„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს

„ქართული ოცნება  – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს. ყრილობაზე დელეგატებმა გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
გიორგი ჩაკვეტაძე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკო-ში,  განათლება მიღებული აქვს ტალინის ტექნოლოგიების, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით.
გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის და ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობასა და ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიმუშაო გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად, რათა ერთობლივად შევიტანოთ ღირსეული წვლილი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნასა და მიღწეული წარმატებების განმტკიცების საქმეში. ჩვენ წინ გველის კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისათვის. ჩვენ ამ ბრძოლაშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ აფხაზ და ოს მეგობრებსაც მიმართა.
“მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო აფხაზ და ოს მეგობრებსაც, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, თანატოლებს სუფთა ხელებით შეგვიძლია თანაცხოვრება ერთიან, დემოკრატიულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები