ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ახალ გადაცემას გაუძღვება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ახალ გადაცემას გაუძღვება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საზოგადოება მისგან პოზიციის ჩვენებას ელოდება.
„რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტობას, როდესაც ძიების პროცესში ვიყავი, ვფიქრობდი, პოლიტიკიდან წასულს როგორ გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობა და როგორ დავხმარებოდი საზოგადოებას. ერთ-ერთი იყო, როდესაც გადავწყვიტე რომ შეიძლება ჟურნალისტი გავხდე, თუმცა მალევე ვთქვი უარი და მათქმევინეს უარი. ისეთი რეაქცია იყო, ეტყობა შემეშალა რაღაც. ჩემი ჟურნალისტობა არავის არ მოუნდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროფესიაა, ძალიან მშურს თქვენი და ძალიან მომწონს. იმ გადაცემების სერიის მსგავსს, რაც ჟურნალისტის როლში 20/30-ში გავაკეთე, სექტემბერშიც ვაპირებ. მოვახერხე მაშინ და ანალიზი გავაკეთე საზოგადოების ყველა შემადგენელი ნაწილის, გვქონდა გადაცემები პოლიტიკოსებზე, მედიაზე, ეკლესიაზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე, იგივეს ვაპირებ მომავალშიც და ასეთი ანალიზი მინდა შევთავაზო საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, როგორ გამომივიდა ეს ყველაფერი მაშინ და როგორ გამომივა სექტემბერში, ეს თქვენი შესაფასებელია, ამას მომავალში ნახავთ.
ამის სურვილი გამაჩნია ერთადერთი მიზეზით – რატომღაც მგონია, რომ საზოგადოება ელოდება ჩემგან ჩემი პოზიციის კარგად ჩვენებას. თუ შევატყვე საზოგადოებას რომ არ საჭიროებს, ვერ მნახავთ ვერც ტელევიზიაში და ვერც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ძალიან კომფორტულად ვიყავი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი და ძალიან მომწონდა რაც ავირჩიე ჩემი ცხოვრების წესად ადრე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები