შტაინმაიერი: საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება დროის საკითხია

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა გატარებული რეფორმები და თბილისის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი უსაფრთხოების ზომების მეშვეობით საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ევროკავშირისთვის რისკების მატარებელი არ არის.
მისი განცხადებით, თბილისსა და ბრიუსელს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ბერლინი აფასებს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს.
„საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ჩვენთვის სათუო არ არის, საკითხი დგას შემდეგნაირად: „როდის“, – განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში პარასკევს გაიმართა.
შტაინმაიერი ამბობს, რომ ასევე აუცილებელია ყურადღებით მოვეკიდოთ იმ ადამიანების მოსაზრებებსაც, ვისაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების შემოღება (შეჩერების მექანიზმი) სურთ. აღნიშნულმა შეჩერების მექანიზმმა, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა შესაძლებელი, ევროპარლამენტში განხილვის რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს.
მინისტრის განცხადებით, ამ პროცედურების დასრულება საკმაოდ სწრაფად, სექტემბრისთვის არის შესაძლებელი. ქართულ ორგანიზებულ კრიმინალთან დაკავშირებულ შეკითხვას, ის შეჩერების მექანიზმის არსებობით პასუხობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ევროკავშირმა გაკვეთილი მიიღო და დასკვნები გააკეთა სერბეთთან ვიზალიბერალიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჯანელიძის განცხადებით, იგი ელოდება, რომ მისი ქვეყანა უვიზო მიმოსვლას მიიღებს, რადგან თბილისმა ყველა წინაპირობა შეასრულა ამისათვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, რომ თბილისს ევროპულ ოჯახში ყოფნა სურს და საქართველოს მიზანია, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის.
„შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა, პარასკევს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება დასავლურ სამხედრო გაერთიანებას, შტაინმაიერმა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პოზიცია გაიმეორა, რომელიც მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ანიჭებს. თავის დროზე, საქართველოსა და უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მისწრაფებებმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია ნატოს წევრ ქვეყნებს შორის.
განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სერიოზულად უნდა განიხილოს ნატომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატოს სტრუქტურებთან თავსებადობის გაზრდაა.
ნატოს სამიტზე, რომელიც მომავალ კვირას ვარშავაში გაიმართება, ურთიერთობებმა კიდევ უფრო ინტენსიური სახე უნდა მიიღოს. სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით, ჯანელიძემ თავი შეიკავა შორს მიმავალი მოთხოვნების წამოყენებისგან. შტაინმაიერმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილება ორივე მხარის სურვილებსა და წარმოდგენებთან იქნება შესაბამისობაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, არა მარტო მოსკოვის მიერ ალიანსის მიმართ წაყენებული ბრალდებებისა და საყვედურების გამოა სადავო, რომ ნატოს რუსეთის ალყაში მოქცევის სტრატეგია აქვს, არამედ საქართველოს გაყინული ტერიტორიული კონფლიქტების გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელთაც რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევს. შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის შეცვლა მარტივი არ არის. შესაბამისად, ის დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ახალი კონფლიქტების თავიდან არიდებისკენაა მიმართული. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ასრულებს ყველა აღებულ ვალდებულებას, მიუხედავად რუსეთის პროვოკაციებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევისა, თუმცა, ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიონობის დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები