„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღია კარის დღეები იმართება

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეკონომიკის სამინისტროს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ „ღია კარის დღეზე“ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს. დამსწრე საზოგადოებას პროგრამის დეტალები ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ გააცნეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ „სტარტაპ საქართველო“ არის უნიკალური და ინოვაციური პროგრამა, მას ახასიათებს ბევრი ისეთი თავისებურება, რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებით, დეტალურად ახსნა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პოტენციურად შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. ღია კარის დღეების გარდა, ინტენსიურად დავდივართ რეგიონებში და ვატარებთ პრეზენტაციებს. გვიხარია, რომ ძალიან მაღალია პროგრამისადმი ინტერესი“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ.
პროგრამისადმი დიდ დაინტერესებას გაუსვა ასევე ხაზი  ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ. მისი თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მომსახურება მიიღონ ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებულ ფრონტ-ოფისში, ასევე ისარგებლონ ინტერნეტ-გვერდით (www.startup.gov.ge) და სატელეფონო ცხელი ხაზის მომსახურებით.
„ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამამ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მთავარი ამოცანაა, რომ იპოვოს მაღალტექნოლოგიური სტარტაპები, მოახდინოს მათი დაფინანსება, დაეხმაროს შემდგომი ინვესტირების მოპოვებაში. მათ თითოეულ განაცხადს შეაფასებენ ვენჩურული ინვესტორები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ,   „სილიკონ ველიდან.“ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსების  მიღებასთან ერთად წარმატებულ, საუკეთესო სტარტაპებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით წარადგინონ თავიანთი პროექტები უფრო ფართო სპექტრით, ინვესტორების წინაშე, მიიღონ დამატებითი დაფინანსება და გააძლიერონ თავიანთი ბიზნესი“, – აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი,  მომდევნო „ღია კარის დღეები“ ტექნოპარკში  14 და 28 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა  „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება დაიწყეს.  პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესის იდეა, მაგრამ არ აქვს მისი განხორციელებისთის საჭირო ფინანსური რესურსი,  გამოიყენონ უნიკალური შანსი განახორციელონ და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები