კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირველი რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და რეგიონებში არსებულ პოტენციალზე ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ფერმერებს აგრობიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და კენკროვან კულტურებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ გააფართოონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გურჯაანში კენკროვანი კულტურების პლანტაციები დაათვალიერეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები