რა შეფასებები მოჰყვა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე.
„შესაბამისად, ნებისმიერ ჩემს შემდეგ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მოაწერა.
სავალდებულო გაწვევის გაუქმება თინათინ ხიდაშელის მიერ დადებული ერთ-ერთი პირობა იყო. თავდაცვის მინისტრის ბრძანება მთავრობას უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურში იდგნენ ყველგან, სადაც ამას მათი ქვეყანა მოითხოვს. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ, მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ, მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღემდე მოქმედი წესით, თავდაცვის სამინისტრო მიმართავდა მთავრობას ყოველი გაწვევის წინ და ეკითხებოდა, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა საჭირო. შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან არჩევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში გაივლიდნენ სამსახურს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილმა „პოლიტიკურ სვლად,“ შეაფასა იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის მინისტრი მთავრობაში ერთ-ერთია იმ სამიდან, ვისაც, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მინისტრის პორტფელის დატოვება მოუწევს. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გარეშე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები არც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ თინა ხიდაშელის გარეშე ამ პარტიის საარჩევნო სია წარმოუდგენელია.
პრემიერ-მინისტრის აპარატი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს.
შესაბამისად, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს პოზიციაც, რომელსაც მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაეთანხმა.
”სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ”, – მიაჩნია გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.kvirikashvili (3)
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხად აფასებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მინისტრმა „პოლიტიკური ხელთათმანი“ ისროლა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თინა ხიდაშელს მინისტრობის ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს, თან ამბობს, რომ მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს.
“საკითხი ძალიან მგძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში. თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის – რომ თუ აღნიშნული პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოეწონება, მან გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ – ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.irakli sesiashvilma aleksandre chikaidzes preventsiuli gantskhadebistvis madloba gadaukhada 11219
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკვე ძალაშია, პრემიერ-მინისტრს მიზანშეუწონლობის გამო, მისი გაუქმების შესაძლებლობა აქვს.
“აქ კიდევ ერთი სასაცილო მომენტი არის ის, რომ საგაზაფხულო გაწვევა სამ დღეში მთავრდება. თავდაცვის სამინისტრომ 1000 კაცი გაიწვია. საშემოდგომო გაწვევა დაიწყება აგვისტოში და ქალბატონი მინისტრი ამ ბრძანებას გამოსცემს დღეს, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწვევა. მას გაწვევაზე შეეძლო უარი ეთქვა არა ბრძანებით, არამედ საშემოდგომო გაწვევაზე განაცხადი არ გაეკეთებინა და ამით დამთავრდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის.
პრეზიდენტის განმარტებით, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.
„ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.margvela
სამხედრო – ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, საქართველოში სამხედრო სამსახურის მხრივ უნიკალური სისტემა არსებობს, სადაც ადამიანს თავად შეუძლია შეარჩიოს სამხედრო სამსახურის ფორმა. რაც ეხება თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებას, მისივე თქმით, ყველა მედალს ორი მხარე აქვს, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ გაამართლოს.
„სხვადასხვა დონის სამხედრო მეთაურებს ჩემთან საუბარში არაერთხელ უთქვამთ, რომ კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პერსონალთან ურთიერთობა სჯობს, რადგან მათი მართვის ბერკეტი საკონტრაქტო პირობებით არის განსაზღვრული და დისციპლინარული დევნის შემთხვევაში მისი ამოქმედება კანონით არის დარეგულირებული. რაც ეხება, სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ადრე იყო, „ჰაუპტვახტი“, რომელიც გაუქმებულია და დანაშაულის შემთხვეევაში, მეთაურს ჯარისკაცის დასჯის მექანიზმი არ გააჩნია. ამასთან, ჩნდება შეკითხვა, თუკი სავალდებულო გაწვევა აღარ იარსებებს, მაშინ ვინ უნდა შეასრულოს ის ფუნქცია, რომელსაც სამხედრო ძალებში ასეთი ჯარისკაცები აკეთებდნენ? თუკი შესრულებულ სამუშაოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურე დღეში 70 ლარს უხდიან, კონტრაქტორს იგივე ფუნქციის შესრულებაში 700-800 ლარი უნდა გადაუხადონ. თუკი ასე იქნება, ადვილად წარმოსადგენია, სახელმწიფო ბიუჯეტს რა წონის ტვირთი დააწვება. ამასთან, არსებობს ანალიზი და სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ მხოლოდ კონტრაქტორებით დაკომპლექტებულ არმიას ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. სავალდებულო სამხედრო სამსახური რა სახითაც გაგვაჩნია, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა გაუქმდეს, არამედ აუცილებელია მისი ეფექტურად გარდაქმნა“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.13553322_1312620092101296_384716814_n
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ლიტვის პრეზიდენტმა ქვეყანაში, სადაც გაუქმებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახური, მისი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობა პოლიტიკური სიტუაციისა და საფრთხეების მომძლავრების გამო დადგა. „ლიტვის პრეზიდენტი უპირველესად რუსეთის საფრთხის გაზრდას გულისხმობს და საქართველოში, სადაც რუსეთის გარდა, ისლამური ტერორიზმისა და სხვა მუქარები გაისმის, ასეთ დროს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა „არსენალის“ რედაქტორმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ:

„სიმართლე გითხრათ, აღარ ვგეგმავდი ჩვენი სამხედრო რეფორმების თემაზე გამოხმაურებას, სიტყვაც დავდე. თუმცა, მანევრისთვის დავიტოვე ინტერვიუები და განსაკუთრებული შემთხვევები.
საყოველთაო სავალდებულო სამსახური ზუსტადაც განსაკუთრებული შემთხვევაა, მეტიც, – ფუნდამენტალური საკითხია.amiransalukvadze
ერთი კვირაა თავს ვიკავებ და არ ვწერ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გავიგე, კერძოდ, სამხედრო ბლოკში საჰაერო თავდაცვის სფეროში რა იდეებიც ტრიალებს. ამიტომ, ამ თემაზე ალბათ ცალკე პუბლიკაციას დავწერ, რომელშიც მეტწილად თეორია და რჩევა იქნება.
რაც შეეხება სავალდებულო სამსახურის ერთპიროვნულად გაუქმებას,
ჩემთვის მიუღებელია საკითხის ასე დაყენება: “თუ შემდეგი მინისტრი მოისურვებს, მას მოუწევს ამ ბრძანების გაუქმება”.
ვინმეს ჯიბრში ვუდგებით? ასე დაყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ნიშნავს და წინასაარჩევნო ელფერს აძლევს.
რადგანაც ასე კატეგორიულად დგას საკითხი, შემდეგ მინისტრს შევუმსუბუქებ პასუხისმგებლობას და თუ ერთი რიგითი გენერლის პოზიცია რაიმეს ნიშნავს, მას ასეთნაირად ჩამოვაყალიბებ:
ა) მე რომ ვიყო დღეს თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლებამ (საკანონმდებლომ, სააღმსრულებლომ) სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – გადავდგები.
ბ) მე რომ დავინიშნო დღეს თავდაცვის მინისტრად, პირველი, რასაც გავაკეთებ, – ამ ბრძანებას გავაუქმებ.
გ) მე რომ ვიყო დღეს გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლებამ (საკანონმდებლომ, სააღმსრულებლომ) სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – გადავდგები.
დ) მე რომ დავინიშნო დღეს გენერალური შტაბის უფროსად, პირველი, რასაც მოვთხოვ თავდაცვის მინისტრს – გააუქმოს აღნიშნული ბრძანება.
მგონი ამომწურავად ავხსენი, თუმცა ავხსნი. მე არავინ მნიშნავს და დამნიშნავს არცერთ თანამდებობაზე, თუმცა ეს ჩემი პოზიციაა.
ამ პოზიციიდან ჩანს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობას გენერალური შტაბის უფროსსაც ვაკისრებ. თუ ის ეთანხმება, ეს მისი პოზიციაა და უნდა ახსნას. თუ ის არ ეთანხმება – ის ოფიცერია და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ახლა რაც ეხება თვითონ საკითხის არსს.
თავდაცვის სამინისტრო უკვე მეორედ არღვევს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს. ერთი თემაა რეზერვის და მობილიზაციის საკითხი, მეორე თემაა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა დღეს კიდევ ერთი თემა გაჟღერდა, ესაა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა. ასეთ საკითხზე ზედმეტი ხმაური არაა მიზანშეწონილი, მშვიდად უნდა აკეთო.
ყველა თემა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, არის უმაღლესი მთავარსარდლის, პარლამენტის და მთავრობის პრეროგატივა.
ასეული არ გაგვყავს სტიქიურ უბედურებაზე ,პრეზიდენტის ნებართვის გარეშე. სავალდებულო სამსახურს კი ცალმხრივად ვაუქმებთ.
ეს საკითხი უკვე მეორედ წამოიწია და პირველი ტალღის დროსაც, ისევე როგორც რეზერვის კონცეფციის საკითხზე, ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მაშინაც დავაფიქსირე.
მოკლედ გავიმეორებ ჩემი დამოკიდებულების მიზეზებს:
1. მსოფლიოში მხოლოდ სამად სამი ქვეყანაა, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო სამსახური. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. მათაც ომის დროს დიდი პრობლემები ექმნებათ და მშვიდობიან პერიოდში პრესტიჟული სამხედრო სამსახური უცებ ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
2. ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს ფორმატში, მთავრობაში, პარლამენტში და საექსპერტო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთანაც. მაგრამ, როცა იხილავთ არაპროფილურ „ენ-ჯე-ოებთან“ და არ გვიწვევთ ათობით გენერალს, ასობით ოფიცერს, რომლებიც ასევე ვართ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, არმიის გულშემატკივრები და საკითხის მცოდნეები, ეს არ გამოიყურება დამაჯერებლად (ეს რბილი შეფასებაა). აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო და სააღმსრულებლო შტოებს არ ეკითხებით.
სხვათა შორის, პარლამენტში ეს საკითხი ჩავარდა და გაუგებარია, როგორ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ წასვლა?!
3. ვსაუბრობთ, რომ არ გვჭირდება ძალად გაწვეული ჯარისკაცები. თუ ბევრია მოხალისე, გავიწვიოთ მოხალისეები. რა საჭიროა ამისათვის ვალდებულების გაუქმება? იქნებ და დაგვჭირდეს, რა უნდა ვქნათ?
4. სამინისტრო საუბრობს, რომ ვადიანი მოსამსახურის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საკონტრაქტოსი. ეს ასე არაა და ამაზე მთელი მსოფლიოა შეთანხმებული. ვინ თქვა, რომ საკონტრაქტო სამსახურში მოსამსახურეს ერთხელ ვამზადებთ და შემდეგ ის 4 წელი მსახურობს? ეს შეცდომაა. მას ვამზადებთ და შემდეგ ის 4 წელი მუდმივ ინტენსიურ წვრთნას გადის. აღარ ჩავუღრმავდები.
5. საუბრობენ, რომ ვადიანი მოსამსახურე დაკავებულია სამეურნეო საქმიანობით და საყარაულო სამსახურით. რატომ? დღეს ხომ აღარაა იმის პრობლემა, რომ სამეურნეო საქმიანობაზე ჯარისკაცები მოვწყვიტოთ? ნუ დავაკავებთ ცოცხით და დავაკავოთ იარაღით, წვრთნებით, სწავლებებით, საბრძოლო მომზადებით და 1 წლის შემდეგ ჩავრიცხოთ რეზერვში. თუ მოისურვებს, დავტოვოთ საკონტრაქტო სამსახურში. რაც შეეხება საყარაულო სამსახურს, ის არმიის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სხვათა შორის, ჩვენი არმია ავღანეთში საყარაულო სამსახურითაა დაკავებული, – ძირითადი ამოცანა ბაზის დაცვაა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართული არმიის ვეტერანებს, თადარიგის ოფიცრებს და გენერლებს ეს საკითხი არ გვეხება და არ უნდა განიხილოთ ჩვენთან ერთად, ცდება. ცუდბედობის ჟამს ჩვენ ხომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ? ჩვენ ვერასდროს ჩავთვლით თავს ჩვენს ქვეყანაში და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მიღმა“, – მიიჩნევს სალუქვაძე.

ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების საფუძველზე, უკვე შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ თავდაცვის მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება, ქვეყნის არსებული კანონმდებლობის, სახელმწიფოს გარე გამოწვევებისა და სპეციფიკური რეალობების გათვალისწინებით, აქტუალობას მალე დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები