ქართული საზოგადოების პოლიტიკური მოლოდინი
მოქალაქეს დაბადებიდან აკისრია მოვალეობები და მინიჭებული აქვს უფლებები. მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, იყოს აქტიური და სახელმწიფო მართვაში ჩართული. ტენდენციები ცხადყოფს, რომ მისწრაფება და სურვილი თეორიულად არსებობს, თუმცა პრაქტიკულად რამდენად არსებობს სამოქმედო პლატფორმა და საჯარო სტრუქტურების მიერ რამდენად შედეგიანად ხორციელდება საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი რთულად სათქმელია.
დღეს, ქართულ საზოგადოებას გათვიცნობიერებული აქვს, რომ ქვეყნის განვითარების ძირითადი რესურსი არის ხალხი, რომელიც:
- ამოძრავებს დემოკრატიას და გააჩნია პოლიტიკური ინსტრუმენტები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის;
- ხელს უწყობს მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნას;
- თვითინიციატივითა და ერთგვარი წესთა ერთობლიობით მიმართულია გლობალური თუ ლოკალური გამოწვევების დაძლევისაკენ;
- საინიციატივო ჯგუფებისა თუ პროფესიული პლატფორმების ფორმირებით ცდილობენ აღმასრულებელ უწყებებთან თანამშრომლობას. თუმცა, საქართველოში აღნიშნული ფორმის თანამშრომლობა იშვიათად ხდება. შესაბამისად, ქვეყანა აღნიშნულ რესურსს ვერ/არ იყენებს;
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქალაქეობრივი აქტივობის პროცესის შედეგები უცნობია. საინიციატივო ჯგუფების (განსაკუთრებით მეცნიერ-მკვლევარების) აქტივობებს არ ექცევა ყურადღება მთავრობის მიერ. მაგალითად, საზოგადოებრივ სივრცეში ხშირია სახელმწიფოსათვის რეკომენდაციების წარდგენა, სტრატეგიის მიწოდება, სხვადასხვა სპექტრის წინადადებების შეთავაზება. თუმცა, ქვეყანაში ასეთი ტიპის თანამშრომლობის ფორმა, ან იგნორირებულია, ან შედეგი არ აქვს. ასევე, არც მეცნიერ-მკლევარები განიხილება ქვეყნისათვის სტრატეგიულ რესურსად. შესაბამისად, სახელმწიფოში მცირეა ახალი პროექტები, ზოგადია ახალი პროგრამები, ბუნდოვანია ახალი ვექტორები.
აღსანიშნავია, რომ მთავარია არა მთავრობისა და ხალხის თანამშრომლობის, კომუნიკაციის თუ მართვაში ჩართულობის „უბრალოდ ფაქტი თუ პროცესი“, არამედ მოქალაქეებთან თუ აკადემიურ სექტორთან კომუნიკაციის შედეგები.
წესით, მოქალაქეებთან რომ ითანამშრომლო, მინიმუმ აკადემიურად უნდა იაზროვნო, კომპლექსურად იცოდე საკითხი, იცოდე მეცნიერული ინსტრუმენტები, ფლობდე მმართველობით უნარ-ჩვევებს, იცოდე კვლევა, ანალიზი და სინთეზი. საზოგადოება, საჯარო მმართველებისაგან ითხოვს კომპეტენტურობასა და კონკრეტული დარგის კომპლექსურ ცოდნას. მხოლოდ ამის საფუძველზეა ადვილი სწორი პროგნოზების გაკეთება, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა, რაც ჯამში ასახული იქნება კანონების, სამთავრობო პროგრამებისა და განვითარების სტრატეგიების შექმნით.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კვლევის შედეგები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან, პოლიტიკური კვლევების შედეგად წარმოდგენილი არაა პოლიტიკური ცვლილებების საჭიროება. მის ნაცვლად ნაჩვენებია ძველი პოლიტიკისათვის სასურველი შედეგები, პოლიტიკური პარტიებისათვის „საჭირო რეიტინგები“. ჯამში, კვლევებით „დადასტურებულია“ ძველი პოლიტიკური გარემოს საჭიროება და უცვლელობა.
დამაინც, ქვეყანაში საზოგადოებრივი აქტივობისა და განვითარების „გასაღებს“, საპარლამენტო არჩევნებში გასული პოლიტიკოსები ფლობენ. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოს საზოგადოების მოლოდინიც მაღალია, მათ შორის:
- განათლებისა და ცენზის მიხედვით დაფასება, ჯეროვანი სახელფასო და საპენსიო ანაზღაურება, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის დადგენილი პირობები, სოციალური და პერმანენტული განვითარების პირობები;
- ხელისუფლების კონფიგურაცია უნდა ეფუძნებოდეს კომპეტენტურ, დარგის კომპლექსურად მცოდნე საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შედეგებსა და მიღწევებს;
- ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს მუდმივად პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბარს, გამოწვევების სხვებზე გადაბრალებით „განტევების ვაცის“ ძიებას. მხოლოდ კომპლექსური ცოდნის საფუძველზეა ადვილი სწორი პროგნოზების გაკეთება, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა, რაც ჯამში წარმოდგენილი იქნება კანონების, პროგრამების, სტრატეგიების შექმნით;
- გარანტირებული უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ღიაობის უზრუნველყოფა, ეთიკური პრინციპების დაცვა. ეს კი მიღწევადია უფლება-მოვალეობების სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველზე.
კვლევები ცხადყოფს, რომ ხალხის მოლოდინი მიღწეული იქნება, თუ ქვეყანაში გაიზრდება:
- საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა სახელმწიფო მართვაში;
- მთავრობასთან თანამშრომლობის ფორმები და პლატფორმების მრავალფეროვნება, რაც, ჯამში, ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების ეფექტიანობის ზრდას;
- საჯარო მმართველობის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, ვალდებულება და ანგარიშვალდებულება;
- ახალგაზრდა, „პოლიტიკურად სუფთა“ მეცნიერ-მკვლევართა რაოდენობა რესურსამოწურულ პოლიტიკურ გარემოში;
- ანგარიშვალდებულების მონიტორინგი, გამჭვირვალობის ზრდისათვის;
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ინფორმაციის ქაოსში, სადაც ძველი პოლიტიკა, ხალხის დაყოფას ახდენს კრიტიკოსებად (ოპოზიცია) და მომხრეებად (პოზიცია), ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ:
- ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს აკადემიური ჯარისკაცები და ვემსახურებით ქართულ სახელმწიფოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაეფექტიან და უშედეგო მართვას მოვუძებნით ნათელ მხარეებს და საზოგადოებას შეცდომაში შევიყვანთ;
- ჩვენ მიერ პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება ისედაც „შელამაზებული და რბილად გადმოცემულია“. ჩვენი აქცენტები მიმართულია პიროვნებების შესაბამისი პატივისცემის, პოლიტიკური სიტყვის ზრდის, პოლიტიკური გარემოს ძლიერებისა და მძლავრი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ, პოლიტიკური გარემოს შეფასებას არ ვახდენთ კონკრეტული პირებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების საფუძველზე;
- ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ემსახურება სახელმწიფოს კეთილდღეობაში წვლილის შეტანას. სახელმწიფოს კეთილდღეობაზე პრაქტიკულ ზრუნვას (და არა კრიტიკას ან მხარდაჭერას);
- ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს (პოზიციას თუ ოპოზიციას) სურს, როგორც ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, საკუთარი თავის დამკვიდრებას, ისე ქვეყნის მშენებლობაში წვლილის შეტანა, ისტორიაში ჯეროვანი ადგილის დამკვიდრება. თუმცა, რამდენად შესაბამისია საზოგადოების მოთხოვნებისადმი აღნიშნული სურვილები თუ მისწრაფებები, რამდენად აქვს ამის რესურსი (ინტელექტუალური, ორგანიზაციული) და პოტენციალი ამას მიღწეული შედეგები გვიჩვენებს;
- აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვემსახურებით სახელმწიფო სისტემას, ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ამასთან, გვინდა ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც იქნება ხალხზე მორგებული და არა მმართველის პოტენციალზე მორგებული. გვინდა ისეთი მმართველობითი გარემო, სადაც „პოლიტიკურ ძალაუფლებას“ ექნება ვადა და „სხვადასხვა ფორმით“ შთამომავლობით გადაცემული არ იქნება. აღნიშნული მიდგომა შექმნის ძლიერ სახელმწიფოს სისტემის;
- დაბოლოს, სოციუმი თუ უფრო აქტიური იქნება (განსაკუთრებით პოლიტიკაში), ბუნებრივია, სახელმწიფოს კეთილდღეობის ზრდა, დემოკრატიის მდგრადობა და საზოგადოების კეთილდღეობა მაღალი იქნება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სოციუმის აქტივობას ქმნის ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ქართული საზოგადოება წარმოშობს.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე