თბილისის სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“-ს პასუხობს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია ,,რუსთვი2“-ის მიერ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. „კვირა“ სასამართლოს განცხადებას უცვლელად გავაზობთ.
“მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტობრივად ერთადერთ საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2″-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილს და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები