ანალოგი არ აქვს. სხვადასხვა კონფერენციაზე მან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგალითად, ესპანეთი და სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ, რომ წაიღონ ჩვენი პროდუქტი. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან იმის შესახებ, რომ ეს პროდუქტი ამ ქვეყანაში დაინერგოს“, – განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ სააგენტო  Top.ge-ს რეიტინგში შემავალი დაახლოებით 2000-მდე ვებგვერდის მონიტორინგს ახორციელებს. “უნდა ითქვას, რომ ჩვენი დაკვირვების ქვეშაა, ასევე, ყველა სამთავრობო ვებგვერდი. თუ რაიმე პრობლემა დაფიქსირდება, მათ ინფორმაციას ვაწვდით. ასევე, მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ჩვენი პროექტი – „ჰანი ფოთი“. ეს სერვისი ინტერნეტშია განთავსებული. თუ ვინმე ცდილობს ვებგვერდის გატეხვას, პროგრამა აფიქსირებს ამას და გვაწვდის ინფორმაციას, ასევე, აუწყებს იმ ქვეყნის CERT სამსახურს, საიდანაც დაფიქსირდა შეტევა და რომ ამ კონკრეტული ქვეყნიდან ასეთი აქტივობა განხორციელდა. ამ პროდუქტის დანერგვა სომხეთსაც სურს“.

სერვისი „უსაფრთხო ინტერნეტი“ კიდევ ერთი პროექტია, რომლის გამოყენება   საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის თქვენს კომპიუტერში საჭიროა Safe DNS-ის IP მისამართების გაწერა, რის შემდეგაც ავტომატურად დაგებლოკებათ როგორც „ფიშინგი“, ისე მავნე კოდების და პორნოგრაფიული მასალის შემცველი დაახლოებით 600 000 ვებგვერდი.

მნიშვნელოვანია, რომ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ თანამშრომლობს უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. „გვაქვს დადებული ხელშეკრულებები. თუ რაიმე პრობლემის წინაშე ვდგავართ, გვეხმარებიან მის გადაწყვეტაში. თუ მათ აქვთ პრობლემა, გვატყობინებენ და უკვე ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება უწყების სამომავლო გეგმებს, „მონაცემთა დაცვის სააგენტო“ და, ზოგადად, საქართველო  მოწინავე პოზიციებზეა ამ მიმართულებით გამოქვეყნებულ რეიტინგებში და, ზოგადად, აღიარებული ლიდერები ვართ. ეს ბევრმა მუშაობამ მოიტანა. ახლა, NATO-სთან ერთად, ამავე ორგანიზაციის პროგრამის – „მეცნიერება მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება.

13713491_1228414037182579_2033877540_nროგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს უფროსმა ნატა გოდერძიშვილმა განაცხადა, „ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ კიბერთავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ქვეყანას ცალკე არ შეუძლია, რადგან ყველა ქვეყანა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული და იმისთვის, რომ ქვეყანამ კიბერშესაძლებლობები გააძლიეროს, მას სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა სანდო პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან. დიდი კიბერშეტევების დროს ერთობლივი მუშაობით, ქვეყნები შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. ზუსტად აქედან გამომდინარე, NATO-ს ექსპერტებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამავე ორგანიზაციის პროგრამის – „მეცნიერება მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოვსულიყავით ინიციატივით, რათა შექმნილიყო ერთგვარი რეგიონული ცენტრი. შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გვყავს საერთო კიბერშემტევი. ეს, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარე საფრთხეებია. ჩვენ ვამბობთ: მოდით, გავერთიანდეთ და ერთობლივად უზრუნველვყოთ საერთო გამოყენების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. საერთო გამოყენების კრიტიკული ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს ნავთობსადენი, სატრანსპორტო დერეფანი და სხვა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა.

ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა NATO-ს ექსპერტებთან და მოვიწვიეთ რეგიონის ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ვიმსჯელეთ საკითხზე: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების კიბერთავდაცვისუნარიანობა. შეხვედრების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ, პირველ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი შესაძლებლობების კვლევა – ვის რა შესაძლებლობები გვაქვს, რა მიმართულებით არის ჩვენი შესაძლებლობები გასაძლიერებელი, როგორი უნდა იყოს ტრენინგები, კვლევა და ამაზე მოვამზადეთ პროექტი. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბრიუსელშიც და საქართველოშიც. ახლა პროექტის დამტკიცებას და ბოლო ფაზაში გადასვლას ველოდებით“.

ირაკლი გვენეტაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ჩვენი მიზანია, შევიმუშავოთ ერთობლივი რეაგირების მექნიზმები და კოორდინირებულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა მსოფლიოს არც ერთ წერტილში. ჩვენი პარტნიორები დიდ იმედებს ამყარებენ ამ პროექტზე. წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პროექტი სხვადასხვა ქვეყანაშიც განხორციელდეს“.

10437014_942154902480282_2920550442586442884_nშემოდგომაზე საქართველოში  კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი ჩატარდება, რომელიც  მეოთხე წელია იმართება ჩვენს ქვეყანაში. მასში ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სისტემური ადმინისტრატორები, სხვადასხვა ბანკის, კერძო სექტორის, სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ამის გარდა, ყოველწლიურად იმართება კონფერენცია ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე (GITI). წელს კონფერენცია მეცხრედ ჩატარდება. მასში მონაწილეობას 20 ქვეყნის 400-მდე დელეგატი მიიღებს. შესაძლოა, კონფერენცია შშს-ს მიერ ინიცირებული კიბერშეტევების საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც ჩატარდეს.

პროფესიული კადრების განვითარება

„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ 2010 წელს შეიქმნა. იმ დროს პროფესიული კადრების საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ იყო. „დღესაც ძალიან ცოტაა ამ სფეროს სპეციალისტი და მაშინ თითქმის არ არსებობდა. მონდომებული ხალხი გვყავს – ბატონი დავით ქვათაძე და მისი გუნდი  ყოველდღიურად მუშაობენ, რომ როგორც ინფორმაციული, ისე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლონ. დღეს ამდენი ასეთი დონის ექსპერტი ერთ ორგანიზაციაში სხვაგან არ არის  და ეს თამამად შემიძლია ვთქვა. ჩვენს ყველა ექსპერტს აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი. არ არის იოლი გამოცდები, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები აბარებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანმშრომლები სწავლობენ დამოუკიდებლად. სამწუხაროდ, მათი უცხოეთში გაგზავნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ სწორედ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ გუნდს აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია ამ დარგის სპეციალისტებს შორის როგორც საქართველოში, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ ცოდნის პროვაიდერიც არის. უწყებაში შედგენილია კურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს კიბერინციდენტის იდენტიფიცირება, მასზე რეაგირება და ა.შ. გარდა ამისა, წინა წელს წარმატებით ჩატარდა 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის სპეციალური კურსი სახელწოდებით „კიბერკლასი“.

„ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა მოხდეს ვირუსის, სხვადასხვა სისუსტის ანალიზი. ეს არ იყო მხოლოდ ლექციები, ჩვენ მათ ვაძლევდით დავალებას, შემდეგ კი შესრულებული დავალების  ანალიზი კეთდებოდა. კურსის შემდეგ ჩვენ ორი ახალი თანამშრომელი შევიძინეთ – წარმატებულ კურსდამთავრებულებს ჩვენთან მუშაობა შევთავაზეთ“, – აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ.

კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი: NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში „მონაცემთა გაცვლის საგენტომ“ არაერთი ტრენინგი ჩაატარა თურქეთში, ანკარაში მდებარე შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (METU), რომელსაც ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები ავღანეთიდან, მონღოლეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მონტენეგროდან, მოლდოვადან და აზერბაიჯანიდან.

ამის გარდა, სააგენტო კიბერსავარჯიშოებსაც ატარებს. სავარჯიშო ე.წ. ლურჯი და წითელი გუნდების შეჯიბრის პრინციპზეა აგებული, რომელიც „CyberExe“-ს სახელითაა ცნობილი. ლურჯი დამცველი გუნდია, ხოლო წითელი – შემტევი. სავარჯიშო წინასწარ მომზადებული სცენარებით მიმდინარეობს.

ამ წელს სავარჯიშო შემოდგომაზე უკვე მესამედ ჩატარდება, წლიდან წლამდე მსურველთა რაოდენობა იზრდება. გასულ წელს სავარჯიშოს შესრულებაში ოცამდე გუნდი იყო ჩართული.

კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი კიბეროლიმპიადაა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველად ჩატარდა. ოლიმპიადაში, რომელსაც „კიბერ კუბს“ უწოდებენ, 25 წლამდე ასაკის 150 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მაონაწილეები არა მარტო თბილისში მცხოვრები, არამედ რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც იყვნენ.

2008 წლის ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე და ჩვენი კიბერსივრცე დღეს

ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელდა. რუსეთმა, საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესიის პარალელურად, შეტევები ქვეყნის კიბერსივრცეზეც მიიტანა. 9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ვებგვერდი უცხოეთიდან აღარ იყო ხელმისაწვდომი. ჰაკერებმა შეტევა რამდენიმე სამინისტროს, ბანკებისა და პარლამენტის ვებგვერდებზე განახორციელეს. აღარ ფუნქციონირებდა საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები.

2055262723„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარის ირაკლი გვენეტაძის თქმით, 2008 წელს განხორციელებული შეტევის იდენტურ კიბერთავდასხმასთან გამკლავება ნებისმიერ ჩვენი ზომის სახელმწიფოსთვის იქნება რთული.

„ჩვენ ვართ 4 მილიონი, რუსეთში კი  150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მათი ინტერნეტქსელი 50-ჯერ დიდია, მათ უკეთესი კავშირები აქვთ ევროპასთან. ჩვენთან კი ინტერნეტი იმ დროს შემოდიოდა რუსეთიდან, სატელიტით ან თურქეთის გავლით. თუ ინტერნეტის გამტარობას წყლის მილებს შევადარებთ, რუსეთის მილის გამტარობა იქნება საქართველოს მილზე 50-ჯერ უფრო დიდი. მას შეუძლია ჩვენი მილი გაჭედოს და ჩვენ, უბრალოდ, ვერაფერს ვიზამთ, თუ არ გვექნება რუსეთზე უფრო დიდი ინტერნეტქსელი. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ანალოგიური კიბერშეტევის თავიდან აცილება ჩვენზე დიდ ქვეყნებსაც გაუჭირდება.

„თუმცა, დღეს ჩვენი სისტემები გაცილებით დაცული და მდგრადია. უკვე გვაქვს ინტერნეტის დამატებითი არხი – ოპტიკური კაბელი, რომელიც შავი ზღვის გავლით საქართველოს ბულგარეთთან აკავშირებს. ასევე ჩვენ გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ ვიმოქმედოთ ანალოგიურ სიტუაციებში. აქ მნიშვნელოვანია როგორც ინტერნეტთან წვდომა, პარალელური არხების გაჩენა, ისე ჩვენთვის საციცოხლო სისტემების გამართულად მოქმედება. რა თქმა უნდა, გადადგმულია არაერთი ნაბიჯი. ყოველდღიურად ვვითარდებით, შედეგად კი ჩვენი დღევანდელი გარემო გაცილებით მდგრადი და დაცულია. რუსეთის მხრიდან საფრთხე ახლაც არსებობს და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს“.

ესაუბრა ანა კონოპლევა

წყარო:http://cyber.kvira.ge/8310/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები