„აბრეშუმის გზიდან“ E-60 მაგისტრალამდე
გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს წილად განსაკუთრებული ფუნქცია ერგო, ოდითგანვე ის არის შავი და კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან, უზარმაზარი ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა ჩინეთიდან ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებამდე საქართველოზე გადიოდა. წინათ მას „აბრეშუმის გზა“ ერქვა, რადგან ჩინეთიდან რომსა და ბიზანტიაში მისი გავლით გადაჰქონდათ მაღალი ხარისხის ჩინური აბრეშუმი, ჩინეთში კი მინა, ფუფუნების საგნები, ფილოსოფიური და რელიგიური მოძღვრებები შედიოდა. ამიტომაც „აბრეშუმის გზა“ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების დასაბამი გახდა.
ვინც აკონტროლებდა „აბრეშუმის გზას“ ფაქტობრივად, აკონტროლებდა იმ დროინდელ მსოფლიოს. ამიტომაც ამ გზაზე მონოპოლიური ძალაუფლების მოსაპოვებლად ისტორიული ბრძოლები იმართებოდა.
VII-IX საუკუნეებში „აბრეშუმის გზას“ არაბთა სახალიფო აკონტროლებდა, რომელსაც მოგვიანებით მონღოლებმა წაართვეს მონოპოლია.
XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპამ აფრიკის შემოვლით საოკეანო გზა საბოლოოდ აითვისა, „აბრეშუმის გზამ“ თითქოს პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა, დროებით. მოგვიანებით ის კვლავ მნიშვნელოვანი გახდა და ისტორიულ „აბრეშუმის გზაზე“ ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი (TRACECA) ამოქმედდა.
1998 წელს, საერთაშორისო ტრანსპორტის გაუმჯობესების გზით შავი ზღვის რეგიონის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოეწერა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროგრამას. საქართველო ამ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი მონაწილეა.
ამჯერად, დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ტრანსკონტინენტურ სავაჭრო გზას ახალი სახელი აქვს. მას E-60 მაგისტრალი ეწოდება და საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან 8,200 კილომეტრის მანძილზე, აღმოსავლეთით, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ირკეშტამამდე 11 ქვეყანას (საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, უნგრეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) გაივლის. E-60 მაგისტრალი რუმინეთსა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ზღვებსაც კვეთავს. E-60 ევროპის სიდიდით მეორე საგზაო დერეფანია.
E-60 მაგისტრალი საქართველოში
E60 ავტომაგისტრალი საქართველოში აზერბაიჯანის საზღვართან, წითელ ხიდთან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტთან მთავრდება. დერეფნის საქართველოში არსებული მონაკვეთი დაახლოებით 392 კილომეტრი სიგრძისაა.
პროექტი მოიცავს E-60 მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთს, რომელიც შეადგენს 313 კილომენტრს და მის მიმდებარე მონაკვეთებს. მათ შორის, E-692 სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის და E-70 სენაკი-ფოთი-სარფის (0-32კმ.) მონაკვეთებსაც.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული E-60 ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტული პროექტია და ამ პროცესში მას საერთაშორისო ორგანიზაციებიც უწევენ დახმარებას. ამ მხრივ გამორჩეულია მსოფლიო ბანკის (WB) როლი, რომელიც თავიდანვე (2007 წლიდან) ჩაერთო ამ პროექტის დაფინანსებაში. შემდგომ კი მას სხვა საფინანსო ინსტიტუტები მოჰყვნენ: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA). ევროპული ავტომოაგისტრალის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პარტნიორობა კვლავაც გრძელდება. ამ მხრივ, აღსანიშნავია ჩუმათელეთი-ზესტაფონის ურთულესი მიმართულების მშენებლობის ფინანსურ მხარდაჭერაზე მათი მზადყოფნა.
საერთოშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა შემთხვევითი არ არის. ევროპული ავტომაგისტრალის განვითარება უზრუნველყოფს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას დიდ ევროპულ სივრცეში, სადაც პრიორიტეტი ქვეყნებს შორის უსაფრთხო და მეგობრულ ურთიერთობას ენიჭება. ამასთან, E-60 ავტომაგისტრალს აქვს საერთაშორისო (ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი) სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია;
მაგისტრალი მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, რადგან მოდერნიზებული საგზაო ინფრასტრუქტურა სატრანზიტო ხარჯებს ამცირებს (გადაადგილების დრო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, სატრანსპორტო საშუალებების ამორტიზაცია და სხვა) და ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე აისახება;
მოდერნიზებული ავტომაგისტრალი ნიშნავს გაუმჯობესებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლას, კომფორტულ და უსაფრთხო საგზაო მოძრაობას.
გზა, რომელიც უკვე მზადაა
გზის მშენებლობის ბოლო წლებში განვითარებული ტემპების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, E60 ავტომაგისტრალის საბოლოოდ დასრულებამდე არცთუ ისე შორია.
მშენებლობის დაწყებიდან დღემდე მშნებლობის დინამიკა ასეთია: 2007–2012 წლებში (6 წელიწადში) ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 68.15 კმ. დაიგო. 2013-2015 წლებში E-60 ავტომაგისტრალს 85.2 კმ. შეემატა. შესაბამისად, ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთზე 150 კმ-ზე მეტი დაიგო და აქედან, დღეისათვის, ექსპლოატაციაშია შესული 140 კმ გზა.
მხოლოდ 2015 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაიგო 28.40 კმ. გზა. მათ შორის, გაიხსნა რუისი-აგარას 19,5კმ-იანი მონაკვეთი, სადაც მოძრაობა 4 ზოლზე, ცალმხრივ მოძრაობაზე გადაერთო. საგზაო საფარი დაიგო ქუთაისის-შემოვლითი-სამტრედიის გზის 9.5 მონაკვეთზე, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად გაიხსნება.
მიმდინარე, დაგეგმილი და პერსპექტიული პროექტები
2016 წელს ჩქაროსნული გზატკეცილის სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში, სამშენებლო აქტივობა იქნება 100 კმ-მდე (96 კმ) გზაზე. უკვე შენდება, ან მშენებლობა იგეგმება შემდეგ მონაკვეთებზე:
• აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი – აგარიდან-ზემო ოსიაურამადე 12 კმ-იანი მონაკვეთი თბილისიდან რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით მომდევნო მშენებარე ობიექტია. აქედან, 7 კმ-იანი მონაკვეთი ივნისის დასაწყისში გაიხსნება.
• ხაშურის შემოვლითი 14 კმ-იანი გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის (ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან). ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.
• ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი – რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი მონაკვეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი ურთულესია. აქ თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის ასაშენებლად არაერთი ხიდი და გვირაბია (100-მდე ხიდი და 50-მდე გვირაბი) საჭირო. ამჟამად დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი და გამოცხადებულია ტენდერი დეტალური პროექტის მოსამზადებლად საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად.
• ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მოსამზადებლად მიმდინარეობს საპროექტო კომპანიის შერჩევის სატენდერო პროცედურები. ეს გზა რიკოთის საუღლტეხილო მონაკვეთის (განსაკუთრებით ამ სექციის მშენებლობის დროს) ალტერნატიული გზის ფუნქციას შეასრულებს.
• ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა – ზესტაფონიდან სამტრედიამდე 57 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი რიკოთის სექციის შემდეგ მოდის, რომლის მშენებლობას იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი 3 სამშენებლო უბნად (ლოტად) არის დაყოფილი (ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს.
აქედან, პირველი ლოტი – ქუთაისის შემოვლითი და მეორე ლოტი – სამტრედიამდე 32 კმ-იანი გზა 2014 წელს გაიხსნა. ამავე ლოტის დარჩენილ 9,5-კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მესამე ლოტზე – ზესტაფონიდან-სიმონეთამდე, ეს იქნება 4 ზოლიანი მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
• სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი – მომდევნო სექცია არის სამტრედია-გრიგოლეთის 51 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. ეს მონაკვეთი დაყოფილია 4 სამშენებლო უბნად.
აქედან, ამ დროისათვის: 2 უბანზე I- IV ლოტზე სამუშაოები მიმდინარეობს – IV ლოტზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2015 წელს;
I ლოტზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2014 წელს. 2 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის ზაფხულში;
II ლოტზე სამშენებლო სამუშაოები იწყება, ხოლო III ლოტის მშენებლობაზე ტენდერი 2016 წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
• გრიგოლეთი-ფოთისა და გრიგოლეთი-ქობულეთის ახალი გზა – გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით – ფოთამდე და ქობულეთამდე აშენდება 2 ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა.
ამჟამად, ამ ობიექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სამუშაოები იწყება (სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს). რაც საშუალებას მოგვცემს მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორებთან გრიგოლეთი-ფოთისა და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობის დაფინანსებაზე.
• ქობულეთის შემოვლითი გზა – ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მისასვლელი 2 კმ-იანი გზის 4 ზოლამდე გაგანიერება დასრულებულია.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მომდევნო – მეორე ლოტის 18 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მისასვლელ 2 კმ-იან გზას უერთდება. ამ მონაკვეთის დასრულების შემდეგ ქობულეთიდან-ბათუმამდე უღელტეხილის გავლა აღარ იქნება აუცილებელი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2013 წელს. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება. მეორე ლოტზე საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 კმ-ზე მეტია (1180 მეტრი) და ახალი მეთოდოლოგიით შენდება. ამავე მონაკვეთზე შენდება რამდენიმე გვირაბი.
• ბათუმის შემოვლითი გზა – მომდევნო მონაკვეთია ბათუმის შემოვლითი 16 კმ-იანი გზა, რომლის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტი არსებობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განახლება. ასევე, გზშ-ს და განსახლების გეგმის განახლება; იგეგმება აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი პროექტის დაფინანსების საკითხის განხილვის მიზნით.
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადები დამოკიდებულია, დარჩენილი მონაკვეთების პროექტირება–მშენებლობისათვის დაფინანსების მოძიებაზე და შესაბამისად მათი მშენებლობის დაწყება–დასრულების ვადებზე. არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით E-60 ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის არის შესაძლებელი.
E-60 მაგისტრალი – გზა ევროპიდან ევროპისკენ
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია: „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“.
საქართველოსთვის E-60 მაგისტრალი სიმბოლურად ორმაგი დატვირთვის მქონეა. ეს არის, ერთის მხრივ, გზა ევროპიდან აზიამდე და პირიქით, საქართველოსთვის პირდაპირი გზაა ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად.
იმისათვის, რომ საქართველომ სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულოს, E-60 მაგისტრალის ჩვენს კუთვნილ მონაკვეთზე გზა თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოწესრიგდეს, რაც გულისხმობს შემდეგს:
უნდა შეიქმნას უსაფრთხო ინფრასტრუქტურა (საგზაო ქსელის მოწესრიგება);
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოეწყოს სამარშრუტო საშუალებების გაჩერებები, მაღალი ხარისხის შუქამრეკლი საგზაო ნიშნები, ცვლადი საინფორმაციო ტაბლოები;
უნდა შეიქმნას დასვენებისა და მომსახურების თანამედროვე კომპლექსები;
ავტომაგისტრალის მიმდებარედ სრულფასოვნად მოწესრიგდეს ადგილობრივი საგზაო ქსელი.
მიუხედავად იმისა, როგორი უსაფრთხოების ზომებითაც არ უნდა აღიჭურვოს ყველაზე საუკეთესო ხარისხის გზაც კი, უსაფრთხო გადაადგილების გარანტია არ იარსებებს, თუ ამ გზის მომხმარებელი მოძრაობის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ დაიცავს. საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და შედეგად დატრიალებული უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მძღოლების და ქვეითად მოსიარულეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანგებო პროექტი წამოიწყო.
პროექტს, რომლის მთავარი გზავნილია: „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო – E 60“ მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახორციელებს.
ამ პროექტით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე, საერთაშორისო მიმოსვლის მონაწილე მძღოლებისთვის შესაძლებელი იქნება გზის დასახლებულ თუ დაუსახლებელ მონაკვეთებში საგზაო უსაფრთხოებასა და უსაფრთხო ქცევაზე ინფორმაციის მიწოდება.
მძღოლებს შეახსენებენ თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარის გადაჭარბებამ, არასწორმა მანევრირებამ, შემხვედრ ზოლში გადასვლამ, გადაღლილობამ, გონებაგაფანტულობამ და ა.შ.
საგზაო უსაფრთხოების პრობლემის სიმწვავის შესახებ ინფორმაციას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც აუხსნიან პრობლემების მოძიებასა და აღმოფხვრაში თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართვას.
სკოლებში მოსწავლეებისათვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლების მიზნით საინფორმაციო კამპანიები ტარდება.
აღნიშნული პროექტი საუკეთესო ევროპულ მიდგომას ეფუძნება, რაც გულისხმობს მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინფორმირებას და ჩართვას, რათა გზებზე არსებული რისკების თავიდან აცილება და პრევენცია ერთობლივად მოხდეს.
კამპანიაში ჩაერთო როგორც სამთავრობო, ასევე, საზოგადოებრივი და კერძო სექტორი. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან ორგანიზაციები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ახალგაზრდული და ადგილობრივი სამოქალაქო კლუბები საქართველოს რეგიონებში, სახმელეთო გზით მგზავრთა გადაყვანის ასოციაცია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი, საქართველოს საავტომობილო ფედერაცია, მედია საშუალებები, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, კომპანია „ვისოლი“, რომელსაც თანამედროვე მოსასვენებელი ობიექტი აქვს ჩქაროსნულ გზატკეცილზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და სხვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კამპანია მოიცავს უშუალოდ სასწავლო ხასიათის შეხვედრებს, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებას, აუდიო და ვიდეო საინფორმაციო რგოლების გაშვებას რადიო და ტელეეთერებში, რათა უფრო ფართო საზოგადოებისათვის გახდეს ხელმისაწვდომი უსაფრთხო მოძრაობისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და რეკომენდაციები.