POLITICO: უკრაინის მზაკვრული მტერი – მისივე ხელმძღვანელობაა

დემოკრატიული უკუქცევის მასშტაბები ამ კვირაში უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ორი ძირითადი ანტიკორუფციული სააგენტო გაათავისუფლა, რომლებიც მთავრობის მაღალჩინოსნებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამ ნაბიჯმა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით პირველი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია, – ამ თემასთან დაკავშირებით გამოცემა POLITICO ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

“როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უკრაინა ორი წყაროდან არის თავდასხმის ქვეშ. მისი პირველი და ყველაზე აშკარა მოწინააღმდეგე მოსკოვია, რომელსაც დიდი ხანია სურს ქვეყნის დაბრუნება იმ დროში, როდესაც ის კრემლის სათამაშო იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს კიდევ ერთი მზაკვრული მოწინააღმდეგე შიგნიდან – ქვეყნის საკუთარი, ნახევრად ავტოკრატიული ხელმძღვანელობა”,- წერია პოლიტიკოს სტატიაში.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იპყრობს, ასუსტებს სხვა მმართველ და რეგიონულ ინსტიტუტებს – მათ შორის ქვეყნის პარლამენტს და ამავდროულად, აშინებს კრიტიკოსებს, რათა ისინი აჟიოტაჟის კამპანიებით ან რუსეთის მარიონეტებად მოხსენიებით გააჩუმოს.

კიევში ასობით მომიტინგე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ხოლო ვეტერანების, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი ათობით სხვა ქალაქში, მათ შორის ლვოვსა და ფრონტის ხაზის ქალაქებში – ოდესასა და დნეპრში შეიკრიბა.

“პოლიტიკოს” ცნობით, აქციების მიუხედავად, ზელენსკიმ დაამტკიცა ახალი კანონი , რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს (NABU) და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე (SAP) მნიშვნელოვან უფლებამოსილებას პოლიტიკურად დანიშნულ გენერალურ პროკურორს გადასცემს.

“ზელენსკიზე საზოგადოებისა და ევროკავშირის ზეწოლის ზრდის ფონზე, უკრაინის ლიდერმა თავის ჩვეულ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მოთხოვნებზე რეაგირებისას ახალ კანონმდებლობას წარადგენს, რაც უზრუნველყოფს „ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმის დანერგვას“. გაურკვეველი რჩება, თუ რას გულისხმობდა ის. საზოგადოების აღშფოთება მის მიერ ასე ნაჩქარევად ხელმოწერილი კანონის გამო ვერ ჩაახშო.

სამშაბათს საღამოს თავის მიმართვაში ზელენსკიმ უკრაინელები დაარწმუნა, რომ მას არ ჰქონდა განზრახული არცერთი უწყების მუშაობის ძირის გამოთხრა და მიანიშნა, რომ ცვლილებები საჭირო იყო ამ ორგანოების რუსული გავლენისგან დასაცავად. მისი თქმით, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე – ის ამისგან უნდა გაიწმინდოს და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს” – წერია სტატიაში.

როგორც მედია აღნიშნავს, რა თქმა უნდა, NABU-სა და SAP-ის წარმომადგენლები კანონს თავიანთი მისიებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

„ფაქტობრივად, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა პარლამენტის 263 წევრის ხმებით დაიშალა“, – განაცხადა NABU-ს ხელმძღვანელმა, სემენ კრივონოსმა მთავარ ანტიკორუფციულ პროკურორთან, ალექსანდრ კლიმენკოსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ახალი კანონის დამტკიცებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ სიტუაცია უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებს დააზარალებს.

„ისეთი დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა NABU და SAPO, უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გასავლელად აუცილებელია“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები