იანოშ ჰერმანი: არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვიზალიბერალიზაციაზე

ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა-ვალდებულება ვიზალიბერალიზაციისთვის – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა იანოშ ჰერმანი ამბობს,რომ მას არ შეუძლია დაასახელოს ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვიზალიბერალიზაციაზე.
”აღნიშნული მოთხოვნები სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც წარმატებით გაიარა ქვეყანამ. ასე რომ, ეს არის წარმატება თქვენი საზოგადოების, რომელიც საერთო ჯამში, ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი და ეს მიღწევა არაერთხელ მივულოცეთ ქართველებს. თუმცა ვიზალიბერალიზაცია რომ ძალაში შევიდეს, გარკვეული საკანონმდებლო პროცედურების დაცვაა საჭირო, რომელიც თავის მხრივ, დროს მოითხოვს. ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა განხილვებისა და მსჯელობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუმცა მე არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები