ამირან სალუქვაძე: რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება
სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე, რუსეთის არმიის ბოლო 10 წლის განვითარების ტენდენციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება.
ამირან სალუქვაძე მოსაზრების საფუძვლებს განმარტავს.
„1. რუსეთის არმიის ბოლო 10 წლის განვითარებას თუ ვაკვირდებით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის არმია მომზადების ბოლო ფაზაზე გადადის. კერძოდ, ესაა სამობილიზაციო მომზადება. უკვე ორი კვირაა, გრძელდება სამობილიზაციო წვრთნები. რუსეთი გადადის საკუთარი არმიის ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომისათვის მზადების ეტაპზე. ახლა არ შევუდგები ამ საკითხის დასაბუთებას, შევეცდები, ვრცელი სტატია მივუძღვნა.
2. რუსეთში დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკებები ყარაბაღის თემაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ს. ლავროვის უამრავი განცხადებისა, სიახლე შეეტანათ სტატუს-კვოში, განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეს. განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამჯერად მხოლოდ 6 უიარაღო დამკვირვებელი მოქმედებს. ვინც ჩემი ორი პუბლიკაცია წაიკითხა, ერთი ოთხდღიანი ომის (ასეთი ტერმინი მკვიდრდება) დაწყების დღეს, მეორე მოგვიანებით, დამერწმუნებით, რომ ანალიზი და პროგნოზი სწორი აღმოჩნდა.
3. რუსეთის “ურალვაგონზავოდის” დირექტორის, სიენკოს განცხადებით, ქარხანამ დაასრულა აზერბაიჯანისთვის ტ-90ს ტიპის ტანკების მიწოდება. დიახ, “ურალვაგონზავოდი” ვაგონების გარდა აწარმოებს ტანკებს: “არმატა”, ტ-90სმ და ტ-90ს.
კონტრაქტს ხელი 2010 წელს მოეწერა. ზოგადად, საინტერესო თემაა კავკასიის მილიტარიზაცია, რა ხდება მეზობლებთან, რა დონეზე ვართ ჩვენ? მასალებს ვამზადებ და შევეცდები წარმოგიდგინოთ.
4. რა ხდება ჩვენს არმიაში? ჯერ არ დავწერ, ავხსენი, რატომაც. თუმცა, თუ იმ საკითხის განახორციელება დაიწყეს, რაზეც მუშაობა დაიწყო, აუცილებლად დავწერ. ისე, მინდა გითხრათ, დიდი დანაშაული იყო კონტრდაზვერვის სამსახურის ჩამოშორება შეიარაღებული ძალებიდან. ასეთი თქმა იციან: “სახლში მარტო არ დაიტოვებაო“. დაახლოებით ასეა. ჯერ ამით შემოვიფარგლოთ“,- წერს ამირან სალუქვაძე.