დავით უსუფაშვილი: შევეცდები, დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპის პრესტიჟის საქმეა ევროსკეპტიკოსებს ნათლად დაანახვოს, რომ ცალკეულ ქვეყნებში ცალკეული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ევროპის განვითარების ძირითად კურსს.
”ამ ევროპის განვითარების ძირითად კურსში ეწერება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში სხვა საკითხებმა გადაფარა ბევრი, მათ შორის საქართველოს თემა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი მოიხსნება დღის წესრიგიდან“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ბრიუსელში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„შევეცდები, დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა,“ -თქვა მან.
დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგები, ”ლიბერალ-დემოკრატიული” პარტიების ლიდერები, მათ შორის, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, ამ მიდგომას მხარს დაუჭერს.
„პირადად ჩემი მოწვევაც ამ ღონისძიებაზე იმით არის განპირობებული, რომ ”ლიბერალურ-დემოკრატიული” პარტიები სწორედ ასე უყურებენ ამ საკითხს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც დღის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს შეხვდება.