რას ელოდება საქართველო ვარშავის სამიტისგან – ქვეყანა მზად არის, ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 27-ე სამიტისთვის ემზადება.
ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სამიტთან დაკავშირებით, რომელსაც ვარშავამ 8-9 ივლისს უნდა უმასპინძლოს, დიდი მოლოდინი აქვს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში.
საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოში ელოდებიან, რომ ნატოს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი სათანადოდო იქნება აღიარებული ვარშავის სამიტზე და გადაიდგმება ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ელის.
ის, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიული პარტნიორია, ამას ალიანსის წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს და განსაკუთრებულ ყურადღებას ნატოს ოპერაციებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობაზე ამახვილებენ.
საინტერესოა, რა კონკრეტულ შედეგს მოუტანს ვარშავის სამიტი ქვეყანას ნატოსკენ მიმავალ გზაზე და რას ითხოვს ქართული მხარე სამიტისგან.
როგორც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, ერთ-ერთი, რასაც საქართველო ითხოვს, ეს არის სამხედრო გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოში, ზუსტად ისე, როგორც ხდება თურქეთის ან ბულგარეთის პორტებში.
მისი თქმით, საქართველოს პორტები უნდა გახდეს მარშრუტის ნაწილი, ზუსტად ისე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაა.
„შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო მზად არის, ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.13566187_489077701298418_1744955244_n
რაც შეეხება ნატოს გაფართოების მიმართულებით არსებულ პოლიტიკას და მოლოდინებს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე მონტენეგროს გაწევრიანება არის საუკეთესო გზავნილი საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება.
თინა ხიდაშელის თქმით, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნება მთავარი ამბავი ვარშავის სამიტზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„პირველი ეს არის, რომ ვარშავის სამიტზე ნატო ფართოვდება, მონტენეგროს გაწევრიანება არის საუკეთესო გზავნილი საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება და მეორე – აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება და სამხედრო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ხორციელდება, არის საუკეთესო დაცვა და ფარი ნატოს პარტნიორებისთვის“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
უკვე ცნობილია, რომ ნატოს სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ვარშავაში ბევრ საკითხზე იქნება მსჯელობა, განსაკუთრებული ყურადღება კი ორ მთავარ საკითხს: შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებას და ალიანსის საზღვრების გარეთ სტაბილურობის უზრუნველყოფს დაეთმობა.
“ეს საკითხი აქტუალურია ჩვენი მეზობლებისთვის, უკრაინისთვის, მოლდავეთისთვის, საქართველოსთვის, სადაც მათთან ერთად ვმუშაობთ მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, თავდაცვითი ინსტიტუტების რეფორმირებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც უფრო სტაბილური იქნება ჩვენი სამეზობლო, მით უფრო იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ, ჩვენს საზღვრებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ინტერესებშიც შედის“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოსთვის ვარშავის სამიტზე შეიძლება მოხდეს, ალიანსმა უნდა მიიღოს საუკეთესო სტრატეგია რუსეთის შესაკავებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვარშავის სამიტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიმართულებით.
“აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება ყველაზე ეფექტიანი პასუხი რუსეთის მცდელობებზე“- აღნიშნავს მინისტრი.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი კი ამბობს, რომ ნატო დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებსა და იდეებს წამოაყენებს.
“ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს, დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში“, – აცხადებს აპატურაი. 13552632_489077781298410_1967763908_n
რაც შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (მაპი)
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ის რომ იყოს ასპირანტი ქვეყნიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატოში შესვლა და არა მაპის მიღება.
მისი განმარტებით, მაპი, როგორც წევრობის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს.
„რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მაპი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას“,-აცხადებს აპატურაი.
საქართველოს მიზანი არა მაპი, არამედ ნატოს წევრობაა – ასე გამოეხმაურასაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯეიმს აპატურაის აღნიშნულ განცხადებას.
როგორც ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოს მიზანი არა მაპი, არამედ ნატოს წევრობაა.
“არ ვითხოვთ ჩვენ მაპს. არ გვაქვს ამის არც მოთხოვნილება, არც ახირება და არც ჩვენი მიზანი ეს არ არის. ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა. არცერთხელ არ მომითხოვია, არცერთ მინისტერიალზე მაპი. მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატოში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მინდა დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით იმისთვის, რომ როდესაც ფანჯარა გაიღება, მზად ვიყოთ მასში შესასვლელად. ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთი შევიდა, ჩეხეთი, პოლონეთი, ბევრი ქვეყანა და ხვალ, თუ ზეგ გაწევრიანდება მონტენეგრო“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ალიანსის წევრობა მაპის გარეშეც რომ შესაძლებელია, ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავაშოღლუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს უკვე არაერთხელ გვითქვამს. 2 წლის წინ უელსის სამიტზეც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტი უნდა იყოს ნატოს გაფართოების სამიტი. რა თქმა უნდა, თურქეთი ვერ იქნება გარანტორი, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და უნდა გახდეს ნატოს წევრი. მაპის გარეშე ეს ტექნიკურად შესაძლებელია“, – განაცხადა მევლუთ ჩავაშოღლუმ.
„კვირასთან“ საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მაპი არ არის აუცილებელი წინაპირობა ნატოში გაწევრიანების გზაზე.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, ნატოსთვის კარგად არის ცნობილი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, და აუცილებელია საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებაც.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ბოდიშს უხდის რუსეთის პრეზიდენტს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, მდგომარეობას შეცვლის ალიანსის ხედვაზეც და ამ მხრივ სხვა მიმართულებით წაიყვანს შავი ზღვის მიმართ დამოკიდებულებას.
„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მდგომარეობა, ერდოღანი ბოდიშს უხდის რუსეთის პრეზიდენტს, თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. რაც შეეხება შავი ზღვის საკითხს, მოცემულ სიტუაციაში ამ კუთხით უსაფრთხოების არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ნატოს გაფართოების საკითხს რაც შეეხება, ცხადია, ვარშავის სამიტზე ეს არ იქნება უმთავრესი თემა, რადგან ალიანსს სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ცისკარიშვილმა. 13553338_489077784631743_1532781890_n
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც შეიძლება აღნიშნული სამიტიდან მივიღოთ, ეს იქნება ის, რომ შავ ზღვაში ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები განხორციელდეს .
„ეს იქნება ყველაზე კარგი მონაპოვარი ვარშავის სამიტიდან. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კონკრეტული შეფასებების გაკეთება, ვარშავის სამიტის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა შარაშენიძემ.
ნატოს 27-ე სამიტი პოლონეთის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
სამიტში მონაწილეობას 2500 ვიზიტორი, 1500 ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული უსაფრთხოების ოფიცერი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები