ბიძინა ივანიშვილი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება
„ალბათობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი სექტემბრამდე მოგვარდება, გაზრდილია“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას დიდი სურვილი და იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ.
„ყველა შემთხვევაში საკითხი პოზიტიურად გადაწყდება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. დაველოდოთ, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს წლის ბოლოს, თუმცა ალბათობა იმისა, რომ საკითხი სექტემბრამდე გადაწყდეს, გაზრდილია.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა – ყველა ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც იყო საჭირო, რათა ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქართველ მოსახლეობას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურება არა საქართველოს მთავრობის, არამედ თვითონ ევროპული ქვეყნების პრობლემებთანაა დაკავშირებული.