რომან კვიციანი – თურქეთში 15 ივლისის მსგავს მოვლენებს მომავალშიც არ გამოვრიცხავ

„საქართველო -თურქეთის მეგობრობის ასოციაციის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე რომან კვიციანი აცხადებს, რომ თურქეთში შეიარაღებული ამბოხების უკან დიდი ალბათობით თურქი მულტიმილიონერი და ისლამის ცნობილი მქადაგებელი, ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
კვიციანი ამბობს, რომ ამბოხების ჩახშობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას მიმართა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც კვიციანმა „კვირას“ განუცხადა, რთულია იმაზე საუბარი, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს თურქეთში ერდოღანს და რამდენი – გიულენს.
„ფეთჰულაჰ გიულენს თავისი ხალხი ყველა სტრუქტურაში ჰყავს – იქნება ეს პოლიცია, ჯარი თუ უშიშროების სამსახური. შარშან, დეკემბერში, ძალოვანი უწყებების ასობით წარმომადგენელი მასთან კავშირისთვის დააკავეს, თუმცა მათი უმეტესობა ბრალის არარსებობის გამო გაათავისუფლეს. გუშინდელი გადატრიალების მცდელობაში ეს პირები არ მონაწილეობდნენ. ასე რომ, შარშანდელი დაკავებები ტყუილად ჩატარდა, როგორც ჩანს, აჯანყება სულ სხვა ადამიანებმა მოაწყვეს“, – აცხადებს კვიციანი.
კითხვაზე, აქვს თუ არა თურქეთს იმის მექანიზმები, რომ ფეთჰულაჰ გიულენი დააკავოს, კვიციანი ამბობს, რომ ანკარა დიდი ნახია ითხოვს მისთვის აშშ-ში მყოფი გიულენის გადაცემას, მაგრამ – უშედეგოდ.
„გიულენის მომხრეებს თურქეთის ხელისუფლება „პარალელურ სტრუქტურებს“ უწოდებს. ეს პირი თურქული საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროში მონაწილეობს. მე მომავალშიც 15 ივლისის მსგავსი მოვლენების გამეორებას არ გამოვრიცხავ, ვინაიდან გიულენის გავლენა თურქეთში კვლავ საკმაოდ მაღალია“, – აცხადებს კვიციანი.
მისივე თქმით, ფეთჰულაჰ გიულენს ძალზე დიდი ფინანსური რესურსი აქვს, ის თურქეთში თავის მომხრებზე რელიგიურ გავლენას ახდენს, გარდა ამისა, იყენებს ფულს მომხრეების გადასაბირებლად.
„შემდეგ ამ ადამიანებს ვალდებულების გრძნობა უჩნდებათ ამ პირის მიმართ და მისი იდეების მომხრეები ხდებიან. რელიგიისა და ფულის გამოყენება ერთდროულად ხდება, რაც ამ ადამიანს გარკვეულ შედეგს აძლევს“, – აცხადებს რომან კვიციანი.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჩასვლისას, თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა. რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები ბრძანებებს აშშ-დან იღებდნენ, სადაც მათი ლიდერები ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.
ერდოღანმა სტამბოლის აეროპორტში ასევე განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მომხრეები უმკაცრესად დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები