რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა,- ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი, და ექვსი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
“სამძებრო სამუშაოების დროს Росавиация-ს Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი აქვს მოკიდებული. მაშველები შემთხვევის ადგილთან მიღწევას ცდილობენ”, – ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
თვითმფრინავი, რომელსაც ციმბირის რეგიონში დაფუძნებული ავიაკომპანია Angara მართავდა, რადარებიდან მაშინ გაქრა, როცა იგი ამურის რეგიონში დანიშნულების ადგილს, ქალაქ ტინდას მიუახლოვდა.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ხოლო საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა.