ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები და მთავრობის წევრები
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.
ამერიკულ საინფორმაციო პორტალ http://www.vox.com/-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო.
“კვირა“ დაინტერესდა, რა კრიტერიუმების შესწავლით კეთდება შეფასება და რა გამოსავალი არსებობს არსებული სავალალო ვითარების შესამსუბუქებლად.
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით იზომება.
როგორც ჩხობაძემ “კვირას“ განუცხადა, მათ შორისაა ის, თუ რომელ წელს გამოშვებული ავტომობილები ჭარბობენ ქვეყნის ავტოპარკში, რა ოდენობის და რა ხარისხის საწვავს მოიხმარს ქვეყანა და არსებობს თუ არა შესაბამისი რეგულაციები – მაგალითად, ტექდათვალიერების ვალდებულება.
“მსგავის შეფასებები კეთდება არა ერთ, არამედ რამდენიმე გარემოებაზე დაყრდნობით, მათ შორისაა ის, თუ რომელ წელს გამოშვებული ავტომობილები ჭარბობენ ქვეყნის ავტოპარკში, რა ოდენობის და რა ხარისხის საწვავს მოიხმარს ქვეყანა და არსებობს თუ არა შესაბამისი რეგულაციები – მაგალითად, ტექდათვალიერების ვალდებულება, ატმოსფერული ჰერის დაცვის მექანიზმები და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის გამართული ქვეყანაში და დიდი ხანია მოშლილია რაც, ჯამში, იძლევა სავალალო სურათს. ასევე სპეციალისტები სწავლობენ, საიდან და რა ხარისხის საწვავი შემოდის ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიხედვით ხდება გამონაბოლქვის დონის გამოთვლა“, -აცხადებს ნინო ჩხობაძე.
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტექდათვალიერების შემოღებასთან ერთად საჭიროა სხვა ღონისძიებების გატარებაც, რომლებიც კომპლექსურად შეძლებენ ვითარების გამოსწორებას.
“მხოლოდ ტექდათვალიერების შემოღება, არ უშველის ამ სავალალო სურათის გამოსწორებას, აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლი, გზების გამართულობა, მწვავე ზონების არსებობა – მეტი კომპლექსური ღონისძიებაა გასატარებელი, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“,-აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით არსებული კრიტიკული ნიშნულის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებია.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ხელისუფლებისგან სჭირდებათ მეტი კონკრეტიკა, თუ როგორ და რა ღონისძიებები იგეგმება ამ მიმართლებით.
“ჩვენ გვაიტერესებს, კონკრეტულად რას აპირებს ხელისუფლება ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს დგამს, რომ ტექდათვალიერება ამოქმედდეს და ამან მოიტანოს რეალური, ეფექტური შედეგი. ამ თემაზე კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, აცხადებენ, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუმცა ჩვენ – არასამთავრობო სექტორს გვსურს გაცილებით ნათელი სურათი“,- განუცხადა “კვირას“ ეკატერინე ლალიაშვილმა.
მთავრობის წევრები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.
„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით. ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა მახინჯი ფორმა (და, მართლაც, ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში), ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში, სავალდებულო ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, 2017 წელს ამოქმედდება. საქართველოს ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ჰაერის ნაკლები დაბინძურებისთვის, მნიშვნელოვანია, როდესაც სამშენებლო ნებართვა გაიცემა ენერგოეფექტურობა იქნას გათვალისწინებული.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშზე კომენტარი გაკეთდა გარემოს დაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, სტატია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება, 2012 წლის კვლევებს ეფუძნება, ”შესაბამისად, დასაზუტებელია”.
”სტატიაში არის მომენტები, რაზეც კომენტარის გაკეთება ახლავე შეგვიძლია. მაგალითად, ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მე-4 ეტაპი. ეს გაზომვები ხდება როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშუალებით, რომელიც ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქშია განთავსებული”, – განაცხადა გრიგალავამ.
მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის შემოწმება ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ყველას მიეწოდა და მასში დეტალურადაა ნათქვამი, თუ სად როგორი ჰაერი გვაქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.
„შემოწმების შედეგად აღნიშნა მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები, თუმცა არაფერი ისეთი საგანგაშო, როგორც დღევანდელ სტატიაშია, ჩვენ არ აღმოგვიჩენია”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ საზოგადოებას დაზუსტებულ ინფორმაციას დღის ბოლოსთვის მიაწვდიან.