თამარ ჩიბურდანიძე: ნარკოპოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დანაშაულების აღკვეთას უნდა მოჰყვეს სხვა სფეროებშიც კიდევ უფრო ძლიერი აქტივობები

„მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მკაცრი ნარკოპოლიტიკა უნდა ჰქონდეს დამნაშავეთა წინააღმდეგ,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართ ლიბერალური მიდგომა ქვეყანას დაღუპავს.

ექსპერტის თქმითვე, საჭიროა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება და ამ სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

„დღე არ გავა ინფორმაცია არ მივიღოთ ნარკოდამნაშავეთა დაკავების შესახებ. თითოეული აღკვეთილი დანაშაული ასობით გადარჩენილი სიცოცხლეა. მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მკაცრი ნარკოპოლიტიკა უნდა ჰქონდეს დამნაშავეთა წინააღმდეგ. ლიბერალური მიდგომები ამ საკითხში ქვეყნის დაღუპვაა. მომხმარებელთა მიმართ კი ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერებაა საჭირო.

ნარკოტიკებს ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ. ეს ასაკობრივი სეგმენტია სწორედ ჩვენი გენოფონდის გადარჩენაში გადამწყვეტი ძალა. ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდებში მცირდება ქორწინებათა რაოდენობა, ხოლო ქორწინებაში მყოფ პირებში იზრდება ახალშობილთა ჯანმრთელობის პრობლემები. დიდ ქვეყნებზე ეს პრობლემა იმდენად მძიმედ არ აისახება, როგორც ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერზე.

ნარკოდამნაშავეთა მიმართ მკაცრ პოლიტიკას უნდა მოჰყვეს ასევე ძლიერი ანტინარკოტიკული კამპანია. სპორტული აქტივობების პოპულარიზაციით ეს გარკვეულწილად ხორციელდება, მაგრამ უმთავრესად საჭიროა სკოლის ასაკიდან მოზარდებში და შემდეგ, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკებით გამოწვეული მძიმე შედეგების შესახებ. ეს კამპანია უნდა გაიშალოს მთელს ქვეყანაში ხანგრძლივი დროით, რადგან ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი საკმაოდ დიდია, ხოლო მათი გავლენით გამოწვეული შესაძლო მომხმარებლების რაოდენობა ალბათ კიდევ უფრო მეტი.

რადგან სახელმწიფომ დაიწყო ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელება, ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ხანმოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ასე გაგრძელდება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მას პარალელურად უნდა მოჰყვეს სხვა აქტივობებიც. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში, პრობლემის მოგვარების მთავარი იარაღია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები