რა შეეძლო გაეკეთებინა მთავრობას?!
საზოგადოება აცნობიერებს, რომ ეფექტიანი მმართველობა, საკადრო პოლიტიკა, სახელმწიფო სტრუქტურებში მეცნიერ-მკვლევარების რესურსი, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების შესრულებაზე ვალდებულების ზრდა ქმნის მძლავრ სახელმწიფო სისტემას.
დღეს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აღმოცენებულია ძველი პოლიტიკის პრიზმაში. შესაბამისად, არსებული პოლიტიკური მიზნების მიღწევის მექანიზმები მოძველებულია.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კითხვაზე, რა შეეძლო გაეკეთებინა მთავრობას, გამოვყოფთ შემდეგს:
- ქვეყანაში დაგვიანდა ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალის ათვისება. “სტიმულირების მიზნით გამოყოფილი თანხები“ საკმარისი არაა ახალი ბიზნეს მოდელების წარმოჩენის, პირდაპირი და არაპიდაპირი ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის, რადგან არ ეყრდნობა კონკრეტულად გაწერილ გეგმებს (აღნიშნული საკითხის არგუმენტირებას რამდენიმე ათეული სტატია და რამდენიმე გადაცემა მივუძღვენით);
- ქვეყანაში დაგვიანდა საქართველოს უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისება (ვგულისხმობთ უმაღლესი განათლების ექსპორტზე ორიენტირებას);
- ქვეყანაში დაგვიანდა მეცნიერ-მკვლევარების რესურსის ათვისება. გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური აქტივობის დაჩქარების საფუძველი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა რესურსშია, რომლის პოტენციალი აუთვისებელია; ქვეყნაში სადაც, მრავალწახნაგოვანი გამოწვევებია არ წარმოებს არსებული გარემოს (დარგების) შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირებისათვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერ-მკვლევარების რესურსის გამოყენება. ასევე, ახალი კვლევითი ინსტიტუტების შექმნა. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანა საჭიროებს „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ შექმნას, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი. ჯამში, რესურსამოწურულ პოლიტიკურ გარემოში, მეცნიერ-მკვლევართა რესურსი იგნორირებულია „პოლიტიკური ამბიციებით“ ;
არსებითია აღინიშნოს, რომ ჩვენი შეფასებები და წინადადებები არ ემსახურება კრიტიკას ან სისტემის მყიფე ადგილის წარმოჩენას.
ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ქვეყანაში შეუსწავლელი პრობლემების, კვლევის გარეშე წარმოჩენილი პროგრამებითა და გაუანალიზებელი პროცესების საფუძველზე არ განხორციელდეს მართვა, დაგეგმვა, ანალიზი და პროგნოზი, სტრატეგიებისა და პროგრამების შექმნა/განხორციელება. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში გარემოს განვითარების თუ დარგის განვითარების პროცესში (მაგალითად, ინტერნეტ-ბაზარი, ელექტრონული მთავრობის სისტემა) არ ხდება ქართველი მეცნიერ-მკვლევარების მიერ შექმნილი სტარტეგიული გეგმების თუ წინადადებების გათვალისწინება (კვლევის საფუძველზე სტრატეგიის შექმნა, რომელიც დაეყრდნობა საჭიროებებისა და მდგომარეობის სრული სურათის ცოდნას);
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება არგუმენტირებულ დასკვნებსა და ანალიზს. ხოლო რამდენად ითვალისწინებს მმართველობითი გარემო ასეთ რეკომენდაციებს, რამდენად აღიარებს მეცნიერ-მკლევარის რესურსს, რამდენად უწევს ანგარიშს, ამის ნათელი ფაქტები ჩვენს მიერ წარმოჩენილი სფეროს „არსებულ მდგომარეობაშია“ (თუმცა შეცვლილი და გადაკეთებული სახით გამოყენების ფაქტები ფიქსირდება).
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი პოლიტიკის ფონზე, ბუნებრივია, რთულია წარმოჩინდე, მითუმეტეს, როდესაც ემსახურები სახელმწიფო სისტემას და არა პოლიტიკურ სისტემას. იგნორირებული ხარ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისწრაფვი სახელმწიფო სისტემის გაძლიერებისაკენ მიმართული ინტელექტუალური პროდუქტების, რეკომენდაციების პაკეტისა და წინადადებების შექმნისკენ.
გულსატკენია, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები აქცენტს აკეთებს მეცნიერ-მკვლევარებზე, რომელიც არის მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნის საფუძველი, ხოლო ჩვენთან ასეთი პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობს.
საქართველო სასიცოცხლოდ საჭიროებს ქარიზმატულ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც გლობალური თუ ლოკალური გამოწვევების პირობებში: ქუდზე კაცს გამოიყვანს, ხელში იარაღს (შრომის იარაღებს) ააღებინებს, „ქვეყანას ააგუგუნებს“, შეძლებს თამამი რეფორმების გატარებას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. გახდება ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და საზოგადოების ერთიანობის სიმბოლო.
დაბოლოს, საქართველოში ევროპული ტიპის ეკონომიკის შექმნისათვის ოპტიმალურია ისეთი პოლიტიკური გარემოს ორგანიზების „პრინციპები“, სადაც, თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატს არ გააჩნია რესურსი და პოტენციალი (იგულისხმება კანონშემოქმედებითი, ქარიზმატული მმართველობითი უნარი, სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, საზოგადოების კოორდინაციის პოტენციალი, ინსტიტუტიციების ავტორიტეტის ზრდის რესურსი, პროგრამების შექმნისა და განხორციელების ძალა, რეფორმების გატარების ძალა) სამართლებრივი პასუხისმგებლობის „სიმკაცრის შიშით“ ვერ შეძლოს თანამდებობის დაკავება.
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე