“მზის გულზე გაჩერებული სურსათის, მით უმეტეს, რძის პროდუქტების შეძენას ყველანაირად მოერიდეთ, ძალიან დიდი ალბათობით, სახლში პათოგენებს მიიტანთ” – “რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი
“მზის გულზე გაჩერებული სურსათის და მით უმეტეს რძის პროდუქტების შეძენას ყველანაირად მოერიდეთ, რადგან, დიდი ალბათობით, სახლში პათოგენებს მიიტანთ, შემდეგ უკვე თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც შეიძლება, ამით დაავადდეთ”, – ამის შესახებ „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რძის პროდუქტები აუცილებლად 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.
“პირველ რიგში, მომხმარებელმა ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: ნებისმიერ პროდუქტს ( სურსათზეა საუბარი), რომელსაც სუპერმარკეტში ყიდულობთ, ეტიკეტზე შენახვის პირობები ყოველთვის აწერია. შენახვის პირობები გვეუბნება, რომ რძის პროდუქტები აუცილებლად 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ. თქვენ თუ სადმე, გარეთ, მზის გულზე, გინდათ აგრარულ ბაზარში, მაჩვენებთ რძის პროდუქტს, რომელიც ორიდან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება, მაშინ გეტყვით, რომ ეს პროდუქტი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, იყიდოთ. თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და პროდუქცია, რომელიც გახურებული მზის სხივების ქვეშაა ალაგია, ეს შეიძლება იყოს მაწონი და რძე. პასტერიზებული რომც იყოს, პრობლემები მაინც იქმნება. პოლიეთილენის ბოთლებში არის, ხოლმე, ჩამოსხმული, ხომ? პლასტიკი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ, მზის პირდაპირი სხივები პროდუქტს ყოველთვის აფუჭებს. სითბოში პროდუქტში, მით უმეტეს, თუ ის არაპასტერიზებულია, პათოგენები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ერთი და ორი საათი თუ არის პროდუქტი მზეზე გაჩერებული, ჩათვალეთ, რომ იქ იმდენი პათოგენური ბაქტერია, ვთქვათ, ნაწლავის ჩხირი და ა.შ შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ მერე თქვენ ვერ გაიგებთ, ე.წ. ენტერობაქტერია თქვენს ორგანიზმში საიდან შემოვიდა. მზის გულზე გაჩერებული სურსათის და მით უმეტეს, რძის პროდუქტების შეძენას ყველანაირად მოერიდეთ, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით სახლში პათოგენებს მიიტანთ, შემდეგ უკვე თქვენც, თქვენი ოჯახის წევრებიც შეიძლება, ამით დაავადდეთ. შეიძლება, ამან სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს, მაგრამ ასეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება”, – განაცხადა კახა კონიაშვილმა.