საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა, სადაც ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმ ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.
„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება. ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები