105 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
,,105 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა”,- ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
,,ბანკის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის სახელით, ნოე რამიშვილმა მიმართა. ასევე, სიტყვით წარდგნენ ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა და ბანკის მმართველი იასონ ლორთქიფანიძე. იასონ ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების მიზნით მუშაობა 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო. 1919 წლის 31 დეკემბერს კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი “სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ”,- წერია ინფორმაციაში.