მზით დამწვრობის საგანგაშო სტატისტიკა – რამ ჩაანაცვლა ლეღვის ფოთლის ნახარში

გარუჯვის ახალი მეთოდი საქართველოში. ლეღვის ფოთლის ნახარში ლეღვის ფოთლის წვენმა ჩაანაცვლა. 13 წლის გოგონამ, გარუჯვის მიზნით ლეღვის ფოთლის წვენი სხეულზე წაისვა და მზეს მიეფიცხა, რის შედეგადაც ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 13 წლის გოგონას მე-2-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
გუგა ქაშიბაძემ „კვირას“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმ პაციენტების სტატისტიკური მონაცემები მიაწოდა, რომლებმაც სხეულის დამწვრობა მზით გარუჯვის შედეგად მიიღეს. მისი თქმით, ამჟამად დამწვრობის ცენტრში 8 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტთა ასაკი 3-დან 18 წლამდე მერყეობს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მზით გარუჯვის შედეგად სხეულის დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული მკურნალობა 50-ზე მეტმა პაციენტმა ჩაიტარა.
მისი თქმით, ზემოთ აღნიშნულ პაციენტთა უმრავლესობას 2-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდათ და მათ სხეულის ზედაპირის 70-80-პროცენტიანი დამწვრობა მიიღეს.
გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს: „ზაფხული კარგია, მაგრამ ის, რაც ჩემს კლინიკაში ხდება, გასაოცარია. შარშანდელ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა. 50-მდე პაციენტმა ამბულატორიული მკურნალობა ჩაიტარა. 8 გოგონა კლინიკაშია მოთავსებული, მათ შორის, 2 – რეანიმაციაში. ეს პაციენტები მზის სხივებით დაიწვნენ. არ შეიძლება მზის სხივების მიღება 11 საათიდან 16 საათამდე. ჩემი რჩევა იქნება, ნუ გაირუჯებით დროის ამ მონაკვეთში, განსაკუთრებით მოარიდეთ პატარა ბავშვები. როგორ შეიძლება 3 წლის ბავშვი მზეზე გაიყვანო შუადღის საათებში. რამხელა ტკივილს განიცდის ახლა ჩემი პაციენტი, რომელიც 3 წლისაა და ჩვენს კლინიკაში მკურნალობს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები