ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები – როგორ განვითარდება მოვლენები?

სამხედრო–პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აფასებს და რეფერენდუმამდელ პერიოდსა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.

„ბრიტანეთის რეფერენდუმი. კრიზისი სავალუტო თუ სხვა ბირჟებზე. სამშაბათს TV ერთსულოვნებაში მომიწევს ამ თემაზე ერთ ჩემს მეგობართან ერთად მსჯელობა. ამიტომ ერთგვარ მოთელვას ჩავუტარებ საკუთარ თავს. გადაცემაში ასევე მსჯელობა იქნება ყარაბაღის საკითხზე.

ბრიტანეთის რეფერენდუმი დღეს მთავარი თემაა და ალბათ კარგა ხანს დარჩება, თუ ბრიტანეთის გასვლამ ჯაჭვური რეაქცია არ გამოიწვია.

ყველაზე პირველი კითხვა ის დამებადა, რომ დევიდ ქემერუნს გასვლა უნდოდა თუ დარჩენა? თუ დარჩენა უნდოდა, რატომ ჩაატარა რეფერენდუმი, ვინ ეხვეწებოდა? მესმის, რომ იყო განსხვავებული მოსაზრებები და საჭირო იყო ევროპული არჩევანის გამყარება. მაგრამ ასე იყო?

რატომ მებადება ეს ეჭვები? ნუთუ დიდი ბრიტანეთის პრემიერს არ ჰქონდა ინფორმაცია, კვლევები, პროგნოზები, რომ რეფერენდუმის შედეგები დაახლოები 50/50-ზე იქნებოდა? რატომ დააყენა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი სარისკოდ?

ვერავინ დამაჯერებს, რომ მას არ შეეძლო თავი აეწრიდებინა რეფერენდუმის ჩატარებისგან.

ახლა რაც შეეხება ქემერუნის სააგიტაციო სტრატეგიას.

რეფერენდუმის წინა პერიოდში ორი ხასიათის აგიტაცია მიმდინარეობდა:
1. გამოსვლის მომხრეები ყვებოდნენ რას ჰკარგავდა ინგლისი ევროკავშირში ყოფნით და რას მოიგებდა, თუ გამოვიდოდა ევროკავშირიდან.
2. დარჩენის მომხრეები, ანუ მოქმედი პრემიერ-მ,ინისტრი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, თუ რა მოელოდა ინგლისს ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში. ან უ სააგიტაციო სტრატეგია აწყობილი იყო მხოლოდ შანტაჟზე, რაც არაეფექტიანი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ რეფერენდუმის ბედი პენსიონერებმა გადაწყვიტეს. ეს ტენდენცია ჩვენთანაც იკვეთება.

ამ რეფერენდუმით ინგლისმა მეორე პრობლემა წამოჭრა – შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება. როგორც იცით, შოტლანდიელებმა ევროკავშირში დარჩენა ისურვეს, რაც ამ ორ სუბიექტს უკვე საპირისპირო მიმართულებებით აყენებს.

რეფერენდუმის შედეგებმა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბირჟებზე პანიკა გამოიწვია. თუმცა, როგორც ვაკვირდები ლარის კურსის ვარდნიდან დაწყებული, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი ვალუტები დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა, კერძოდ, ჩინური იუანი, ბრიტანული ფუნტი, ევრო, შვეიცარიული ფრანკი, ავსტრიული დოლარი, იაპონური იენი და ა.შ.

იგივე ხდება ჩვენს სამეზობლოში, ეცემა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი (აზერბაიჯანმა დღეს სავალუტო ჯიხურებში უცხოური ვალუტებით ვაჭრობაც კი აკრძალა). მხოლოდ, გვაურკვეველი მიზეზით, სომხური დრაჰმი მყარდება ამ პერიოდის მანძილზე. სომხეთში წელს ტურიზმის დიდი ტალღაა და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი.

კარგი იქნება (უკვე მერამდენედ ვწერ) ჩვენმა ეკონომისტებმა და ფინანსისტებმა დროული ანალიზი მიაწოდონ მოსახლეობას.

მოკლედ, ჩემი აზრით, ლარის კურსის ვარდნა მსოფლიო ბირჟებზე დოლარის გამყარებას უკავშირდება.

რყევებია ნავთობის ბაზარზეც. 8 ივნისიდან 16-მდე ბარელი რამდენიმე დოლარით გაიაფდა, შემდეგ ისევ გაძვირდა და 50 დოლარიან ნიშნულს გადასცდა, დღეს კი ისევ 2 დოლარით დაეცა.

იმედია მსოფლიო ბირჟებიც და ლარის კურსიც დასტაბილურდება.

დავუბრუნდეთ ევროკავშირის თემას. არაა გამორიცხული ანალოგიური რეფერენდუმი სხვა ქვეყნებშიც ჩატარდეს. ფრანგ მარი ლი პენს, რომელიც პრორუსულადაა განწყობილი, უკვე გაუხარდა დიდი ბრიტანეთის გამოსვლა.

სხვებთან ერთად, ძალიან დიდ გაურკვევლობაში არიან ევროკავშირის გაბერილ სტრუქტურებში მომუშავე ბრიტანელები და ბრიტანეთში მომუშავე ევროკავშირის წარმომადგენლები.

ზოგადად, ოდესმე ყველა ბლოკი და გაერთიანება იშლება, თუ საკუთარი თავის განკურნვაზე არ მუშაობს. ევროკავშირი კი, როგორც ვხედავთ ხოლმე, ბიუროკრატიზაციის გზაზეა. როცა სამსახურეობრივად დამჭირდა დღეები მოვუნდი ევროკავშირის სტრუქტურების გარკვევას, მაგალითად ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროპული კომისია, ევროპული პოარლამენტი და ა.შ. ამდენი სტრუქტურა მგონი სსრკ-ს არ ჰქონდა.

ავიღოთ ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხი. გადაიდო იმ მიზეზით, რომ არ აქვთ თავისუფალი ვიზების გაუქმების მექანიზმი. შეეძლოთ მარტივად და მოქნილად გადაეწყვიტათ, რომ მოეცათ ჩვენთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი იპ პირობით, რომ წლის ბოლომდე შეიმუშავებდნენ გაუქმების მექანიზმს და მიეღოთ როცა გაეხარდებოდათ.

ეს გაბერილი ბიუროკრატია იწვევს ძალიან დიდ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში ძირითად დონორ ქვეყნებზე აისახება. ამ ხარჯებს დაემატა მიგრაციის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ასევე ბიუროკრატიის და რთული პროცედურების გამო უჭირთ.

ინგლისი ამ პრობლემებს ცალკე უფრო მოქნილად გადაჭრის. ეკონომიკურადაც არა მგონია, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის პრობლემებს წააწყდეს და რაიმე წააგოს. თუმცა, რამდენიმე სცენარზე საუბრობენ და დანაკარგები 2,5-დან 5,5 მლრდ დოლარამდე ფარგლებშია.

რამდენად კარგად თუ ცუდად წავა ინგლისის საქმე, შესაძლოა პირდაპირი ასახვა ჰპოვოს ევროკავშირის ქვეყნების განწყობებზე. ანუ, თუ ინგლისის ეკონომიკა უკეთ განვითარდება, თუ მიგრაციის პრობლემებს და ტერორიზმის საფრთხეს უკეთ გაუმკლავდებიან, ეს სხვა ქვეყნებისთვის მანიშნებელი იქნება.

სანამ ევროპაში დისტრუქციული პროცესების ნიშნებია, აღმოსავლეთში ყველაფერი პირიქით ხდება.ევრაზიულ კავშირს და ე.წ. “ბრიკს”-ს რომ თავი დავანებოთ, ე.წ. “შოს”-იც (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაც) ფართოვდება.

როგორც იცით, ტაშკენტში ამ ორგანიზაციის მორიგი სამიტი იმართება. “შოს”-ში ჩინეთთან და რუსეთთან ერთად საბჭოთა კავშირის ყოფილი შუააზიური სახელმწიფოები არიან გაერთიანებულნი. წლევანდელ სამიტზე “შოს”-ს შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი. ამ უკანასკნელებთან ერთად “შოს”-ი მოიცავს ევრაზიის ტერიტორიის 60%-ს, მსოფლიოს მოსახლეობის 45%-ს და მსოფლიოს ერთიანი პროდუქტის 19%-ს.

ალბათ ახლა ყველაზე აქტუალურია ცნობილი კითხვა: “ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?”

რუსეთისგან ჩვენ არანაირი პოზიტიური სიგნალი არ მიგვიღია და არც მივიღებთ. ამიტომ, და არა მარტო ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ. ევროკავშირი არაა ნატო და ნატო არაა ევროკავშირი.

ნატო-ს იგივე პროცესები ჯერ-ჯერობით არ ემუქრება. უახლოეს წლებში ნატო დარჩება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად. შესაძლოა რომელიმე ქვეყანა, როგორც საფრანგეთი იყო, გამოვიდეს სამხედრო ხელშეკრულებიდან, თუმცა ბლოკს რღვევა ჯერ არ უწერია. თუმცა, ნატო-საც მოუწევს ფიქრი გახდეს მეტად მოქნილი, გამონახოს სახსრები საბრძოლო მზადყოფნის და შესაძლებლოებების გასაძლიერებლად.

ჩვენ ან თავიდანვე უნდა აგვერჩია სომხური სცენარი, ვიცოდით რა ჩვენი შიდა პრობლემები ჩადებული ავტონომიების ნაღმების სახით, მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი და პერქპექტივაში გვექფიქრა დაშორებაზე და არა ისე, როგორც გავაკეთეთ: ავირჩიეთ რუსეთისთვის მიუღებელი გზა, ჩავერთეთ ომში, ვიომეთ, წავაგეთ, შევედით დსთ-ში, შემდეგ წავედით ევროპისკენ (ცალი ფეხით დავრჩით დსთ-ში), შემდეგ ისევ ვიომეთ, ისევ წავაგეთ (ზოგმა მოიგო), შემდეგ გავედით დსთ-დან.

მთელ ამ გზაზე არაფერი მოგვიგია. თუ ისევ ფოფხვით მივუტრიალდებით, ისევ ვერაფერს მოვიგებთ.

ამიტომ, მივყვეთ ჩვენს გზას, რამდენადაც შორ პერსპექტივად არ უნდა მოგვეჩვენოს. ამავე დროს ვაწარმოოთ პრაგმატული და მშვიდი სამეზობლო პოლიტიკა, ვაშენოთ სახელმწიფო, განვავითაროთ ეკონომიკა და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. უკანასკნელთან მიმართებაში იცით ჩემი დამოკიდებულება და შეფასებებიც.“, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები