EPC: საქართველო და ევროკავშირი – მზარდი პროგრესის შენარჩუნება
European Policy Centre-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა წარმატებულია. ის ახლა შედის ახალ ფაზაში, სადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს აქამდე მიღწეულის კონსოლიდაციაზე.
EPC პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიტანს ყურადღებას ბრექსიტის კრიზისზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე მომავალშიც იყოს კონცენტრირებული ფართო სურათზე და, ამავე დროს, ფრთხილად იმუშაოს ყველა დეტალზე.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 1 ივლისს, ძალაში შევა 2016 წლის 1 ივლისს, 28 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით) გულისხმობს ევროკავშირში ფართომასშტაბიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რისთვისაც მნიშვნელოვნად განმტკიცდება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. ხელშეკრულების ბევრი დებულების განხორციელება უკვე დაიწყო, ზოგმა კი საგრძნობი შედეგებიც მოიტანა, მაგალითად, ევროპის ბაზრების გახსნა ქართული პროდუქციისთვის. მეორე მხრივ, ეს ისტორიული მომენტი ოდნავ დაიჩრდილა იმის გამო, რომ ევროკავშირმა არ დაამტკიცა საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმი ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკავშირმა აღიარა საქართველოს მიერ ყველა შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. მართალია, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დროებითი შეფერხებაა, რომელიც უფრო სხვა ქვეყნებს ეხება (თურქეთი და უკრაინა), რომლებთანაც იმავე საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამ ფაქტმა მაინც გამოააშკარავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მზარდი წინსვლის შენარჩუნების არამდგრადი ხასიათი.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიტანს ყურადღებას ბრექსიტის კრიზისზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე მომავალშიც იყოს კონცენტრირებული ფართო სურათზე და, ამავე დროს, ფრთხილად იმუშაოს ყველა დეტალზე.
მოკლევადიან და შუალედურ ჭრილში ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა სრულად მიიღონ მის დებულებებში მოცემული სარგებელი, უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამის განსახორციელებლად კი, მოკლევადიან და შუალედურ ჭრილში გაწევრების პერსპექტივის არარსებობის პირობებში, ქართველმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ შესაბამისი უნარები და სიბრძნე, ხოლო ქართველ ხალხს მართებს მოთმინება და მიზანდასახულობა. 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში როგორც ხელისუფლებას, ისე ხალხს მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
ქართული რეალობა
2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვალა არჩევნების გზით, რომელშიც დაფიქსირდა ქართველი ხალხის მხრიდან ცვლილებების განხორციელების მძლავრი მოთხოვნა. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა იმ პოლიტიკური პარტიების ფართო ალიანსი, რომლებიც მზად იყვნენ, ეღიარებინათ ბიძინა ივანიშვილი თავიანთ ლიდერად და გვერდზე გადაედოთ არსებული უთანხმოებები, გარკვეული დროით მაინც, რათა მიეღწიათ უფრო ფართომასშტაბიანი მიზნისთვის, რაც მთავრობის შეცვლას გულისხმობდა. მართალია, რეალობის ადეკვატური აღქმა არასდროს ყოფილა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე, 2012 მან და მისმა პოლიტიკურმა მოკავშირეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მაინც გააცნობიერეს, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობა, არჩევნებში სერიოზული დამარცხების გათვალისწინებით, სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგად მათ დაკარგეს ძალაუფლება, ნაციონალურმა მოძრაობამ, მეორე მხრივ, შეინარჩუნა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის სტატუსი, ორგანიზაციული მთლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იგრძნობოდა იდეოლოგიური დაბნეულობა.
შიში, რომ ივანიშვილი იყო რუსეთის იდეების გამტარებელი, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ დასავლური მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. მისი პარტიის (ქართული ოცნება) მთავრობამ, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობებში წინა, ნაციონალური მოძრაობის მთავრობასთან შედარებით, უფრო გონივრული მიდგომა აირჩია, შეინარჩუნა და დააჩქარა კიდეც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. საქართველოს პარლამენტში პარტიებს შორის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე მიღწეული კონსენსუსი არის სტაბილურობის ძირითადი წყარო და ეს დამსახურებად უნდა ჩაეთვალოს როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას. მეორე მხრივ, როცა საქმე ეხება საშინაო და ეკონომიკურ პოლიტიკას, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოება, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მომდევნო სამი თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდში.
სავარაუდოდ, ამ პერიოდის მთავარი მოვლენა იქნება მესამე მხარეების გამოჩენა: ახალი პოპულისტური პარტიები, რომლებსაც აქვთ უკიდურესად ნაციონალისტური და რელიგიური დღის წესრიგი, ან, როგორც ამას ვხედავთ ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში, იხვეჭენ მხარდაჭერას თბილისის ნაკლებად შეძლებული შემოგარენის მოსახლეობის, დაბალი კლასების წარმომადგენელთა მხრიდან.
თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, სავარაუდოა, რომ ერთი ან რამდენიმე ასეთი პარტია გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, რაც მათ უზრუნველყოფს მანდატებით პარლამენტში. გარდა ამისა, ზოგიერთი პარტია, რომელიც 2012 წელს შედიოდა ქართული ოცნების კოალიციაში, ახლა მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ასეთია, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, რომლის წარმომადგენლები დღესაც არიან ხელისუფლებაში. ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ მოიპოვებენ ადგილებს პარლამენტში, არ ჩქარობენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას და გამოთქვამენ იმედს, რომ შეძლებენ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას. ორივე პარტია ურყევად ემხრობა ევროატლანტიკურ კურსს.
მართალია, ბევრი გამოთქვამს იმედს, რომ 2016 წლის ოქტომბერში ქართველ ხალხს მიეცემა კიდევ ერთი შესაძლებლობა, ხელახლა დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ევროატლანტიკური დღის წესრიგისადმი, მაინც არსებობს შიში, რომ ზოგიერთი პოპულისტური პარტია შეასრულებს როლს რუსეთის ამბიციურ გეგმებში საქართველოში გავლენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ეს პარტიები ბევრად ნაკლები ენთუზიაზმით უჭერენ მხარს გაწევრებას ნატოსა და ევროკავშირში, ხოლო ზოგი მათგანი, მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მქონე პარტიების ჩათვლით, ცალსახად ეწინააღმდეგებიან მას. მავანნი შიშობენ, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში არსებული შეფერხება არჩევნებამდე პერიოდში წყალს დაასხამს სწორედ მათ წისქვილზე. სავარაუდოდ, დასავლეთის მოთხოვნა, რომ საქართველოში სრულად იყოს დაცული ლგბტ საზოგადოების და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, ასევე, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში პოპულისტური პარტიების მიერ თავის სასარგებლოდ. ამ მხრივ, საქართველოს გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის როლი დღესაც არაერთგვაროვანია. მართალია, ითვლება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, სიმპათიით არის განწყობილი საქართველოს დასავლური ორიენტაციისადმი, ეკლესიის ბევრი წევრი სრულიად სხვაგვარად აზროვნებს.
ასე რომ, ეს არჩევნები იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და მიზანდასახულობის მნიშვნელოვანი გამოცდა.
ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან – მოყირჭებასთან გაზავებული სიუხვე
წლების განმავლობაში ევროკავშირი იჩენს გულუხვობას საქართველოსთან მიმართებით. მოყოლებული 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჰუმანიტარული დახმარებით და 2008 წლის შემდეგ საბიუჯეტო მხარდაჭერით, ასევე დაწყებული 2008 წელს მძლავრი სოლიდარობით რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და დამთავრებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების, მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების განხორციელებით დამთავრებული, ევროკავშირი თანამიმდევრულ მხარდაჭერას უწევს საქართველოსა და მის მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ბიუროკრატიული მანქანის ზოგიერთ ნაწილში, ასევე ზოგ წევრ სახელმწიფოში, ასევე იგრძნობა გარკვეული მოყირჭება საქართველოსთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად ახსენებენ, რომ მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ ასოცირების ხელშეკრულების ქმედითობის უზრუნველყოფაზე.
ემზადება რა ბრექსიტის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან საბრძოლველად, ევროკავშირის პრიორიტეტი იქნება საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ჯერჯერობით და უახლოეს მომავალში ევროკავშირი არ იქნება მზად საქართველოს საბოლოო მიზნისკენ, ანუ ბლოკში მისი მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. მეორე მხრივ, იშვიათად თუ არის გამოთქმული აზრი, რომ ეს საერთოდ არ მოხდება მომავალში, როგორც ამას ვხედავთ გაწევრების მსურველი სხვა ქვეყნების შემთხვევაში. უბრალოდ, გაფართოება ამ ეტაპზე არ არის ევროკავშირის დღის წესრიგში.
მიუხედავად სირთულეებისა, ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაინც წარმატებულია. ის ახლა შედის ახალ ფაზაში, სადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს აქამდე მიღწეულის კონსოლიდაციაზე, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების ქმედითობა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. დროთა განმავლობაში ამოტივტივდება ისეთი საკითხები, რომლებიც მომავალშიც გამოცდას მოუწყობს ამ ურთიერთობას (ძირითადად, გაუმართლებელი მოლოდინების შედეგი), მაგრამ, მყარი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი იქნება. შესაბამისად, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს გრძელვადიანი პერსპექტივა და დაისახოს ამბიციური დღის წესრიგი: კანონმდებლობების დაახლოება, თანამშრომლობის გაფართოება, განსაკუთრებით განათლების სფეროში, და ბიზნესებს შორის კონტაქტების განმტკიცება. სწორედ ასეთი კონკრეტული, მდგრადი ინიციატივები განსაზღვრავს მომავალს.
http://www.epc.eu/pub_details.php?cat_id=4&pub_id=6796