“დაგეგმილი ოპერაცია და ისლამისტების ლიდერის დაღუპვაზე შურისძიება” – როგორ აფასებენ სტამბოლის ტერაქტს ქართველი ექსპერტები
„კარგად დაგეგმილ ოპერაციას“ უწოდებენ ქართველი ექსპერტები სტამბოლის აეროპორტში სამშაბათს საღამოს განხორციელებულ ტერაქტს, რომლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 36 ადამიანი დაიღუპა და 147 დაიჭრა.
როგორც „კვირას“ ექსპერტმა ზაალ კასრელიშვილმა განუცხადა, ეს ფაქტი დაკავშირებულია თურქეთის საერთაშორისო პოზიციასთან, რომელიც ნატოსა და დასავლეთის ზეწოლის შემდეგ სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ჩაერთო.
„ეს ტერაქტი არის „ისლამური სახელმწიფოს“ ხელწერა. მათ ასეთი ტაქტიკა უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს – ეს არის ე.წ. ჰიბრიდული შეტევები, ჯერ ტერორისტები იწყებენ სროლას, ხოლო შემდეგ, როდესაც მათ უშიშროების ძალები, ან პოლიცია ალყაში მოაქცევს, თავს იფეთქებენ და ამის შედეგად მრავალი ადამიანი იღუპება. მათ ასეთი ტაქტიკა გამოიყენეს საფრანგეთში და აშშ-ში“, – აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, კასრელიშვილი ამ ფაქტსა და ბოლო ტერაქტს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს.
მისი აზრით, თურქეთში სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მოქმედებენ, ვინაიდან ეს ქვეყანა ყველაზე სერიოზული მოთამაშეა შავი ზღვის აუზში და ნატოს კორიდორი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე სერიოზული მოთამაშე შავი ზღვის რეგიონში.
„მე ასევე არ გამოვრიცხავ, რომ თავდასხმები უკავშირდებოდეს ერდოღანის მცდელობას, მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან“, – აცხადებს კასრელიშვილი.
მისივე თქმით, ისლამისტები გააქტიურდნენ თურქეთში, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ თავისუფალი გადაადგილება აღარ ხდება თურქეთის ტერიტორიაზე. ასევე თურქეთში ქურთ მებრძოლთა ჯგუფები მოქმედებენ. თურქეთმა გაანადგურა „ბოევიკების“ ინფრასტრუქტურა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე.
„რაც შეეხება საქართველოს, რადიკალური ისლამის საფრთხე ყველას და ყველაფერს ემუქრება. საქართველოში განსაკუთრებული ინტერესი მათ ამ ეტაპზე არა აქვთ, ვინაიდან საქართველო არ არის გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში მოთამაშე ქვეყანა. ჩვენ თვითონ ვართ გლობალური პოლიტიკის მსხვერპლი.საფრთხე ადრეც იყო, მომავალშიც იარსებებს და ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა“, -აცხადებს კასრელიშვილი.
ამასთან როგორც კასრელიშვილი აცხადებს, „ისლამური სახელმწიფოს“ მასობრივი დაბომბვების დაწყების შემდეგ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტაქტიკა შეცვალა – ის გაიშალა ათეულებად, ასეულებად და უფრო ფართო ტერიტორიაზე დაიწყო მოქმედება.
„მათი სამიზნე არის თურქეთი, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. ამასთანავე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შემდეგი სამიზნე შეიძლება სამხრეთ კავკასიაც გახდეს. რა თქმა უნდა, საქართველოში რუსეთის გავლენის მატებამ შეიძლება ისლამისტების თავდასხმის საფრთხე გააძლიეროს. თურქეთში ვითარება არ დაწყნარდება, ის კიდევ უფრო დაიძაბება – თურქეთის ხელისუფლებას ოპოზიციასთანაც აქვს პრობლემები, ქურთ სეპარასტიებთანაც და „ისლამურ სახელმწიფოსთანაც“, – აცხადებს კასრელიშვილი.
„ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის ხელისუფლებას მოღალატედ აღიქვამს. ისინი სუნიტი მუსულმანები არიან, თურქეთშიც, ძირითადად, სუნიტი მოსახლეობა ცხოვრობს, ასე რომ, ესენი, მათი აზრით, მოღალატეები არიან. თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია, ჩვენი მეზობელია თურქეთი, ასე რომ, ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტერორიზმის ცეცხლი ჩვენთან არ გადმოვიდეს“, – აცხადებს კასრელიშვილი.
ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, „ისლამური სახელმწიფო“ ახალ ტაქტიკაზე გადავიდა. ის უტევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს. დაახლოებით ანალოგიურ სტილში თავდასხმა მოხდა ყაზახეთის ქალაქ აქტობეში. იქაც ისლამისტებმა, ფაქტობრივად, სამხედრო ოპერაცია განახორციელეს და ქალაქის რამდენიმე რაიონში დაშინების ასეთი აქცია მოაწყვეს.
„ისინი ურტყამენ მნიშვნელოვან საკვანძო არტერიებს. ათათურქის აეროპორტი ეს არ არის მხოლოდ აეროპორტი. ეს არის ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონა. სავაჭრო-სატრანზიტო კომუნიკაციის ცენტრი“, – აცხადებს მაისაია.
მისი აზრით, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას ეს ფაქტი ნაკლებად უკავშირდება, ეს ტერაქტი ერდოღანის ბოლო განცხადებებამდე ბევრად ადრე მზადდებოდა. ეს იყო ფაქტობრივად სამხედრო დივერსია. ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა დაკავშირებულია საბრძოლო ოეპრაციებთან, რაც მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. ამას შესაძლოა, შურისძიების კვალიფიკაცია მიეცეს. რამდენიმე დღის წინ კოალიციის ძალებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი – ალ ბაღდადი მოკლეს და ეს შესაძლოა, იყოს შურისძიების აქტი.
„ჩემი ინფორმაციით, ეს თავდასხმა ოთხკაციანმა შერეულმა ჯგუფმა მოაწყო. მასში თურქებიც და სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ. შესაძლოა, მათ თანამზრახველები ჰყავდათ. რაც შეეხება საქართველოს, აქ ასეთ დროს ყოველთვის იზრდება საფრთხის დონე. ეს მოხდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში. უნდა ვიყოთ ფრთხილად და თუ საჭიროა, მოხდეს ტერორისტული საფრთხის დონის მატება“, – მიაჩნია მაისაიას.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ტერორისტების ტაქტიკაში ახალი არაფერია. არეშიძე ამ ფაქტს „სამწუხარო ვითარებას უწოდებს, რაც თურქეთის ყოველდღიურობისთვის არის დამახასიათებელი“.
„მიუხედავად იმისა, რომ ქურთული სეპარატიზმი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იყო შიდა დაპირისპირება თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთებს შროის, ტერაქტების მასშტაბმა ახლა ძალიან მძიმე ფორმა მიიღო. ეს ხშირ შემთხვევაში თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით არის გამოწვეული. თუ ადრე მხოლოდ ქურთი სეპარატისტი და ქურთი ტერორისტი იყო დამახასიათებელი თურქეთისთვის, ახლა ამას ფუნდამენტალისტური ტერორიზმიც დაემატა, რომლის ავტორები პოლიტიკური ისლამის მიმდევრები არიან. არსებობს ტერაქტები, რომლებიც ხშირად ინსპირირებულია მესამე ქვეყნების მიერ, რათა ერდოღანის იმპერიულ ამბიციებს ხაზი გადაესვას. ასეა თუ ისე, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური აქტივობა ჩანს დღეს თურქეთში და მისი საბოლოო ეტაპი არის ტერორისტული აქტი, რომელსაც, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი მოქალაქე ეწირება“, – აცხადებს არეშიძე.
არეშიძე ამბობს, რომ რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაპირისპირებას და ერდოღანის განცხადებას, რომ ის ნანობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო, ეს არის უდავოდ უკან დახევა მისი მხრიდან და მის პრესტიჟს ზიანს აყენებს. არეშიძის თქმით, ერდოღანი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მას ახლა უკან დახევა აღარ შეუძლია.
„ერდოღანის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ყველა მეზობელთან გაიფუჭა ურთიერთობები. ევროკავშირთან, რუსეთთან, არაბულ სამყაროსთან, ირანთან. ამ დაპირისპირებას თურქეთის ტურისტულ ბიზნესის ფაქტობრივი კრახი მოჰყვა. პოლიტიკური ისლამისტების გააქტიურებაც ერდოღანის დამსახურებაა, რომელმაც მანამდე მისი ლიდერები ციხიდან გამოუშვა. ერდოღანი იძულებული იქნება, უკან დაიხიოს, მაგრამ როდემდე დაიხევს, რთული სათქმელია“, – ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება საქართველოს, მამუკა არეშიძის აზრით, მას ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ რაც გვაქვს საფრთხე, ეს თურქეთთან უშუალო კავშირში არ არის. საქართველოში არსებობენ ფუნდამენტალისტური ორგანიზაციები, მაგრამ მათ ტაქტიკა შეცვალეს და გადავიდნენ იდეოლოგიურ მუშაობაზე. ისინი ასეთი გზით მომხრეებს ეძებენ. ეს პირდაპირ მიმართული არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავლენების გასაძლიერებლად არის მიმართული“, – განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება თურქეთში არსებულ ვითარებას, იქ, არეშიძის აზრით, შეიძლება ითქვას, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ტანკები დაგრუხუნებდეს სტამბოლში, ან ანკარაში. მაგრამ ის მდგომარეობა, რაც შეექმნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც ხელისუფლება რამდენიმე ქალაქს ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს და იგივე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერაქტების გაზრდილი საფრთხე, ერდოღანს და მის ხელისუფლებას ურთულეს მდგომარეობაში აყენებს.