დიმიტრი ქუმსიშვილმა EFTA-ს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი გაძლიერებისთვის, – განაცხადა შვეიცარიაში, EFTA-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა
„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს უაღრესად ყოვლისმომცველი და მაღალი ხარისხის დოკუმენტია, რომლის მიზანია საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია და რომელიც მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს. მისი მიზანია თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფა ყველა მონაწილე მხარისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, მხარეების მიერ კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობის შედეგად ექვსი თვის განმავლობაში სულ რაღაც სამ რაუნდში მოხერხდა მოლაპარაკებების წარმატებული დასრულება, რაც ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
„2016 წლის იანვარი-მაისის მონაცემების მიხედვით, ვაჭრობის ბრუნვა 23%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს ციფრები არაფერია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია და სწორედ ამ მაჩვენებლების გაზრდისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოვლენილი და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობები ყველა მხარისთვის თანაბრად მომგებიანი იქნება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული ბიზნეს-გარემო EFTA-ს ქვეყნების კომპანიებისთვის ერთგვარი გამტარი იქნება რეგიონის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, შეთანხმება ქართული ბიზნესისთვისაც მომგებიანია, ვინაიდან იგი დამატებით 14-მილიონიანი მოსახლეობისგან შემდგარი ბაზრის კარს ხსნის ქართული კომპანიებისთვის. ამასთან, გაცილებით მცირდება ტარიფები, რომელთა დაფარვაც დღეს ქართველ ექსპორტიორებს უწევთ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემთხვევაში. როგორც უკვე აღინიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით წვდომა საქართველოს აქვს 800 მილიონიან ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნების, ასევე თურქეთის ბაზრებზე. ამასთან, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ თავისუფალი სავაჭრო პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩვენს დანარჩენ პარტნიორებთან. შესაბამისად, EFTA-ს ქვეყნებთან ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ჩაერთოს სავაჭრო ურთიერთობებში ევროპის კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანასთან, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა დელეგაციას, მოლაპარაკებების პროცესში მუყაითი და ეფექტური მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს ბიზნესსექტორის ინფორმირებულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები