გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 27-28 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერნის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდება. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება.
ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, მუშაობის დაწყება მთა-თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები